The Velvet Underground & Nico - როკის უკვდავი ალბომი

Updated: Sep 4, 2021

როკ-მუსიკა ინოვაციებით სავსე ჟანრია. ყოველი თაობის როკი განსხვავებულია მისი წინაპრების როკისაგან. როკის ყოველ მიმდინარეობას ჰყავს ჯგუფები, რომლებიც ცვლიან და აახლებენ ჟანრს, რათა ის სულ ახალივით დარჩეს. მაგრამ ზოგჯერ როკ-ჯგუფი გამოუშვებს ალბომს, რომელიც არა მარტო თავისი პერიოდის როკს, არამედ მთლიან ჟანრზე დიდ გავლენას იქონიებს. ერთი ასეთი ჯგუფი იყო “The Velvet Underground” - მათ თავიანთი სადებიუტო ალბომით “The Velvet Underground & Nico” სრულიად შეცვალეს როკის ხმა და როკის მრავალ ახალ ჟანრს ჩაუყარეს საფუძველი.


“The Velvet Underground”-ის ისტორია დაიწყო 1964 წელს, ნიუ-იორკში, როდესაც გიტარისტი ლუ რიდი მევიოლინე ჯონ კეილს შეხვდა. ლუ რიდი 1942 წელს, ბრუკლინში დაიბადა. ის ბავშვობაში ძალიან ასოციალური იყო და თავისი დროის დიდ ნაწილს მუსიკას უთმობდა. ლუმ გიტარის დაკვრა რადიოს მეშვეობით ისწავლა და სკოლაში რამდენიმე როკ-ენ-როლის ჯგუფსაც შეუერთდა. რაც შეეხება ჯონ კეილს, ის ირლანდიელი მევიოლინე იყო, რომელიც ამერიკაში კლასიკური მუსიკის შესასწავლად ჩავიდა. ის იქ ავანგარდისტულ ჯგუფში, "Theatre of Eternal Music"-ში გაწევრიანდა. რიდმა და კეილმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ორივეს უყვარდა ექსპერიმენტული და ავაგნარდისტული მუსიკა. მალე ერთად დაკვრაც დაიწყეს. იმავე წელს მათ დაარსეს ჯგუფი რიდის თანაკურსელთან, გიტარისტ სტერლინგ მორისონთან და კეილის მეგობარ ანგუს მაკლისთან ერთად, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. ჯგუფის სახელი აიღეს იგივე სახელწოდების მქონე წიგნისაგან. წიგნი 60-იანი წლების ამერიკის კულტურული ცვლილების ნაწილი იყო, როდესაც მიჩქმალულ, მიწისქვეშა ქმედებებზე საუბარი მეინსტრიმში შემოდიოდა. ჯგუფის წევრებს მოეწონათ როგორც სახელის ჟღერადობა, ასევე შინაარსი - მათი სიმღერებიც ასეთივე ტაბუირებულ თემებს ეხებოდა. 1965 წელს ანგუსთან უთანხმოების გამო ბენდის სხვა წევრებმა ის დრამერი მორინ "მო" ტაკერით ჩაანაცვლეს. 1966 წელს მათ დაკვრა ნიუ-იორკის კაფე ბიზარეში დაიწყეს, სადაც დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვეს. მაგრამ ერთ დღესაც, ამ კაფეში მათ პოპარტისტი ენდი უორჰოლი შეხვდათ, რომელსაც ბენდის მუსიკა მოეწონა. ის მალევე მათი მენეჯერიც გახდა, რაც დიდად დაეხმარა ჯგუფს პოპულარობის მოპოვებაში და მალე “Verve Records”-თან კონტრაქტიც გააფორმეს.


1967 წელს ჯგუფმა გამოუშვა თავიანთი პირველი ალბომი “The Velvet Underground & Nico”. უორჰოლმა ჯგუფს შესთავაზა ალბომში დაემატებინათ გერმანელი ქალი მსახიობი ნიკო, რომელიც უორჰოლის დამდენიმე ფილმში თამაშობდა. ჯგუფი თავიდან ამ შეთავაზების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა და ნიკომ ალბომის სამი სიმღერის (Femme fatale, All Tomorrow's Parties და I'll Be Your Mirror) ვოკალები შეასრულა. ალბომის ყდის დიზაინისთვის უორჰოლმა დახატა ბანანი და ნახატს პატარა ასოებით დააწერა “peel slowly and see”. ამ ბანანის კანის აძრობისას, მის ქვეშ გაფრცქვნილი ვარდისფერი ბანანი ჩნდება.

ალბომმა გამოსვლისას ვერანაირ კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია. არ შეიძლება ბრაიან ინოს ცნობილი ფრაზა არ ვახსენო: “ველვეტ ანდერგრაუნდი და ნიკო იყიდა მხოლოდ 30 000 ადამიანმა, მაგრამ ყველამ, ვინც ის იყიდა, შემდეგ დღეს ჯგუფი დაარსა”. ეს ცოტათი გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ ველვეტ ანდერგრაუნდის როკზე გავლენას რომ დავაკვირდეთ, ფრაზა სიმართლეს ემსგავსება. Nirvana, The Strokes, U2, R.E.M. და დეივიდ ბოუი ამბობენ, რომ ველვეტებმა მათ მუსიკაზე დიდი გავლენა იქონიეს. და არა მარტო ისინი, allmusic-ის მუსიკალური მონაცემთა ბაზის მიხედვით, ველვეტ ანდერგრაუნდი მუსიკალური გავლენების სიაში მეხუთე ადგილს იკავებს ბითლზის, ბობ დილანის, როლინგ სტოუნზისა და დეივიდ ბოუის შემდეგ. დღეს ეს ალბომი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომად ითვლება როკ-მუსიკის ისტორიაში. 2003 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში მე-13 ადგილზე დააყენა, საუკეთესო სადებიუტო ალბომების სიაში კი - მე-5 ადგილზე.


"The Velvet Underground & Nico"-ს გამოარჩევს თავისი უნიკალურობა. ალბომში ორ ერთნაირ სიმღერას ვერ იპოვით. ალბომის პირველი სიმღერა - Sunday Morning - არის თბილი, ატმოსფერული სიმღერა. მას მოჰყვება I'm Waiting For The Man, რომელიც სრულიად იცვლის სტილს უხეში, გარაჟ-როკისაკენ (Garage rock). ალბომში სიმღერები Venus In Furs და All Tomorrow's Parties გოთური როკის წინაპრებად ითვლება. ბნელი ლირიკული თემები, რომლებიც ამ სიმღერებს ახასითებს, გოთური როკის დიდ ნაწილი გახდა. ნიკოს უნიკალური ვოკალები All Tomorrow's Parties-ში ამ ჟანრისათვის დიდ გავლენად ითვლება. ნიკოს სოლო ალბომი "The Marble Index" პირველ გოთურ ალბომად ითვლება. I'm Waiting For The Man მნიშვნელოვანი პროტო-პანკის სიმღერაა. მისი ჩქარი ტემპი და უხეში გიტარა დიდ ინსპირაციად იქცა მრავალი პანკ-როკ ჯგუფისათვის. ლუ ამ სიმღერაში ნარკოტიკების ყიდვაზე მღერის. ასეთ სახიფათო თემებზე სიმღერა პოპულარული იყო პანკ-როკში.


ველვეტებს გამოარჩევდათ დაკვრის არატრადიციული სტილი. ლუ რიდს თავისი გიტარის არასტანდარტულ ტონალებებზე დაყენებდა უყვარდა. ის ზოგჯერ გიტარის ყველა სიმს ერთსა და იმავე ნოტზე აყენებდა, რაც გიტარას ზუზუნის ხმას აძლევდა. მან ამას "Ostrich tuning" უწოდა. ჯონ კეილი კი როკ-მუსიკაში იშვიათად გამოყენებულ ინსტრუმენტს, ელექტრონულ ვიოლინოს იყენებდა. მო ტაკერის დრამებზე დაკვრის სტილიც საკმაოდ გამორჩეული იყო. მას დაკვრისას ჯდომას დგომა ერჩივნა. მო თეფშებს იშვიათად იყენებდა, რადგან მისი აზრით ის სხვა ინსტრუმენტებს ფარავდა. ველვეტების ლირიკებიც არასტანდარტული იყო. ლუ რიდი ბევრ ისეთ თემაზე წერდა სიმღერებს, რომლებზეც რადიოში ცენზურა ძლიერად ვრცელდებოდა, მათ შორის: ნარკოტიკების მოხმარება, დამოკიდებულება, პროსტიტუცია და ა.შ. სწორედ ამის გამო, რადიო ველვეტების სიმღერებს არ უკრავდა და მათ თავინათ მუსიკის გავრცელების საშუალება არ მიეცათ. მაგალითად, სიმღერა Heroin თავისი სახელის გამო რადიოში აიკრძალა.


ალტერნატიული როკი, პანკ-როკი, ინდი-როკი, პოსტ-პანკი, ინდუსტრიული როკი. ამ და კიდევ მრავალი სხვა ჟანრის ელემენტები პირველად სწორედ ველვეტების სადებიუტო ალბომში ჩნდება. ჯგუფმა კიდევ სამი ასევე კრიტიკოსების მიერ აღიარებული ალბომი გამოუშვა. 1973 წელს კი ჯგუფი ისე დაიშალა, რომ კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია. ჯგუფის დაშლის შემდეგ ლუ რიდის, ჯონ კეილისა და ნიკოს წარმატებული სოლო კარიერები ველვეტების მუსიკის გაცოცხლებას დაეხმარა, ასევე 1976 წელს პანკის გამოჩენასთან ერთად ველვეტებისა და სხვა ძველი პროტო-პანკის ჯგუფების მუსიკაც დაბრუნდა. დღეს მათი მუსიკა აუცილებლად მოსასმენია ყველასათვის, ვისაც როკი აინტერესებს.


საბოლოოდ, ყველას გირჩევთ, რომ ამ ალბომს თავიდან ბოლომდე მოუსმინოთ და თავად ნახოთ, თუ რატომაა ის ასეთი გავლენიანი.



28 views0 comments