სალემის ჯადოქართა სამსჯავრო

Updated: Sep 23, 2021

სალემის ჯადოქართა სამსჯავრო დაიწყო მასაჩუსეტის კოლონიაში 1692 წლის თებერვალში და გულისხმობს ჯადოქრობაში ბრალდებული ადამიანების მოსმენას, დევნასა და სიკვდილით დასჯას. სამსჯავროს მანძილზე 200-ზე მეტი ბრალდებული, 30 დამნაშავედ ცნობილი და 19 სიკვდილით დასჯილი ადამიანი გამოვლინდა.


ჯადოქრების დევნა ევროპაში მეთოთხმეტე საუკუნეში დაიწყო და მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დამთავრდა. ბოლო ადამიანი ჯადოქრობის ბრალდებით შვეიცარიაში 1782 წელს მოკლეს. ევროპაში სიტუაციის ჩაწყნარებას მოჰყვა სალემში ჯადოქართა დევნის დაწყება. ევროპაში დევნა ხდებოდა გერმანიაში, იტალიაში, ისტორიულ ნიდერლანდებში და შვეიცარიაში. დროისა და ადგილის მიხედვით გასამრთლებულთა და სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა განსხვავდება, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მთლიანობაში ჯადოქრობისთვის გასამართლებულია 110 000 ადამიანი და მოკლულია დაახლოებით 50 000.


"ნადირობა" ჯადოქრების გამოვლენის მცდელობა იყო და არა იმ ადამიანების დევნა, რომლებიც უკვე ითვლებოდნენ ჯადოქრებად. ჯადოქრებს თვლიდნენ სატანის მიმდევრებად, რომლებმაც მას დახმარების სანაცვლოდ თავიანთი სული მიჰყიდეს. ითვლებოდა, რომ ჯადოქრები თავიანთი მაგიური საქმიანობისთვის კავშირს ამყარებდნენ დემონებთან. ისინი ადამიანიდან ცხოველად ან ერთი ადამიანიდან მეორედ გადაიქცეოდნენ და ღამღამობით საიდუმლო შეხვედრებზე მიფრინავდნენ. აშკარაა, რომ ზოგიერთი ადამიანი მართლაც ცდილობდა ეშმაკთან კავშირის დამაყრებას, თუმცა ზემოთ მოყვანილ დახასიათებას არავინ შეესაბამებოდა.

სალემი - ისტორია

მეჩვიდმეტე საუკუნის მასაჩუსეტსში არსებობდა ორი სალემი- მასაჩუსეტსის ყურესთან არსებული პორტი, რომელიც ფუსფუსა და საქმიანი სავაჭრო ქალაქი იყო; ხოლო მისგან 16 კილომეტრის დაშორებით - სოფელი სალემი, 500 მაცხოვრებლით. სოფელში გამძაფრებული იყო მოსახლეობის სოციალურ ფენებად დაყოფა, რასაც ხელს უწყობდა ორ ოჯახს შორის დაპირისპირება - პორტერები, რომელთაც მტკიცე კავშირები ჰქონდათ ქალაქ სალემის ვაჭრებთან, ეპაექრებოდნენ პუტნამებს - სოფლის მოსახლეობასთან დაახლოებულ ოჯახს, რომელსაც სალემზე ავტონომიის მოპოვების სურვილი ამოძრავებდა. აღსანიშნავია, რომ ჯადოქრების ბრალდებებში დიდი წვლილი მიუძღვის პუტნამთა ოჯახს; მიიჩნევენ კიდეც, რომ ისინი ბრალდებებს პირადი სარგებლისთვის იყენებდნენ.


1689 წელს პუტნამთა გავლენით, ბოსტონელი ვაჭარი- სამუელ პარისი, გახდა სალემის კონგრეგაციონალისტური ეკლესიის პასტორი. მან სალემში თან ჩამოიყვანა ცოლი, სამი შვილი, დისშვილი და ორი მონა - ჯონ ინდიანი და ტიტუბა. ისინი სავარაუდოდ კარიბის ზღვის ადგილობრივი ამერიკული ან აფრიკული წარმომავლობისა იყვნენ.


დროთა განმავლობაში, პარისი დაინტერესდა საპასტოროს ხელმძღვანელობით, რაც მრევლს არ მოსწონდა; ამას გარდა საზოგადოების აზრის დაყოფას იწვევდა პარისის მართლმადიდებლურ-პურიტანული იდეოლოგია და მოძღვრება. საბოლოო ჯამში, სოფელ სალემში მოსახლეობა დაიყო პარისის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

ჯადოქრების დევნის დასაწყისი სალემში

პარისის ქალიშვილი - ბეტი, მისი დისშვილი - ებიგეილ უილიამსი და მათი მეგობარი - ან პუტნამი, დაინტერესდნენ ნათელმხილველობით. მოგვიანებით, დაახლ. 1692 წლისთვის, ბეტიმ და ებიგეილმა უცნაურად ქცევა დაიწყეს- ყვიროდნენ, ნივთებს ისროდნენ, ამბობდნენ რომ ჩხვლეტას გრძნობდნენ, უმახინჯდებოდათ სხეული.


დღევანდელი მედიცინის დაკვირვებით, ეს სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ასთმით, ეპილეფსიით, ენცეფალიტით (თავის ტვინის ანთება), ბავშვებზე ძალადობით, და რაც ჩემი აზრით ყველაზე საინტერესოა - ერგოტიზმი, რომელიც გამოწვეული უნდა ყოფილიყო ჭვავის პურის ჭამით, თუ ჭვავი დაავადებული იყო სოკო-ერგოთი. ამ დაავადებების სიმპტომებია გულის რევა, ჰალუცინაციები, სუნთქვის გართულება, კრუნჩხვები და ისეთი შეგრძნება, თითქოს კანზე რაღაც დაძრწის. მიუხედავად სიმპტომების მსგავსებისა, ბევრი მიიჩნევს რომ ეს ვარაუდი ნაკლებად დამაჯერებელია.


სოფლის ექიმმა, უილიამ გრიგსმა, გოგონების საქციელს ვერანაირი სამედიცინო ახსნა ვერ მოუძებნა, რის გამოც ეს ყველაფერი ზებუნებრივ ძალას დააბრალა. ტიტუბამ ბავშვების შარდისგან გამოაცხო ნამცხვარი, რითაც ჯადოქრის გამოააშკარავებას ცდილობდა (ამ ნამცხვარზე მეტი იხილეთ ქვემოთ). ამ მეთოდმა ვერ იმუშავა, თუმცა ერთი შედეგი გამოიღო - პარისი განარისხა; მან “ნამცხვრის” გამოცხობა მკრეხელობად მიიჩნია.


ბეტი და ებიგეილი მათ მოჯადოებას აბრალბდნენ ტიტუბასა და სხვა ორ ქალს - სარა გუდს, უსახლკარო და მარტივად გასაბრაზებელ ქალს, და სარა ოზბორნს, რომელსაც მის მსახურთან ურთიერთობისთვის კიცხავდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ქალთაგან არც ერთი არ ესწრებოდა საეკლესიო წირვებს რეგულარულად. ოზბორნმა და გუდმა უარყვეს ბრალდება, თუმცა გუდი ოზბორნს ადანაშაულებდა; ტიტუბაც თავიდან უარყოფდა, თუმცა ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ აღიარა ეშმაკთან კავშირი; მისი მონაყოლის მიხედვით, მას ეწვივნენ სატანის დამხმარე ცხოველები და მაღალი, “ბნელი” კაცი ბოსტონიდან, რომელმაც

მას ეშმაკის წიგნი წარუდგინა. ტიტუბამ ხელის მოწერისას დაინახა ოზბორნისა და გუდის ხელმოწერებიც, შვიდ სხვა სახელთან ერთად, რომლებსაც ვერ კითხულობდა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ სოფელში სხვა ჯადოქრებიც არსებობდნენ. სალემი პანიკამ მოიცვა, უფრო მეტი ახლაგაზრდა ქალი ამჟღავნებდა მოჯადოების სიმპტომებს, იმატა ბრალდებულების რიცხვმაც. ბევრი “შეპყრობილი” პუტნამები იყვნენ, რომლებიც ახლა არამარტო საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებს, არამედ მაღალი სტატუსის პირებსაც ადანაშაულებდნენ. გასაკვირი არაა, რომ ბრალდებულნი სწორედ პუტნამების მტრები იყვნენ.

1692 წლის 27 მაისს რამდენიმეკვირიანი არაფორმალური მოსმენებისა და თანმხლები დაპატიმრებების შემდეგ, სერ უილიამ პიპსმა - მასაჩუსეტის ყურის კოლონიის გუბერნატორმა, მოსმენებში ჩარევა და სალემში სასამართლოს მოწვევა გადაწყვიტა, რათა მოესიმინათ და გადაეჭრათ სალემის პრობლემა. კოლონიის ლეიტენანტი გუბერნატორის, უილიამ სტოტუნის თავმჯდომარეობით, სასამართლო შედგებოდა შვიდი მოსამართლისგან. ბრალდებულები იძულებულნი გახდნენ, რომ თავი დაეცვათ საბჭოს დახმარების გარეშე. მათთვის ყველაზე საზიანო იყო “მოჩვენებითი მტკიცებულება”, რაც გულისხმობდა მსხვრეპლთა მიერ მტკიცებას, რომ მათ ჯადოქრები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მათ სხეულზე შეინიშნებოდა ნაკბენის ან ნატკენის ნაკვალევი. ხალხს კი მიაჩნდა,რომ ბრალდებულების სხეულში სინამდვილეში ეშმაკი იყო და ის სჩადიოდა ამ ბოროტ ქმედებებს. ბრალდებულების ჩვენების მიცემისას ქალები და ახალგაზრდა გოგონები, რომელთაც ნამოქმედარში ადანაშაულებდნენ, საკმაოდ იძაბებოდნენ, ბობოქრობდნენ და ყვირონენ დარბაზში, რაც აშკარად “ადასტურებდა” მოჩვენებით დემონური სულის არსებობას. ხოლო ვინც ჯადოქრობა აღიარა ან სხვა ჯადოქრების ვინაობა გაამხილა, სასამართლოსგან დასჯას გადაურჩა. პურიტანული რწმენის მიხედვით ისინი სასჯელს ღმერთისგან მიიღებდნენ. ხოლო ვინც უარყოფდა დანაშაულს, უფრო მკაცრი ბედის გაძლება უწევდა. მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც ეს პროცესები სისულელედ მიაჩნდა, სასამართლოს სასჯელს გაჩუმებას ამჯობინებდნენ.


ბრიჯეტ ბიშოპი პირველი ბრალდებული იყო და ის 2 ივნისს დააპიტიმრეს. 19 ივლისს ჩამოახრჩვეს ხუთი ბრალდებული, მათ შორის სარა გუდი და რებეკა ნორსი. 19 აგვისტოს კიდევ ოთხი ადამიანი ჩამოახრჩეს მათ შორის იყო ჯორჯ ბუროუსი, რომელიც იყო სალემის ყოფილი მინისტრი. ჯორჯს ბრალს დებდნენ ჯადოქრების ლიდერობაში. სანამ ჩამოახრჩობდნენ, მან წარმორთქვა ლოცვა, თავიდან ბოლომდე და შეცდომების გარეშე, რაც, წესით, ჯადოქარს არ შეეძლო. საზოგადოებას ეჭვი შეეპარა ჯორჯის დანაშაულში, თუმცა ხალხის პროტესტი უარყოფილი იყო. 22 სექტემბერს ჩამოახრჩვეს რვა ბრალდებული, მათ შორის მართა კორი, რომელიც გახლდათ 80 წელს გადაცილებული ჯაილს კორის ცოლი. მოგივიანებით ჯაილსიც დაადანაშაულეს ჯადოქრობაში. ხანში შესულ ჯაილსს არ სურდა თავისი საქმის სასამართლოში წარდგენა, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს. ის მოაქციეს ორ ხის ფიცარს შორის და ზემოდან დააწყვეს მძიმე ქვები. ჯაილსმა ასე ორი დღე გაძლო და შემდეგ გარდაიცვალა.


29 ოქტომბერს გუბერნატორი პიპსის ცოლი დაადანაშაულეს ჯადოქრობაში, რის შემდეგ პიპსმა ბრძანა სასამართლო პროცესების შეჩერება და აკრძალა “მოჩვენებით მტკიცებულებები”. მათ ნაცვლად მან დაამკვიდრა უზენაესი სასამართლო; პროცესები განახლდა იანვარში და თებერვალში თუმცა საბოლოოდ ყველა დაპატიმრებული და ბრალდებული ადამიანის გათავისუფლებით დასრულდა. ეს ყველაფერი მოხდა 1693 წლის მაისში და ასე დასრულდა სალემის სასამართლო პროცესები. მთლიანობაში ჩამოახრჩვეს 19 ადამიანი და გაჭყლიტეს ერთი, ხოლო 5 პატიმრობისას გარდაიცვალა.

ჯადოქრების იდენტიფიცირების პროცესი იწყებოდა გაჩენილი ეჭვებით ან გავრცელებული ჭორებით, რასაც მოჰყვებოდა ბრალდებები. ეს კი ხშირად გადაიზრდებოდა მსჯავრდებულების სიკვდილით დასჯამდე.

არსებობდა მრავალნაირი მეთოდები ადამიანის ჯადოქრობის დასამტკიცებლად:


2. ცურვა - ე.წ. “swimming test”


ბრალდებული მიჰყავდათ ახლომდებარე ტბასთან ან მდინარესთან და ტანსაცმლის გახდას აიძულებდნენ. ბოჭავდნენ მძიმე ჯაჭვებით და აგდებდნენ წყალში. ასე ამოწმებდნენ, ბრალდებული იძირებოდა თუ არა. რადგან ჯადოქრები უარყოფდნენ ნათლობის საიდუმლოს, ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ წყალი “არ მიიღებდა” ჯადოქრის სხეულს და ბრალდებული ტივტივს დაიწყებდა. ჩაძირვის შემთხვევაში, მსხვერპლი წელზე შემოხვეული თოკით ამოჰყავდათ, თუმცა ხანდახან ჩაძირული ადამიანები შემთხვევით იღუპებოდნენ. ეს მეთოდი წარმოიშვა უძველესი პრაქტიკიდან, როდესაც ეჭვიმიტანილებს მდინარეებში აგდებდნენ და მათ ბედს ზეციურ ძალას ანდობდნენ. ეს წესი ბევრ ევროპულ ქვეყანაში აკრძალეს, თუმცა მე-17 საუკუნეში ისევ აღადგინეს ცურვის ტესტის სახით. მაგალითად, 1710 წელს ეს მეთოდი უნგრელი ქალის, სახელად დორკო ბოდას წინაღაამდეგ გამოიყენეს, რომელიც შემდგომ ცემეს და დაწვეს, როგორც ჯადოქრობაში ბრადებული.


2. ჯადოქრის ლაქა


ჯადოქრობაში ეჭვმიტანილებს საჯაროდ აშიშვლებდნენ და ეძებდნენ კონკრეტულ ნიშნებს, ე.წ. “მტკიცებულებებს”, რომლებსაც ჯადოქრები ეშმაკთან შეთანხმებისას იღებდნენ. ამ ნიშანს შეეძლო ფორმისა და ფერის შეცვლა, ასევე უგრძნობი იყო ტკივილის მიმართ. ბრალმდებელნი ასევე ეძებდნენ ზედმეტ ძუძუსთავს, რომელსაც ჯადოქარი თავისი დამხმარე ცხოველების გამოსაკვებად იყენებდა. ამ მეთოდში უბრალო ხალები, ნაიარევები და შრამებიც კი ეშმაკთან კავშირს ნიშნავდა. სასოწარკვეთილი ადამიანები ხანდახან ლაქიან ნაწილებს იჭრიდნენ ან იწვავდნენ, იმ იმედით რომ სასამართლო ჯადოქრობაში ბრალს არ დასდებდა, თუმცა ეს იმედიც უცრუვდებოდათ - ასეთი ნაიარევებიც სატანის ძღვენს აღნიშნავდა.

თუ ჯადოქრებზე მონადირეებს გაუჭირდებოდათ ეჭვმიტანილის სხეულზე "ჯადოქრების ნიშნების" აშკარა მტკიცებულებების პოვნა, ისინი ხშირ შემთხვევაში მიმართავდნენ "დაკბენის" შემზარავ პრაქტიკას, რომელიც მისი გამოძიების საშუალებას იძლეოდა. ჯადოქრებზე ნადირობის სახელმძღვანელოები და სასწავლო ბროშურები აღნიშნავდნენ, რომ ლაქები ტკივილისადმი მგრძნობიარე არ იყო და სისხლიც არ მოსდიოდათ, ამიტომ ბრალდებულის სხეულისათვის ჭრილობების მისაყენებლად გამომცდელები სპეციალურად შემუშავებული ნემსებს იყენებდნენ, სანამ არ აღმოაჩენდნენ ადგილს, რომელიც სასურველ შედეგს იღებდა. ინგლისსა და შოტლანდიაში წამება საბოლოოდ “ჩაიბარეს” მაღალანაზღაურებადმა პროფესიონალმა "მჩხვლეტილებმა", სინამდვილეში კი ყალბმა აფერისტებმა - ისინი ჯადოქრების ყალბი ნიშნების დასადგენად ბლაგვწვეტიან ნემსებს იყენებდნენ.


3. ჯადოქრების ნამცხვრები


იმ შემთხვევაში, თუ სოფლის რომელიმე მკვიდრს რაიმე დაავდება სჭირდა ან ბოროტი ძალებით იყო შეპყრობილი, ჯადოქრებზე მონადირენი ამ მსხვერპლის შარდს იღებდნენ და ჭვავსა და ნაცარს ურევდნენ. შემდეგ ამ ნარევს აცხობდნენ და აჭმევდნენ ძაღლს. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ამ “დესერტის” ძალის ქვეშ მყოფი ცხოველი ალაპარაკდებოდა და დამნაშავის სახელს იტყოდა.

პროცესების შემდგომ განვითარებული მოვლენები

1697 წლის იანვარში მასაჩუსეტსის გენერალურმა სასამართლომ გამოაცხადა მარხვის დღე იმ ტრაგედიის გამო, რომელიც სასამართლო პროცესების შედეგად მოხდა. იმავე თვეში სამუელ სიუალმა, ერთ-ერთმა მოსამართლემ, საჯაროდ აღიარა საკუთარი შეცდომა და დანაშაული სასამართლო პროცესში. 1702 წელს კი გენერალურმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ სასამართლო პროცესები უკანონო იყო. 1706 წელს ენ პუტნა უმცროსმა ბოდიში მოიხადა თავისი როლისთვის, როგორც მბრალდებელმა. 1711 წელს მასაჩუსეტსის თანამეგობრობის ასოციაციამ 33 ნასამართლევიდან 22 ადამიანი გაათავისუფლა და მსხვერპლთა ოჯახებს 600 ფუნტი გამოუყო. ხოლო 1957 წელს მასაჩუსეტსის შტატმა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში სასამართლო პროცესებისთვის. სალემის ჯადოქრების სასამართლო პროცესებმა ხელი შეუწყო აშშ-ის სასამართლო პროცედურების ცვლილებას.


სინამდვილეში კი სალემის ჯადოქართა სამსჯავრო შემდეგი მოვლენების კომბინირებული შედეგი იყო: ეკლესიის პოლიტიკა, მტრობა ოჯახებს შორის, გათამამებული და ცუდად აღზრდილი ბავშვები. ეს ყოველივე კი პოლიტიკური ავტორიტეტის ვაკუუმში განვითარდა.


სტატიის ავტორები: თინათინ გრძელიშვილი და მარიამ მიშიძე

85 views0 comments