ვიკინგები - პირველი ათასწლეულის დასასრულის სენსაცია

თითქმის ყველას გვსმენია ვიკინგებზე, ამ შეუდარებელ სკანდინავიელ მებრძოლებსა და მეზღვაურებზე, რომლებიც ლონდონიდან კიევამდე, ყველას შიშის ზარს სცემდნენ. ბევრმა იცის, რომ ისინი თავიანთი დროისათვის შეუდარებელი მეომრები იყვნენ, მაგრამ არც თუ ისე ბევრი მოგითხრობთ მათი სამხედრო წარმატებების სრული ფორმულის შესახებ. ტერმინი ვიკინგი არ მიეკუთვნება ერთ ეთნოჯგუფს, იგი აერთიანებს სკანდინავიელ და იუტლანდიელ ტომებს. ამ სტატიაში შევეცდები დავაზუსტო, თუ რა გამოარჩევდა ვიკინგებს იმავე პერიოდის სხვა ევროპელი მეომრებისგან. იმისათვის, რომ უკეთესად გავიგოთ, თუ რა უძღოდა წინ ვიკინგების თითქმის ყველა ლაშქრობის წარმატებას, უნდა დავუბრუნდეთ დასაწყისს.

793 წელი. ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისის სანაპირო. კუნძული ლინდისფარნი. ამ კუნძულზე პატარა მონასტერი იყო განთავსებული. კუნძულზე მცხოვრებ ბერებს უკვე ორი კვირა არ ასვენებდათ ძლიერი შტორმი. ერთ დღესაც შტორმი ჩაწყრა და კუნძულს ალყა ბურუსმა შემოარტყა. ერთი ახალგაზრდა ბერი სანაპიროზე მისეირნობდა, როდესაც მისი მზერა საშინელმა სურათმა შეიპყრო. კუნძულიდან არც თუ ისე შორს მან დაინახა გველეშაპის თავი, რომელიც კუნძულს უახლოვდებოდა. მალე მთელმა კუნძულმა შეიტყო საშინელ ურჩხულზე. მოულოდნელად, ბურუსი გაიფანტა და ბერებმა მთლიანი სურათი დაინახეს - ეს ურჩხული იყო გემი, რომელიც სანაპიროს მოადგა. გემიდან უცხოურად ჩაცმული მეომრები (ვიკინგები) გადმოვიდნენ. ბერებს მათთვის თითქმის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ვიკინგები დაუნდობლად გაუსწორდნენ ბერებს და მონასტრიდან საეკლესიო ძვირფასეულობა წაიღეს. მათი გაუჩინარებისთანავე, კუნძული ისევ ძლიერმა ბურუსმა მოიცვა.

ლინდისფარნზე თავდასხმა ვიკინგების ეპოქის დასაწყისი იყო.



ეს ამბავი ცეცხლივით მოეკიდა ევროპის ქრისტიანულ სამყაროს, რომელმაც ვიკინგები არც მეტი, არც ნაკლები, დემონებად შერაცხა. ვიკინგებმა თავიანთი ახალი ამპლუა გაამართლეს და ბრიტანეთის ნაპირებზე მონასტრების ძარცვა განაგრძეს. მათ თავიანთი რეიდების მასშტაბი გაზარდეს და უკვე 830 წლისთვის თავს ესხმოდნენ ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების სანაპირო სავაჭრო ქალაქებსა და მონასტრებს.


ამ რეიდების შემდეგ მათ უკვე საკმაოდ კარგად გაითქვეს სახელი ევროპაში. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ იმდროინდელ ევროპაში განათლების დონე ძალიან დაბალი იყო და ერთადერთი განათლებული ადამიანები საეკლესიო პირები იყვნენ. აქედან გამომდინარე, უბრალო გლეხებმა ადვილად აიტაცეს ბერების მიერ შექმნილი სურათი და ისე ეშინობათ ვიკინგების, როგორც ხანძრის. 840 წელს ფრანკთა მეფე ლოთარმა დანიელი ვიკინგები სამოქალაქო ომში გასამარჯვებლად დაიქირავა. ფრანკთა სამეფოში არასტაბილურმა სიტუაციამ ვიკინგების სხვა ტომებიც წააქეზა და მათ ფრანკებისგან ხარკის აღება დაიწყეს. ყაჩაღობის გარდა, ისინი აფუძნებდნენ სავაჭრო კოლონიებს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სანაპიროებზე. ამ კოლონიებიდან ყველაზე ცნობილი არის დუბლინი - ირლანდიის დედაქალაქი.


დროთა განმავლობაში, თავიანთი ყაჩაღური ინტერესების დასაცავად, ვიკინგებს სხვა სახელმწიფოებთან ომის დაწყება მაინც მოუწიათ. ვიკინგებს ამფიბიური სამხედრო სტრატეგია ჰქონდათ; ეს სტრატეგია ითვალისწინებდა გემებისა და ფეხოსნების მობილურ კოორდინაციას. ნებისმიერ ომში, ვიკინგების პრიორიტეტი მოულოდნელობის ეფექტი იყო; ისინი თავიანთი მობილური გემებით (დრაკარებით) ზღვიდან მდინარეში შედიოდნენ და მოწინააღმდეგის ქალაქებს სწორედმდინარეებიდან უტევდნენ. აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ იმ პერიოდში ევროპულ ციხესიმაგრეებს მდინარის მხრიდან არ ამაგრებდნენ, რადგან მდინარეს ბუნებრივ ბარიერად აღიქვამდნენ. ევროპელების ამ დამოკიდებულებამ ვიკინგებს მტრის სუსტად გამაგრებულ ზურგში მოულოდნელი დარტყმის მიყენებისადა შეტაკებამდე მტრის რიგებში პანიკის დათესვის საშუალება მისცა. ამის ნათელი მაგალითია ლონდონის აღება 879 წელს, როდესაც ვიკინგების სამდინარეო ფლოტმა თემზის ნაპირიდან საკმაოდ კარგად გამაგრებული ქალაქი დაიპყრო.


იგივე სტრატეგიით აიღეს და თითქმის გადაწვეს პარიზი 856 წელს, სანამ ფრანკთა მეფემ მათ გამოსასყიდი არ მისცაა.

ვიკინგების საბრძოლო ტაქტიკა მხოლოდ და მხოლოდ ფლოტზე დაფუძნებული არ ყოფილა. მათ ხშირად უწევდათ გემების გარეშე ბრძოლა, ამიტომ სახმელეთო ბრძოლებშიც ძალიან საინტერესო სტრატეგია ჰქონდათ. ვიკინგები ჯერ ფარის კედლის ფორმაციაში დგებოდნენ და მტერს მახვილებსა და ისრებს აქედან ესროდნენ. ამას ერთგვარი რიტუალური დატვირთვაც ჰქონდა, რადგან შუბისაგან დაღუპული მეომარი ბრძოლისათვის უღირსად მიიჩნეოდა.

ვიკინგებს ელიტური მეომრები ,,ბერსერკები" ჰყავდათ, რომლებიც, ვიკინგების რწმენით, არაადამიანური ძალით თვით ოდინმა (სკანდინავიური ღმერთების მეფე) დაასაჩუქრა. ისინი აბჯრის, ზოგჯერ კი ტანსაცმლის გარეშე, მოწინააღმდეგის პოზიციებისაკენ ხმლით ან ნაჯახით შეიარაღებულნიმირბოდნენ. ეს ქმედება მტრის რიგებში პანიკას ზრდიდა, რომელიც, ვიკინგების რეპუტაციის გათვალისწინებით,



ისედაც საკმაოდ დიდი იყო. თუ ბერსერკები მოწინააღმდეგის პოზიციას ბოლომდე ვერ დაშლიდნენ, შეტევაზე მთავარი ძალა გადადიოდა. მათი ქმედება იყო შემდგომი: ისინი მტრის პოზიციის ცენტრსმთელი ძალით უტევდნენ, ხოლო ცენტრის გარღვევის შემდეგ, მათ ზურგიდან და გვერდიდან უტევდნენ, რაც მტერს გადაჯგუფების საშუალებას აკარგვინებდა.


ვიკინგების ასეთ ხშირი ავანტურისტულ ქმედებების წყარო იყო მათი რწმენა ბრძოლის ველზე. სჯეროდათ, რომ მათი ბრძოლის ველზე სიკვდილი ვალკირიების გადაწყვეტილება იყო. ვიკინგებს დაღუპული გმირები ბრძოლის ველიდან ვალჰალაში სამუდამო ნადიმზე მიჰყავდათ.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვიკინგების რწმენით, ტყვედ ჩავარდნილი მეომრები ოდინისთვის უნდა შეეწირათ, რაც, რა თქმა უნდა, უბრალო ფეხოსნებისა და დიდებული ცხენოსნებისათვის საბრძოლო მორალი იყო.

ასევე, ვიკინგების ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოწინააღმდეგეზე ვიკინგების გარეგნობა ამძაფრებდა. ვიკინგები სახეს, უმეტესად თვალებსა და შუბლს, სპეციალურად მუქი ფერებით იღებავდნენ. ასეთი ერთგვარი საბრძოლო ,,მაკიაჟი" დიდ ეფექტს ახდენდა ვიკინგების მტრებზე (უმეტესად ქრისტიანებზე), რომელთა რწმენაშიც შავი ფერი, ძირითადად, სიკვდილს უკავშირდებოდა.

ვიკინგებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდათ ბადალი და ხარკსაც ყველა მათ უხდიდა, მაგრამ დასასრული ვიკინგების ერასაც ჰქონდა. 862 წლიდან ფრანკთა მეფე კარლ დიდმა სანაპირო დასახლებებისა და ქალაქების გამაგრება დაიწყო, რამაც ვიკინგების მომავალ რეიდებს ხელი შეუშალა. უფრო მეტიც - კარლმა ვიკინგები საფრანგეთში დაასახლა და მათ დღევანდელი ნორმანდია უბოძა. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ვიკინგებმა ქალაქის ასაღები მანქანების გამოყენება იცოდნენ, უბრალოდ, მათ არც ისე კარგად, როგორც ბრძოლა, რაც მათი ტრადიციის განუყრელი ნაწილი იყო.


ფრანკებისაგან ვიკინგები ინგლისზე გადაერთნენ და მანამდე დაარსებული თუ დაპყრობილი კოლონიებიდან ინგლისის დაპყრობის გაგრძელება დაიწყეს. მათ ამ საქმეშიც დამარცხება იგემეს. უკვე გაქრისტიანებული ნორვეგიის სამეფოს მეფე კნუდმა ინგლისზე იერიშები გაახშირა, თუმცა მისი სიკვდილის გამო ნორვეგიის მიწები მეფის შვილებმა დაინაწილეს. მათი გარდაცვალების შემდეგ კი ინგლისის მიწები ისევ მეფე ედუარდ აღმსარებელმა დაიბრუნა. ვიკინგების ასეთი სწრაფი დამარცხება ასევე იმას უნდა შევაწეროთ, რომ დროთა განმავლობაში მათ ასიმილაცია ინგლისის მკვიდრ მოსახლეობასთან მოახდინეს და თავიანთი დემონური სახე დაკარგეს. ამ დანაკარგის მთავარი მიზეზი კი იყო ვიკინგებისგაქრისტიანება - ხალხი მათ ბარბაროსებად და არაცივილიზებულ ტომებად აღარ თვლიდა.

სამხედრო განხრით ვიკინგების დამარცხებას ხელი შეუწყო ევროპულ არმიაში მძიმე კავალერიის გამოყენების გახშირებამ. იმ დროისთვის მძიმე ევროპულ კავალერიას (რაინდებს), თითქმის ვერაფერი დაუდგებოდა წინ, განსაკუთრებით ვიკინგების ფეხოსანი არმია. ვიკინგებს, ევროპელი რაინდებისგან განსხვავებით, ცხენოსნობის ტრადიცია არ ჰქონდათ და ამ ცხოველებს მხოლოდ ტრანსპორტის სახით იყენებდნენ.


გვიანი ვიკინგების არმიაში კი საბოლოო მინუსი გახდა ის, რომ მათი მოწინაღმდეგეების შეიარაღება ვიკინგებისას არაფრითჩამორჩებოდა. ამის ნათელი მაგალითი გახდა ვიკინგების ბოლო დამარცხება და მათი ეპოქის დასასრული 1066 წელს, სტემფორდის ხიდთან. ამ ბრძოლაში ერთმანეთს შეებრძოლაინგლისის ტახტის ორი პრეტენდენტი - ანგლოსაქსი ჰაროლდ გოდვინსონი და ნორვეგიის მეფე ჰაროლდ ჰარდრადა. ედუარდ აღმსარებლის სიკვდილის შემდეგ, ინგლისის ტახტზე პრეტენზია ორივეს ჰქონდა. ამ ბრძოლას ერთი საინტერესო მომენტი აქვს: როდესაც ვიკინგების არმია დამარცხდა, უკან დახევა სტემფორდის ხიდით გადაწყვიტეს, მაგრამ მათ ინგლისელები მისდევდნენ. ვიკინგების უკანა გზის დასაცავად ხიდზე ერთი ბერსერკი დადგა და ანგლოსაქსებს მანამდე აკავებდა, სანამ ერთმა ჯარისკაცმა მდინარის ნახევარი კასრის მეშვეობით არ გადაცურა და ვიკინგს ზურგში სასიკვდილო ჭრილობა არ მიაყენა

. ამის შემდეგ ისინი ვიკინგების არმიას მიუახლოვდნენ და ის საბოლოოდ დაამარცხეს. ვიკინგების ბოლო მეფე, ჰარალდ ჰარდრადაც ამ ბრძოლაში დაიღუპა.

სანდრო ასკურავა

26 views0 comments