ფუტკრების მნიშვნელობა კაცობრიობისთვის

Updated: Sep 4, 2021

ბოლო დროს მსოფლიოში თაფლის მომცემი ფუტკრების გადაშენების ტენდენცია შეინიშნება. ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობაში მეფუტკრეობა ერთ-ერთი უძველესი და მეტად მნიშვნელოვანი დარგია. გარდა ამისა, ფუტკარი იძლევა ისეთ მნიშვნელოვან და სპეციფიკურ პროდუქტებს, როგორიცაა თაფლი, ცვილი, ფუტკრის შხამი (გამოიყენება მედიცინაში), ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი (გამოიყენება სასოფლო- სამეურნეო კულტურების ჯვარედინი დამტვერვისათვის). სულ დედამიწაზე დაახლოებით 81 მილიონი სკა არსებობს, რომლებშიც ყოველწლიურად 1.6 მილიონ ტონამდე თაფლი მზადდება. ფუტკრების შემცირებას ბევრი მიზეზი უკავშირდება, მაგალითად, ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო მართვა, პესტიციდებთან დაკავშირებული რისკები, კლიმატის ცვლილება და სხვა.


მაშ რა ემუქრება კაცობრიობას ფუტკრების გადაშენების შემთხვევაში?


1. ფუტკრების გაქრობის შემდეგ აღარ გვექნება ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, როგორიცაა თაფლი.


2. ზრდას შეწყვეტს მრავალი ხილი და ბოსტნეული, რადგან ვერ მოხდება მათი დამტვერვა. ადამიანებს კი თავად მოუწევთ მცენარეების დამტვერვა, რაც არაეფექტური და რთული პროცესია.


3. ფუტკრების გადაშენებით გამოწვეული ზოგიერთი პროდუქტის გაქრობა აისახება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებში.


თითქმის 30 წელია ფუტკრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საფრთხე ემუქრებათ. აშშ-ში უბედურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაროა გავრცელდა. ეს არის პარაზიტი ტკიპა, რომელიც აავადებს სკას და შეიძლება, იგი მთლიანად გაანადგუროს. ამ ტკიპამ მსოფლიოს დაპყრობა 60-იან წლებში იაპონიიდან და საბჭოთა კავშირიდან დაიწყო, 80-იანი წლების ბოლოს კი აშშ-შიც გამოჩნდა. დღეს ავსტრალია ერთადერთი კონტინენტია, სადაც ფუტკარს ეს პარაზიტი არ ანადგურებს. 1999 წლის მონაცემებით, 1990 წლიდან 1999 წლამდე, სწორედ ამ პარაზიტის გამო, აშშ-ში ფუტკრის რაოდენობა 25%-ით შემცირდა.


რა შეგვიძლია გავაკეთოთ ფუტკართა გადასარჩენად?


ამერიკელმა ბიოლოგმა, ედვარდ ვილსონმა დაწერა: „ყოველ მესამე ლუკმა საკვებს ფუტკარს ან სხვა მწერებს უნდა ვუმადლოდეთ“, რითიც ეხება იმ ფაქტს, რომ მსოფლიო სურსათის წარმოების მესამედი დამტვერვაზეა დამოკიდებული. თუ ფუტკარი გადაშენდება, ადამიანები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებიან. მეცნიერებმა მსოფლიო მასშტაბით დაიწყეს მუშაობა ფუტკრების გადასარჩენად. იაპონელმა მეცნიერმა ეინჯირო მუნიაკომ შეიმუშავა ფუტკრისხელა დრონი, რომელსაც მცენარეების დამტვერვის ფუნქცია გააჩნია.


კიდევ ერთი საინტერესო იდეა შემოგვთავაზა ამერიკელმა მეცნიერმა, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა დენის ვანენგელსდროფმა. ის ირწმუნება, რომ მხოლოდ გენეტიკურად ინჟინირებული მცენარეები გადაარჩენს ფუტკრებს. კერძოდ, საჭიროა ისეთი მცენარეების მოყვანა, რომლებიც სპეციალურად ფუტკრებისათვის იქნებიან გენეტიკურად მიმართულნი. საინტერესოა ისიც, რომ თავის ინტერვიუში დენისმა განაცხადა, რომ ეს მცენარეები არა მარტო ფუტკრებისთვის იქნებიან მიმართული, არამედ მომწამლავი პარაზიტი ტკიპებისთვის წინააღმდეგაც. გენეტიკურად მოყვანილ მცენარეებში არსებული ხსნარი თავს დაესხმება გარკვეულ ცილებს, რომლებიც შექმნილია ტკიპების სუნთქვის, ჭამისა და გამრავლების მოსასპობად. ვანენგელსდორპი ღრმად ირწმუნება, ამ გეგმის გამართლების შემთხვევაში დამტვერვის პრობლემა სამუდამოდ გადაიჭრება.


თუ პატარა დრონები და მცენარეების გენური მანიპულაცია არ იმოქმედებს, საჭიროა ამ საქმეში მთავრობა ჩაერთოს და ფუტკრების დასახმარებლად წამახალისებელი აქტივობები აწარმოის.


საინტერესო ფაქტი: იცოდით თუ არა, რომ არსებობს ქართული ფუტკრის ჯიში?


იგი მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი გრძელი ხორთუმით, რაც საშუალებას აძლევს შეაგროვოს ნექტარი სხვა ფუტკრებისთვის მიუწვდომელი ყვავილიდან. მისი უნიკალურობის შესახებ მსოფლიომ 1961 წელს გერმანიაში, ქალაქ ერფურტში, მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე შეიტყო. ჩხოროწყუს საჯიშე მეურნეობიდან წაყვანილმა ფუტკრების ორმა ოჯახმა 97,3 კგ თაფლი შეაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ქართულმა ფუტკარმა კიდევ ორჯერ (1965 და 1971 წლის აგვისტოში) მოიპოვა ოქროს მედალი და სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა.

ქართული ფუტკარი: https://images.app.goo.gl/ZzQkw3oRLhfwR2XY6


ამერიკაში ფუტკრების შემცირების სტატისტიკა 2006-2017 წლებში: https://images.app.goo.gl/FDLbKrmM1YPQfeth6


გამოყენებული წყაროები: https://mepa.gov.ge/Ge/Files/Download/22923

https://www.scientificamerican.com/article/the-problem-with-honey-bees/

https://www.pollinator.org/learning-center/bee-issues


სტატიის ავტორი: თამთა შენგელია

9 views0 comments