SAT vs ACT

Updated: May 14, 2021

ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია SAT-სა და ACT-ის შესახებ. ორივე მათგანი წერილობითი ტესტია, რომელიც ამოწმებს მოსწავლის უნარებსა და მზადყოფნას უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად. ხშირია ისეთი კითხვები, როგორებიცაა: „რა განსხვავებაა?“; „რომელი უფრო მარტივია?“ შევეცდებით, ამ და სხვა კითხვებზე პასუხს მოცემულ სტატიაში ვუპასუხოთ.

ორ ტესტს შორის მთავარი განსხვავებებია სტრუქტურა და შეფასების სისტემა. აღიარებულია, რომ ორივე ტესტი თანაბარი სირთულისაა. SAT-სა და ACT-ს შორის არჩევანის გაკეთებაში მათი ზოგადი აღწერა დაგეხმარებათ. თუმცა, შეგიძლიათ, არჩევანი არ გააკეთოთ და ორივე ჩააბაროთ. რამდენჯერ სცდით ტესტის ჩაბარებას, შეზღუდული არ არის.


SAT


შედგება სამი ნაწილისგან: კითხვითი ნაწილი, წერისა და ენობრივი ნაწილი და მათემატიკური ნაწილი.

კითხვითი ნაწილი - შედგება 52 შეკითხვისგან და გრძელდება 65 წუთი. ამოწმებს წაკითხულის გააზრებისა და აზრის გამოტანის უნარს.

წერისა და ენობრივი ნაწილი - შედგება 44 შეკითხვისგან და გრძელდება 35 წუთი. ამოწმებს გრამატიკის, ლექსიკის, წინადადების და აბზაცების აგებულების ცოდნას.

მათემატიკური ნაწილი - იყოფა 2 სექციად. 1) კალკულატორის გარეშე - მოიცავს 20 შეკითხვას და გრძელდება 25 წუთი. 2) კალკულატორით - მოიცავს 38 შეკითხვას და გრძელდება 55 წუთი. მათემატიკური ნაწილის დასაძლევად საჭიროა ცოდნა შემდეგ საკითხებში: არითმეტიკა, ფუნქციები, ალგებრა, გეომეტრია, სტატისტიკა, ალბათობა და მონაცემთა ანალიზი. კალკულატორიანი სექციისთვის რეკომენდირებულია სამეცნიერო ან გრაფიკული კალკულატორის გამოყენება.

ტესტის მაქსიმალური ქულა 1600-ია. SAT-ის ჩაბარება საქართველოში შესაძლებელია, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. ამისათვის და ასევე ტესტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის (განრიგი, ფასი) მისაღებად ეწვიეთ College Board-ის (ორგანიზაცია, რომელიც ატარებს SAT-ს) ოფიციალურ საიტს: http://sat.collegeboard.org/home


ACT


შედგება ოთხი ნაწილისგან: ინგლისური, კითხვა, მათემატიკა და მეცნიერება. არის ასევე ნებაყოფილობითი წერითი ნაწილი.

ინგლისურის სექცია - შედგება 75 შეკითხვისგან და გრძელდება 45 წუთი. ამოწმებს ინგლისური ენის ცოდნასა და მისი გამოყენების უნარებს.

კითხვის სექცია - შედგება 40 შეკითხვისგან და გრძელდება 35 წუთი. ამოწმებს წაკითხულის გააზრებისა და აზრის გამოტანის უნარს.

მათემატიკის სექცია - მოიცავს 60 შეკითვას და გრძელდება 60 წუთი. შესაძლებელია კალკულატორის გამოყენება. მათემატიკური ნაწილის დასაძლევად საჭიროა ცოდნა შემდეგ საკითხებში: არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, სტატისტიკა, ფუნქციები, ალბათობა და მონაცემთა ანალიზი.

მეცნიერების სექცია - შედგება 40 შეკითხვისგან და გრძელდება 35 წუთი. ამოწმებს მონაცემთა ანალიზის, ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარებს.

წერითი სექცია - ნებაყოფილობითია და გრძელდება 40 წუთი. მოითხოვება ესეს დაწერა მოცემული თეზისის მიხედვით.

ტესტის მაქსიმალური ქულა 36-ია. ACT-ის ჩაბარება შესაძლებელია თბილისში, საჭიროა წინასწარი რეგისრტაცია. ამისათვის და ასევე ტესტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის (განრიგი, ფასი) მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: http://global.act.org/


საბოლოოდ, ორივე ტესტი მეტად საინტერესო და გამოსადეგია. მათთვის წინასწარ მომზადება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე ტუტორების ან ცენტრების მეშვეობით. შესაძლებელია ოფიციალური სავარჯიშო ტესტების ონლაინ მოძიება. სანამ გადაწყვეტთ თუ რომელი ტესტი ჩააბაროთ, ყურაღებით გაეცანით წესებს, შინაარსა და ჩატარების დროებს. წარმატებები.


სტატიის ავტორი: დავით ჩანქსელიანი

198 views0 comments