"ვა, სოფელო..." - რეცენზია

Updated: Sep 4, 2021

არ შემეძლო, კითხვისას „1984“ არ გამხსენებოდა და არ გავოგნებულიყავი. გაზვიადებული მეგონა ის, რასაც ჯორჯ ორუელი საბჭოეთზე წერდა, სიმართლე, მაგრამ გაზვიადებული.


არადა, თურმე „სიძულვილის ორწუთეულიც“ არსებობდა, „აზრის პოლიციაც“. მოქალაქეების მიმხრობაც ბევრს მუშაობდნენ კომუნისტები. ახალი ენაც იქმნებოდა საბჭოთა კავშირში, უბედური აბრევიატურებით სავსე ახალი ენა. წამების მეთოდიც იგივენაირი იყო - ადამიანს იმით ემუქრებიან, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა და ასე აიძულებდნენ მორალურად მიუღებელი ქმედების ჩადენას. საბჭოეთი ადამიანის დამცირებასა და სულიერად დაცემაზე იყო მიმართული.


სწორედ ასეთ ამბებს მოგვითხრობს „ვა, სოფელო...“


მოგვითხრობს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარზე, როდესაც საქართველოშიც ჩამოდიოდნენ კომუნისტური იდეებით განმსჭვალული ქართველი თავადაზნაურები, უსამართლობის დამარცხება და თანასწორობის დამყარება რომ ჰქონდათ გადაწყვეტილი.


მოგვითხრობს გასაბჭოებასა და ოციან წლებზეც; ხალხის თავდაპირველ პროტესტზე, გასაბჭოებას რომ მოყვა, შემდეგ 1924 წლის საშინელ ამბებზე და... უცაბედ გამოღვიძებაზე.


მოგვითხრობს სრულიად სხვა სამყაროზეც, რომელსაც 37 წელი ჰქვია. სრულიად გამოცვლილ დროებაზე, გამოცვლილ ხალხზე... ავტორი მოგვითხრობს, თუ როგორ გამოიცვალა ხალხი და როგორ გახდა დაუნდობელი, როგორ აიძულა რეჟიმმა ხალხს თანამშრომლობა და შეუბრალებლობა. 37 წელს მითიური მტრებიც ჰყოლიათ - კაპიტალისტები და იაპონელი ჯაშუშები. „ხალხის მტრებს“ ბრალად ედებოდათ თურმე აბსურდული დანაშაულები და მკითხველს აუცილებლად გაახსენდება კახი კავსაძე „მონანიების“ დაუვიწყარ ეპიზოდში...


მოგვითხრობს 53 წელზეც, სტალინის გარდაცვალების, დიდი გლოვის წელიწადზე. ამ დროს უკვე სიმშვიდეა ქვეყანაში - საბჭოთა ადამიანი გამოწრთობილია. ჩაცხრილვებმა, გადასახლებებმა, პარტიულმა აღზრდამ გამოიღო დამპალი ნაყოფი...


ზაირა არსენიშვილი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიის მართლაც საოცარი მემატიანეა.

გარდა ისტორიული მოვლენების ბრწყინვალე ანალიზისა, ნაწარმოებში იმდენი საინტერესო პერსონაჟი თუ ამბავი გვხვდება... მთხრობელი, სახელად რუსიკო, თელავის თითოეული მაცხოვრებლის ისტორიას გვიყვება. თავის, ბებია რუსუდანის, ბებია ევას, სპირიდონას, მაროსა და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი ვიღაცის ამბავს გვიყვება! ჩემთვის უსაყვარლესი გმირი, ბებია რუსუდანი, ყოველთვის ისე მოულოდნელად, მოკლედ აფასებს მოვლენებს, თანაც ისე განზოგადებულად გამოხატავს აზრს, აუცილებლად რომ უნდა ამოიწერო.


გამორჩეული გმირია ევაც, მოხუცი ქალი, რომელიც მუდამ ტყეში სეირნობს და თავის წარსულ სიყვარულზე ფიქრობს. წმინდა იყო ის სიყვარული, წრფელი და ერთსულოვნების განცდით გაჟღენთილი, ისეთი, როგორისაც ყველას შურს. შურს სპირიდონასაც, ერთ ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ, მამის მიერ ხელნაკრავ, გაბოროტებულ ბიჭს...


საერთოდ, ნაწარმოებში მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვობაში მიღებული ტრავმები, გამოცდილებები, რომლებიც ზრდასრულობაში ბოროტებად აისახება. ავტორი თითოეულ პერსონაჟში ეძებს ბოროტების საწყისებს და მისი ყოველი პერსონაჟი მრავალმხრივია. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არის ჩემთვის საინტერესო „ვა, სოფელო...“


მნიშვნელოვანი გმირია მაროც. თვითკმაყოფილი ქალია, თვალთმაქცი, უსინდისო და ბოროტი. ამ ბოროტების პირველმიზეზიც არასრულფასოვნება და შურია, სილამაზისა და თავისუფლების შური... ამიტომაც დადის სულ ნერვებმოშლილი. „ჯავრის ამოყრისაა ეს ქვეყანა“ - ამბობს მარო და მართლა მიკვირს, თუ როგორ ახერხებს ავტორი ამ რამდენიმე სიტყვით მაროს სათქმელის ასე ზუსტად გამოხატვას.

„ვა, სოფელო...“ იმითაცაა საინტერესო, რომ ავტორი ქალია და დაწვრილებითაა გაანალიზებული პატრიარქალური საზოგადოების მახასიათებლები, ტრადიციული ოჯახური ცხოვრება, კაცის მოლოდინები და მოთხოვნები, და ბოლოს, ქალის დამოუკიდებლობის ფასი.


წიგნი საოცრად არის გაჟღენთილი ბუნებასთან, სამყაროსთან, უფალთან და მიღმისეულთან სიახლოვის შეგრძნებით... წიგნში ჩართული ამონარიდები ვეფხისტყაოსნიდან და ბებია რუსუდანის ემოციური ლექსები კიდევ პატარა ამოცანებივით არიან, რომლებშიც წიგნის მთავარი სათქმელი უნდა ამოიცნო. წიგნში რეალობასთანაა შეზრდილი მითოსი და ბავშვის წარმოსახვა და ისეთი შეგრძნება ეუფლება მკითხველს, თითქოს სხვა სამყაროში შეაბიჯაო...


ბოლოსთვის შემოვინახე ჩემი საყვარელი რეპლიკა ბებია რუსუდანისგან, მინდა, გაგიზიაროთ ნაწარმოების სევდანარევი სითბო: „რაკი ღმერთმა ჩვენ ერთმანეთის თავი გვარგუნა, ჩვენი ვალია, გავიგოთ ერთმანეთისა და ჩავუღრმავდეთ ერთმანეთს...“


ავტორი: ნინი სუბარი


65 views0 comments