სახელმწიფოების დანაშაული კლიმატის წინაშე

Updated: Sep 4, 2021

კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი ენერგეტიკული და ინდუსტრიული მრეწველობის დროს წიაღისეული საწვავის გადამუშავებისას ატმოსფეროში გამოყოფილი ჭარბი რაოდენობის ნახშირორჟანგია. ქვეყნები, რომლებშიც ენერგეტიკული და ინდუსტრიული წარმოება ნაკლებად განვითარებულია, მხოლოდ უმნიშვნოლო რაოდენობის ნახშიორჟანგს გამოჰყოფენ. შესაბამისად, განვითარებული ინდუსტრიის, მძლავრი ეკონომიკისა და დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნები კლიმატის ცვლილების საქმეში მთავარი ბრალდებულები არიან.


მოდით, განვიხილოთ ხუთი ქვეყანა, რომლებიც ნახშირორჟანგის გამოყოფის მხრივ ლიდერობენ.


1. ჩინეთი


ჩინეთი ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშიორჟანგის 28%-ზეა პასუხისმგებელი. ყოველწლიურად, ჩინეთი 10 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს აფრქვევს ჰაერში. ამის მთავარი მიზეზი არის წიაღისეული საწვავის, განსაკუთრებით ქვანახშირის დაწვა. ჩინეთის ელექტროენენრგია პირდაპირ არის დამოკიდებული ქვანახშირზე (ელექტროენერგიის 58% სწორედ ამ წიაღისეული საწვავის მეშვეობით მიიღება). ასევე, ჩინეთი ზეთის უდიდესი იმპორტიორია. ამ პროდუქტის მთელ ქვეყანაში განაწილებისა და გადატანისთვის კი ტრანსპორტია საჭირო, რომელიც დიდი რაოდენობით ნახშიორჟანგს გამოჰყოფს. ჩინეთი ქვანახშირის ატომური და განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებას გეგმავს. მიუხედავად ამისა, ვირუსისაგან გამოწვეული ეკონომიკური ჩავარდნის დასაძლევად, ჩინეთი იმაზე მეტ ქვანახშირის ახალ ელექტროსადგურს აშენებს, ვიდრე ყველა დანარჩენი ქვეყანა ერთად.


2. ამერიკა


ამერიკა ყოველწლიურად 5.4 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს აფრქვევს ატმოსფეროში. ძირითადი მიზეზები ელექტროენერგიის წარმოება, ტრანსპორტი და ინდუსტრიული მრეწველობაა. ამერიკასაც აქვს ქვანახშირზე დამოკიდებულების პრობლემა. ქვეყანა თანდათან ანაცვლებს ქვანახშირს ნავთობიყ, თუმცა ეს გარემოსთვის არც მაინცდამაინც უკეთესი გამოსავალია.


3. ინდოეთი


ინდოეთი დაახლოებით 2.7 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით, ინდოეთი ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის გზას ადგას, რაც თავისთავად მოიაზრებს ელექტროენერგიის წარმოების გაზრდას. ალბათ არ გაგიკვირდება, რომ ინდოეთიც ქვანახშირის დაწვით ცდილობს ელექტროენერგიის მიღებას. სავარაუდოდ, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ამ წიაღისეული საწვავის გამოყენებას და, შესაბამისად, გაიზრდება გამოფრქვეული ნახშიორჟანგის რიცხვიც.


4. რუსეთი


რუსეთი კი წელიწადის განმავლობაში 1.7 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. მთავარი დამნაშავე აქაც ენერგიის სექტორია, რომელიც ბუნებრივი გაზისა და ქვანახშირის გამოყენებაზეა დამოკიდებული. ასევე, რუსეთში ქიმიური მრეწველობა საწვავად ქვანახშირს იყენებს. რუსეთი აცხადებს, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების არავითარი ინტერესი თუ გეგმა არ აქვს, პირიქით - რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი ბუნებრივი გაზის გამოყენების 50%-ით გაზრდას აპირებს.


5. იაპონია


მეხუთე ადგილს იაპონია იკავებს, რომელიც დაახლოებით 1.2 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს აფრქვევს ატმოსფეროში. ელექტროენერგიის მისაღებად იაპონიაც ბუნებრივ გაზსა და ქვანახშირს წვავს. წიაღისეული საწვავის გამოყენება განსაკუთრებით გაიზარდა 2011 წლის ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის დახურვის შემდეგ (ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფა მიწისძვრამ და ცუნამიმ გამოიწვია). ატომური სადგურების კვლავ ამუშავება, რასაკვირველია, შეამცირებს გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობას იაპონიაში.


ავტორი: ნინი სუბარი

21 views0 comments