უცნობი გმირები

Updated: Sep 4, 2021


ლეპა რადიჩი

მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათი უმეტესობა სამხედრო პირები, ხოლო დანარჩენი მოქალაქეები იყვნენ. ისინი გენოციდმა, შიმშილმა, საჰაერო თავდასხმებმა თუ დაავადებებმა შეიწირა. გერმანელი სამხედროების მიერ მოკლულთა შორისაა 17 წლის სერბი გოგონა, ლეპა რადიჩი.

ლეპა 1925 წელს, დღევანდელი ბოსნია-ჰერცოგოვინას ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაიბადა. გოგონას სკოლაში სერიოზულობა და შრომისმოყვარეობა ახასიათებდა. ასევე, დაინტერესებული იყო ლიტერატურით. ლეპა მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც რომი-ბერლინი-ტოკიოს ძალები 1941 წლის 6 აპრილს მაშინდელ იუგოსლავიაში შეიჭრნენ და ქვეყანა დაანაწევრეს.

მას შემდეგ ჩამოყალიბდა ორი ძირითადი დაპირისპირებული სამხედრო ძალა: “ჩეტნიკები” გენერალი დრაჟა მიხაილოვიჩის მეთაურობით და “პარტიზანები” მარშალი იოსიპ ბროზ ტიტოს ხელმძღვანელობით. პირველი ძალის მთავარი მიზანი მათი მოსახლეობის დაცვა და იუგოსლავიაში ძველი მონარქიის აღდგენა იყო, რა მიზეზითაც ისინი გერმანიასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ. პარტიზნები კი ეწინააღმდეგებოდნენ ჩეტნიკების მოქმედებას და დამოუკიდებელი სოციალისტური სახელმწიფოს შექმნისკენ ილტვოდნენ.

ამავე წლიდან ლეპა და მისი ოჯახი ჩართულნი იყვნენ პარტიზანთა ჯგუფის მოქმედებებში. რადგან მისი ბიძებისა და მამის ქმედებები მტრისას უპირისპირდებოდა, 1941 წლის ნოემბერში ლეპას ოჯახი დააკავეს, თუმცა, არა დიდი ხნით. სულ რამდენიმეკვირიანი პატიმრობის შემდეგ პარტიზანთა დაჯგუფებამ მათი გათავისუფლება მოახერხა, რის შემდეგაც ლეპა და მისი და პარტიზანთა ჯგუფის ოფიციალური წევრები გახდნენ.

ლეპა 2 წლის განმავლობაში დიდი მონდომებით მუშაობდა ფრონტის წინა ხაზზე - გადაჰყავდა დაშავებულები და მოსახლეობის დაუცველ ნაწილს გაქცევაში უწყობდა ხელს. აღსანიშნავია, რომ მან კოზარასა (1942) და ნერეტვას (1943) ბრძოლებშიც მიიღო მონაწილეობა.

1943 წლის 8 თებერვალს, ქალაქ ბოსანსკა კრუპაში ლეპა დაახლოებით 150 ქალისა და ბავშვის გაქცევის გეგმას აწყობდა, როდესაც გერმანელმა ჯარისკაცებმა, თავდაცვის მცდელობის მიუხედავად, იგი დააკავეს. სამი დღის განმავლობაში გამოკეტვისა და წამების მეშვეობით მტერი ცდილობდა, მისგან თანამებრძოლების ვინაობა შეეტყო, თუმცა, ლეპა არ შეუშინდა მათ მუქარას და საკუთარი მოძმეები და ქვეყანა დაიცვა. სამი დღის შემდეგ კი საჯარო ადგილას 17 წლის გოგონას ჩამოხრჩობის პროცესი დაიწყო. სიკვდილამდე მას სახელების სანაცვლოდ გათავისუფლებას დაჰპირდნენ. ამ შეთავაზებაზე ლეპას პასუხის რამდენიმე ვერსიაარსებობს:

„მე არ ვარ ჩემი ხალხის მოღალატე. თქვენი სამიზნეების ვინაობას მაშინ გაიგებთ, როდესაც ისინი თქვენზე გაიმარჯვებენ“

„თქვენ მათ ვინაობას მაშინ შეიტყობთ, როდესაც ჩემთვის შურის საძიებლად მოვლენ“

თავზე ყულფის ჩამოცმისას კი იყვირა:

„დღეგრძელი იყოს პარტიზანული მოძრაობა! იბრძოლეთ ხალხო, თქვენი თავისუფლებისთვის! არ დანებდეთ ამ ბოროტმოქმედებს! მე მომკლავენ, მაგრამ ჩემთვის შურისმაძიებელნი მაინც არსებობენ!“

გამათავისუფლებელი ბრძოლის შედეგად, 1945 წლის 15 მაისს იუგოსლავიამ დამპყრობელზე გამარჯვება იზეიმადა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1951 წლის 20 დეკემბერს ლეპა რადიჩს ხალხის გმირის ორდენი გადაეცა და იმ დროისთვის ამ ორდენის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა.


მაშა ბრუსკინა


მაშა 1924 წელს მინსკში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1941 წლის ივლისში გერმანული არმიის შემოსვლის გამო მისი ოჯახი იძულებული გახდა, ქალაქის გეტოში გადასახლებულიყო. მაშა მხოლოდ 17 წლისა იყო, როდესაც მინსკის წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა.

მაშა მედდა იყო. მისმა ერთ-ერთმა პაციენტმა უღალატა მას, რის შედეგადაც გერმანელებმა 1941 წლის 14 ოქტომბერს მაშა დააკავეს. იგი დაიჭირეს მაშინ, როდესაც მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ დაჭრილ ჯარისკაცებს სამოქალაქო ტანსაცმელსა და დოკუმენტებს აწვდიდა.

დღეების განმავლობაში მაშას ინფორმაციის გამოძალვის მიზნით აწამებდნენ, თუმცა უშედეგოდ. 20 ოქტომბერს მან დედას მისწერა:

„მტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ ძალიან განერვიულე. არ იდარდო, ცუდი არაფერი მომსვლია. გპირდები, რომ ჩემ გამო უსიამოვნებას აღარ გადაეყრები. თუ შეძლებ, გთხოვ გამომიგზავნე ჩემი კაბა, მწვანე ბლუზა და თეთრი წინდები. მინდა კარგად მეცვას, როცა აქაურობას დავტოვებ.“

ჩამოხრჩობამდე მაშასა და სხვა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს ფოტო გადაუღეს. მაშას დააძალეს პლაკატის ტარება, რომელზეც ეწერა: „ჩვენ ვართ პარტიზანები და ვესროლეთ გერმანელ ჯარისკაცებს.“

მოწმის მიხედვით, მაშა ბოლო წუთამდე მშვიდი იყო:

„ჯერ შუადღე არ იყო, როდესაც ქუჩაში გერმანელი და ლიტველი ჯარისკაცები დავინახე. ხიდიდან გადმოიყვანეს სამი პატიმარი, რომლებსაც ხელები ზურგსუკან ჰქონდათ შეკრული. შუაში იყო გოგონა, გულმკერდზე პლაკატით. ისინი საფუარის ქარხნამდე მიიყვანეს. შევამჩნიე პატიმრების უშფოთველობა. გოგონამ გარშემო არ შემოიხედა... სახრჩობელაზე პირველი გოგონა მიიყვანეს.“

მაშა ბრუსკინა პირველი მსოფლიო ომის ვეტერან კირილ ტრუსთან და 16 წლის ვალოდია შჩერბაცევიჩთან ერთად 1941 წლის 26 ოქტომბერს ჩამოახრჩვეს. მათი გარდაცვალება სურათებით აღბეჭდა ერთ-ერთმა ლიტველმა ვერმახტის კოლაბორაციონისტმა.


ნადა დამიჩი


ნადა დიმიჩი 1923 წლის 6 სექტემბერს დღევანდელ ხორვატიაში, სოფელ დივოსელოში დაიბადა. 15 წლის ნადა უკვე ჩართული იყო გერმანელთა წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობებში. 1941 წლის ივნისში ის შეუერთდა პირველ პარტიზანულ ჯგუფს ბრეზოვიცაში, სისაკთან და მონაწილეობა მიიღო სისაკ-ზაგრების რკინიგზის საბოტაჟებში.

1941 წელს, როდესაც ქალაქის პარტიის ორგანიზაციებსა და ქალაქგარე მომუშავე ჯგუფებს შორის კავშირები დაირღვა, დიმიჩს ამ კავშირების აღდგენა დაევალა. ის სისაკში კაცად გადაცმული წავიდა, თუმცა უსტაშეს აგენტებმა ამოიცნეს და დააკავეს. სისაკის ციხეში მას აწამებდნენ, მაგრამ ნადამ არავინ გასცა, რის შემდეგაც ჯერ ზაგრების ციხეში, მერე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან ნადა ზაგრების პარტიის დახმარებით კორდუნის რეგიონში გაიქცა და მუშაობა გააგრძელა.

1941 წლის 3 დეკემბერს, კორდუნში ხალხის გადაყვანის მცდელობისას, უსტაშემ ნადა ისევ დაიჭირა. პოლიციამ მას ვინაობის გამხელა მოსთხოვა, რაზეც ნადამ ერთ-ერთი აგენტის მოკვლით უპასუხა. ის თავდაპირველად კარლოვაცში წაიყვანეს, შემდეგ კი ზაგრების ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს.

1942 წლის თებერვალში 18 წლის ნადა ციხის ბანაკში მოათავსეს. 17 მარტს, წამების შემდეგ, ნადა მსროლელმა რაზმმა მოკლა.

ზაგრების ერთ-ერთი ქარხანა, ერთი ქუჩა და სკოლა, სადაც დადიოდა, მისი სახელობისა იყო. ახლა მის სახელს ეკონომიკის სკოლა ატარებს. 1951 წლს ივლისში იოსიპ ბროზ ტიტოს, შემდეგ კი იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ნადა დიმიჩს ეროვნული გმირის წოდება ერგო.

განმათავისუფლებელი ბრძოლის შედეგად, 1945 წლის 15 მაისს იუგოსლავიამ დამპყრობელზე გამარჯვება იზეიმა და დამოუკიდებლობა მოიპოვა.


ლეპა რადიჩის, მაშა ბრუსკინასა და ნადა დიმიჩის მსგავსი მებრძოლი ბევრი იყო, თუმცა მათი ისტორიები ნელ-ნელა ქრება. ჩემი სურვილია, მათი ამბები ბევრმა იცოდეს, რათა მათი ბრძოლა, წინააღმდეგობა და შეუპოვრობა არ იქნას დავიწყებული.


სტატიის ავტორი: მარიამ მიშიძე

126 views0 comments