რომანტიზმი, ჰესე და ჰიპები

Updated: Sep 4, 2021

რა ხანია, რომანტიკული გმირი ლიტერატურისათვის უსაყვარლესი პერსონაჟია. ამის მიუხედავად, თანამედროვე სამყაროში მისი ადგილი აღარ არის.


რომანტიკულმა გმირმა ჩემთვის მიუღებელი ადამიანის სახება დაამკვიდრა. ადამიანის, რომელიც თავს მარტოსულ ლიტერატურულ გმირად გრძნობს. ან ისეთის, ცხოვრებისაგან გაურკვეველი ღვთაებრივი ბედნიერების განცდის იმედით ქუჩებში რომ დაძრწის და მთვარეს რომ უჭვრეტს. ოცნებაში ნამდვილად ულამაზესი სურათია, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა იერს იძენს. ბედნიერებას ზეცაში არ უნდა ეძებდე - ის იქ არ არის.


ასეა თუ ისე, რომანტიკული გმირის სენი, აგერ უკვე მესამე საუკუნეა, ადამიანებს სიცოცხლეს გვიმწარებს. ჰოლდენ კოლფილდიც ჩვეულებრივი რომანტიკული გმირია, რომელმაც ჩემთან ერთად, მთელ ამერიკას აურია გონება. ვერ გამირკვევია, რომანტიკული გმირის შემთხვევაში, შემოქმედებამ პროგრესი მოიტანა თუ რეგრესი?


მე თანამედროვეობაზე შეყვარებული ადამიანი ვარ. რომანტიკულ გმირს სწორედ ამის საპირისპირო დამოკიდებულება აქვს. მეცხრამეტე ან მეოცე საუკუნეში რომ მეცხოვრა, ალბათ, მეც დავეთანხმებოდი რომანტიკულ გმირს. მაშინ მწვავედ იდგა „საზოგადოებრივი მარწუხების“ პრობლემა. ოსტინს როცა კითხულობ, დისკომფორტი გეუფლება. მოემს როცა კითხულობ, ხვდები, ავტორი სწორედ ასეთი წყობილების დრომოჭმულობის ჩვენებას ცდილობს. „ხევისბერ გოჩას“ როცა კითხულობ, ფიქრობ, რომ პერსონაჟები ტყვეები არიან. ასეთ რეალობაში თანამედროვე ადამიანი რომ მოათავსო, ის ვერ გაძლებდა და გაიქცეოდა. აშკარაა, დღეს „საზოგადოებრივი მარწუხების“ პრობლემა აღარ დგას მწვავედ. პროგრესს ამ ავტორების შემოქმედებას უნდა ვუმადლოდეთ. მათ მისცეს ადამიანებს რეფლექსიის შესაძლებლობა, რის შედეგადაც ინდივიდმა პიროვნული თავისუფლების მოპოვება შეძლო და საბოლოოდ მოისვენა. ეს ავტორები რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს ამ ღირებულების მოპოვება თითოეულ პიროვნებას შინაგანი წინააღმდეგობისა და ბრძოლის ფასად დაუჯდებოდა.


საერთოდ, ჰესე ხშირად ამბობდა, „ტრამალის მგელის“ სათქმელს ახალგაზრდები ხშირად არასწორად აღიქვამენო. 60-იანი წლების ამერიკაში ეს ნაწარმოები ძალიან პოპულარული იყო ახალგაზრდებში. ეს წიგნი ჰიპების სუბკულტურის ერთ-ერთი იდეოლოგიური საყრდენიც იყო. „ტრამალის მგელში“ ჰიპები „ყალბი საზოგადოებისა“ (კაცმა რომ თქვას, ეს „ყალბი საზოგადოება“ რაღას ნიშნავს?) და მატერიალისტური იდეოლოგიის კრიტიკას ხედავდნენ. ჰიპებს ამ „ყალბი საზოგადოებისაგან“, მატერიალიზმისგან გაქცევა სურდათ; ამასთანავე ეძებდნენ საყოველთაო დღესასწაულს, მთლიანის ნაწილად ქცევას, თრობასა და აღმაფრენით ტკბობას. ეს ფონემენიც ფანტასტიკურადაა აღწერილი წიგნში.


მიუხედავად იმისა, რომ ჰესეს თქმით ეს ახალგაზრდები ავტორს სათქმელს ვერ მიუხვდნენ, ჰიპების მეშვეობით ავტორის შემოქმედებამ მაინც გამოიწვია პროგრესი - მათ ჩვენ ინდივიდუალური თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა გაგვიკვალეს. მათ შემდეგ შემოიჭრა ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში არატრადიციული ცხოვრების ცნება.


მე ეს ნაწარმოები რომანტიკული გმირის თანამედროვე სამყაროში აღმოჩენის ამბად აღვიქვი. ნაწარმოები გამარჯვებით თუ არა, გამარჯვების მოპოვების ინსტრუქციით მაინც მთავრდება. მართალია, ჰესეს რომანტიკული გმირი ჰარი ჰალერი თანამედროვე და მარადიული ვერ გახდა, მაგრამ მან იცის, თუ როგორ შეძლოს ეს - იუმორით. მგონია, რომ ჰესე მეთანხმება და სწორედ ამიტომ მოგვცა რომანტიკული გმირისაგან განკურნებისა და თანამედროვე თუ მარადიულ ადამიანად ქცევის ერთგვარი ინსტრუქცია „ტრამალის მგლის“ მეშვეობით.


ავტორი: ნინი სუბარი

სტატია მომზადდა კონკურსის ("წიგნიერი") ფარგლებში.

180 views0 comments

Recent Posts

See All