რა გასხვავებაა ვებსაიტის, ვეგვერდის, ვებ სერვერისა და საძიებო სისტემას შორის?

Updated: Jan 18

ამ სტატიაში განვმარტავთ ვებთან დაკავშირებულ რამდენიმე კონცეპტს: ვებგვერდს, ვეტსაიტს, ვებ სერვერსა და საძიებო სისტემას. ეს ტერმინები ერთმანეთში ხშირად გვეშლება, რადგან ოთხივე ერთმანეთს უკავშირდება.


მოკლე განმარტება

ვებგვერდი - დოკუმენტი, რომელიც ვებბრაუზერში (Firefox, Google Chrome, Opera, Microsoft Internet Explorer ან Apple Safari) იხსნება. ვებგვერდებს შემოკლებით უბრალოდ "გვერდებსაც" ვუწოდებთ.

ვებსაიტი - ვებსაიტი არის გარკვეული რაოდენობის ვებგვერდების ერთობლიობა, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ვებსაიტს ხშირად საიტს ვუწოდებთ.

ვებ სერვერი - ვებ სერვერი კომპიუტერია, რომელიც ინტერნეტში რომელიღაც ვებსაიტის ჰოსტია ("მასპინძელი"). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვებ სერვერი არის კომპიუტერი, რომელიც ინახავს ინტერნეტში განთავსებული რომელიმე ვებსაიტის ფაილებს.

საძიებო სისტემა - საძიებო სისტემა ინტერნეტ-სერვისია, რომელიც სასურველი ვებგვერდების პოვნაში გვეხმარება. საძიებო სისტემებია Google, Bing, Yahoo, DuckDuckGo და ა.შ. საძიებო სისტემაში, ჩვეულებრივ, ან ვებბრაუზერის მეშვეობით შევდივართ (თუ, მაგალითად, რომელიმე ბრაუზერის მისამართის ზოლში (address bar) საძიებო სიტყვას ჩავწერთ), ან ვებგვერდის მეშვეობით (მაგალითად, bing.com ან duckduckgo.com).

მოდი, განვიხილოთ მარტივი ანალოგი - საჯარო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის მონახულებისას ასეთ მოქმედებებს ვასრულებთ:

  1. ვპოულობთ საძიებო გრაფას; იქ კი ვეძებთ სასურველი წიგნის სათაურს.

  2. ვგებულობთ, თუ რომელი ნომერი შეესაბამისება ჩვენთის სასურველ წიგნს საძიებო გრაფაში.

  3. მივდივართ სექციაში, რომელშიც სასურველი წიგნი ინახება; იქ კი კატალოგის ნომრის მეშვეობით წიგნს ვპოულობთ.

შევადაროთ ბიბლიოთეკა ვებ სერვერს:

  • ბიბლიოთეკა ვებ სერვერს ჰგავს: ბიბლიოთეკას აქვს რამდენიმე სექცია; ვებ სერვერი კი რამდენიმე ვებსაიტს ინახავს (შენახვას ეწოდება hosting).

  • ბიბლიოთეკის სხვადასხვა სექციები (მეცნიერება, მათემატიკა, ისტორია და ა.შ.) ვებსაიტებს შეესაბამება. თითოეული სექცია უნიკალური ვებსაიტის ანალოგია (ორი სექცია ერთსა და იმავე წიგნებს არ შეიცავს).

  • თითოეულ სექციაში მოთავსებული წიგნები ვებგვერდების ანალოგია. ერთი ვებსაიტი შესაძლოა შეიცავდეს რამდენიმე ვებგვერდს, ისევე, როგორც მეცნიერების სექცია (ვებსაიტი) შეიცავდეს წიგნებს სითბოს, ბგერის, თერმოდინამიკის, სტატისტიკის შესახებ (ვებგვერდები). თითოეულ ვებგვერდს უნიკალური "ადგილმდებაორება" აქვს (ლინკი, იგივე URL).

  • საძიებო გრაფა საძიებო სისტემას ჰგავს. თითოეულ წიგნს ბიბლიოთეკაში უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს (ორი წიგნი ერთსა და იმავე ადგილს ვერ დაიკავებს); ეს ადგილმდებარეობა კი კატალოგში ნომრების მეშვეობით არის დაკონკრეტებული.

ახლა კი, მოდი, უფრო ღრმად განვიხილოთ ამ ოთხი ტერმინის ურთიერთდამოკიდებულება და მიზეზი, რატომაც ისინი ერთმანეთში ხშირად გვეშლება.

ვებგვერდი

ვებგვერდი არის უბრალო დოკუმენტი, რომელიც ბრაუზერში იხსნება. ასეთი დოკუმენტები HTML-ის ენაზე იწერება. ვებგვერდზე მრავალი სხვადასხვა ტიპის რესურსის "ჩაქსოვაა" შესაძლებელი:

  • style information (სტილი) - ეს ქმნის გვერდის "გარეგნობას";

  • scripts (სკრიპტი) - ეს გვერდს ინტერაქტიულს ხდის;

  • media (მედია) - ეს გულისხმობს ფოტოებს, ხმებსა და ვიდეოებს.

გაითვალისწინეთ, რომ ბრაუზერებს სხვა ტიპის დოკუმენტების გახსნაც შეუძლია, მაგალითად PDF ფაილების ან ფოტოების, თუმცა ტერმინი ვებგვერდი კონკრეტულად HTML დოკუმენტებს ეხება. ხოლო თუ სხვა ტიპის დოკუმენტზე ვსაუბრობთ, მაშინ ამ ფაილს ვუწოდებთ დოკუმენტს და არა ვებგვერდს.

ინტერნეტში არსებულ ნებისმიერ გვერდზე უნიკალური მისამართით შევდივართ. გვერდზე შესასვლელად ბრაუზერის მისამართის ზოლში მისამართის (URL) ჩაწერაა საჭირო.


ვებსაიტი

ვებსაიტი ერთმანეთთან დაკავშირებული ვებგვერდების (და მათში "ჩაქსოვილი" რესურსების) გაერთიანებაა. ამ ვებგვერდებს აერთიანებთ უნიკალური დომეინი. კონკრეტული ვებსაიტის თითოეულ ვებგვერდზე მოცემული იქნება ბმულები, რომლებიც ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლის საშუალებას იძლევა.

ვებსაიტზე შესასვლელად მისი დომეინის სახელი ბრაუზერის მისამართის ზოლში უნდა ჩაწეროთ, ბრაუზერი კი ვებსაიტის მთავარ ვებგვერდზე ("homepage") შეგიყვანთ.

ვებსაიტი და ვებგვერდი განსაკუთრებით რთული განსასხვავებელია იმ შემთხვევაში, თუ ვებსაიტი ერთადერთ ვებგვერდს შეიცავს. ასეთ ვებსაიტებს ზოგჯერ ერთგვერდიან ვებსაიტებს (single-page website) უწოდებენ.


ვებ სერვერი

ვებ სერვერი არის კომპიუტერი, რომელიც ერთ ან რამდენიმე ვებსაიტს ინახავს ("hosting"). "ჰოსტინგი" ნიშნავს, რომ ყველა ვებგვერდი და მათთან დაკავშირებუილ ფაილები ამ კომპიუტერზე ინახება. როგორც კი ნებისმიერი ადამიანი კონკრეტულ ვებსაიტზე შედის, ვებ სერვერთან იგზავნება მოთხოვნა, რომ მასზე შენახული ერთ-ერთი ვებსაიტის ერთ-ერთი ვებგვერდი ამ ადამიანის კომპიუტერის ბრაუზერში გაგზავნოს.

ვებსაიტები და ვებ სერვერები ხშირად გვერევა. მაგალითად, ხშირად ვამბობთ, რომ "ვებსაიტი არ პასუხობს ჩემს მოთხოვნას" ("My website is not responding"), სინამდვილეში კი ვებ სერვერი არ პასუხობს მოთხოვნას და, აქედან გამომდინარე, ვებსაიტი არ არის ხელმისაწვდომი. თუ ვიტყვით, რომ "ვებ სერვერი არ პასუხობს ჩემს მოთხოვნას", აქ იგულისხმება, რომ ამ ვებ სერვერზე შენახული რამდენიმე ვებსაიტი მიუწვდომელია.

საძიებო სისტემა

საძიებო სისტემები ხშირად იწვევს დაბნეულობას. საძიებო სისტემა განსაკუთრებული ტიპის ვებსაიტია: ის მომხმარებლებს სხვა ვებსაიტებიდან ვებგვერდების პოვნაში ეხმარება.

მრავალი სხვადასხვა საძიებო სისტემა არსებობს: Google, Bing, Yandex, DuckDuckGo და ა.შ. ზოგიერთი კონკრეტულ სფეროზეა სპეციალიზებული, ზოგი კი ყველა სფეროს აერთიანებს. ნებისმიერი საძიებო სისტემის გამოყენება შეიძლება.

ასევე, ერთმანეთში ხშირად ეშლებათ საძიებო სისტემა და ბრაუზერი. მოდი, განვმარტოთ: ბრაუზერი არის კომპიუტერული პროგრამა (software), რომელიც ვებგვერდებს ხსნის; საძიებო სისტემა არის ვებსაიტი, რომელიც გვეხმარება სხვა ვებსაიტების ვებგვერდების პოვნაში. ეს ორი რამ იმიტომ გვეშლება, რომ როდესაც ბრაუზერს ვხსნით, ბრაუზერს რომელიღაც საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე გადავყავართ. სწორია, რომ გადავყავართ: ცხადია, ბრაუზერში სწორედ იმისთვის შევდივართ, რომ ვებგვერდი მოვძებნოთ და გავხსნათ. ერთმანეთში არ აგერიოთ ინფრასტრუქტურა (მაგალითად, ბრაუზერი) და სერვისი (მაგალითად, საძიებო სისტემა).

სტატიის ავტორი: ნინი სუბარი


29 views0 comments