ოლიმპიადა - ტოკიო 2020

Updated: Sep 4, 2021

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდა.

მოდი, გადავხედოთ, თუ რა მოხდა ამ 17 დღის განმავლობაში:


როგორც ყოველთვის, წელსაც, გახსნის ცერემონიაზე, ამჯერად იაპონელებმა, გრანდიოზული შოუ დადგეს და 206-ვე ქვეყანა გაგვაცნეს. პირველი, როგორც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების შემქმნელი, ყოველთვის საბერძნეთი გამოდის, ხოლო ბოლო კი, მასპინძელი ქვეყანა, ამ შემთხვევაში, იაპონია. ოლიმპიური ცეცხლის დანთების პატივი იაპონელ ჩოგბურთელს, ნაომი ოსაკას ერგო.

კალათბურთი:


კალათბურთში თამაშები 25 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდა. მამაკაცებშიც და ქალებშიც, ოლიმპიური ოქრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა. ოლიმპიადის საუკეთესო კალათბურთელი (MVP) „Brooklyn Nets”-ის მძიმე ფორვარდი კევინ დურანტი გახდა, ხოლო ქალებში - „Seattle Storm“-ის ფორვარდი ბრიანნა სტიუარტი. ვერცხლის მედლის პრიზიორი მამაკაცებში საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც აშშ-სთან ანგარიშით 82-87 წააგო. ხოლო ქალებში - იაპონიის ნაკრები, რომელიც ამერიკასთან 15 ქულიანი სხვაობით დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს პრიზიორებს, მამაკაცებში ავსტრალიამ სლოვენიის ნაკრები 14 ქულიანი სხვაობით დაამარცხა (107-93), ხოლო ქალებში - საფრანგეთმა სერბეთის ნაკრებს ანგარიშით 91-76 მოუგო.


ფრენბურთი:


ფრენბურთის თამაშები 24 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდა. მამაკაცებში ოქროს პრიზიორი საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დაამარცხა (3-2), ხოლო ქალებში აშშ-მ ბრაზილიის ნაკრებს მოუგო (3-0). ბრინჯაოს პრიზიორი მამაკაცებში არგენტინის ნაკრები გახდა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს მოუგო (3-2). ხოლო ქალებში სერბეთის ნაკრებმა სამხრეთ კორეა დაამარცხა (3-0).


ფეხბურთი:


ფეხბურთის თამაშები 21 ივლისს დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდა. მამაკაცებში ოქროს მედლისთვის იოკოჰამას სტადიონზე ბრაზილიელებმა ესპანელები დამატებით დროში ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. ხოლო ქალებში კანადამ შვედეთის ნაკრებს პენალტების სერიაში 3-2 მოუგო. ხოლო ბრინჯაოს სინჯის მედალი მამანაკაცებში მექსიკას, ქალებში კი ამერიკას ერგო. მექსიკელებმა იაპონიის ნაკრებს 3-1 მოუგო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ავსტრალიის ნაკრები დაძაბულ თამაშში 4-3 დაამარცხა.


საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე:


საქართველომ ამ წლის ოლიმპიადაზე ჯამში 8 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. პირველი ოქრო საქართველოს ნაკრებს ძიუდოში, 28 ივლისს ლაშა ბექაურმა გერმანელ ედუარდ ტრიპელთან ვაზარით მოგების შემდეგ მოუპოვა. რაც შეეხება მეორე ოქროს, 4 აგვისტოს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 3 ოლიმპიური რეკორდი დაამყარა (ატაცი-223კგ, აკვრა 265კგ და ჯამური 488კგ) და ოქროს მედალიც მოიპოვა. რაც შეეხება ვერცხლის მედლებს:

3 მედალი ძიუდოში აიღეს: ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ წონითი კატეგორია); ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ წონითი კატეგორია) და გურამ თუშიშვილმა (100+კგ წონითი კატეგორია).

2 მედალი ჭიდაობაში აიღეს: იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული,130კგ) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი,125კგ)

ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ძალოსნობაში 96კგ კატეგორიაში ანტონ პლესნოიმ აიღო. საქართველომ ოლიმპიადაზე ასპარეზობა 33-ე ადგილზე დაასრულა.


შემდეგ ოლიმპიადას 2024 წელს საფრანგეთში, პარიზში ვიხილავთ. მანამდე კი, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ტოკიოში პარაოლიმპიადა ჩატარდება.


დღეისათვის სულ ესაა, თქვენ როგორ მოგეწონათ წლევანდელი ოლიმპიადა?


სტატიის ავტორი: ნინი ჩანქსელიანი

76 views0 comments