ნულოვანი შიმშილი

Updated: Sep 4, 2021

მდგრადი განვითარების მეორე მიზანი


2015 წელს გაეროს ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო მდგრადი განვითარების მიზნები (SDG), იგივე გლობალური მიზნები, რომლებიც სიღარიბის დაძლევის, დედამიწის დაცვის, მშვიდობისა და 2030 წლისთვის ყველა ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. მდგრადი განვითარების მეორე მიზანია ნულოვანი შიმშილი. მსოფლიოში ამ ისედაც მწვავე პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს Covid-19 პანდემია და საფრთხეს უქმნის კვების გლობალურ სისტემას .


მდგრადი განვითარების ეს მიზანი - შიმშილის დაძლევა, ხუთი პუნქტისაგან შედგება:

  1. 2030 წლისთვის მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრა და ყველა ადამიანის, განსაკუთრებით ღარიბებისა და მოწყვლადი ჯგუფების მთელი წლის განმავლობაში უსაფრთხო, ნოყიერი და საკმარისი საკვებით უზრუნველყოფა.

  2. 2030 წლისთვის არასაკმარისი კვების ყველა ფორმის აღმოფხვრა, მათ შორის, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არასაკმარისი ზრდისა და სისუსტის მხრივ; მოზარდი გოგონების, ორსულების, ლაქტაციის პროცესში მყოფი ქალებისა და მოხუცებულების საკვები საჭიროებების უზრუნველყოფა.

  3. 2030 წლისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის და სურსათის მცირე მწარმოებლების შემოსავლების გაორმაგება.

  4. 2030 წლისათვის სურსათის წარმოების მდგრადი სისტემების უზრუნველყოფა და სიცოცხლისუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა.

  5. 2020 წლისთვის თესლების, მცენარეებისადა ცხოველების გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება.

იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც შიმშილობს, ათწლეულების განმავლობაში სტაბილური იყო, მაგრამ 2015 წელს კვლავ დაიწყო ნელ-ნელა მატება. ამჟამინდელი შეფასებით, მსოფლიოში თითქმის 690 მილიონი ადამიანი მშიერია, რაც მთელი მსოფლიოს 8,9%-ს შეადგენს.

უამრავი ადამიანი ყოველ დღე იბრძვის, რომ შვილები ჯანსაღი საკვებით უზრუნველყონ. სამყაროში, რომელშიც ყველასათვის საკმარისი საკვები იწარმოება, 690 მილიონი ადამიანი მაინც მშიერი იძინებს.

ყველაზე მწვავე ვითარება შიმშილის მხრივ აზიასა და აფრიკაშია. გლობალური შიმშილის ინდექსის* მიხედვით ყველაზე რთული მდგომარეობა შემდეგ ხუთ ქვეყანაში აღინიშნება:


1. ჩადი

ჩადი მსოფლიო შიმშილის ინდექსის მიხედვით 2019 წელს მესამე ადგილზე, ხოლო 2017 და 2018 წლებში მეორე ადგილზე იყო. ამისი მიზეზი კლიმატის ცვლილების მიერ განპირობებული სასურსათო დაუცველობა გახლავთ. ჩადი იმ სახელმწიფოთა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელშიც ხუთ წლამდე ბავშვების 10%-ზე მეტი იღუპება.



2. ტიმორი-ლესტე

ტიმორი-ლესტეს 1,2-მილიონიანი მოსახლეობის მესამედი ქრონიკულ სასურსათო დაუცველობას განიცდის, რასაც რიგმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი. სახელმწიფოში წყლისა და სანიტარიული ინფრასტრუქტურა ცუდადაა განვითარებული, რაც სხვასხვა დაავადებების გავრცელებას იწვევს. ხშირი ავადობა კი ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს, საკვები ნივთიერებების ათვისებაში უშლის ხელს.


3. მადაგასკარი

მადაგასკარში, ამ ჩამონათვალში მოცემულ ორ ქვეყანასთან ერთად, საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საკვების დეფიციტის შემაშფოთებელი ზრდაა. 2020 წლის დასაწყისში, COVID-19 პანდემიის გავრცელებამდე, გაერომ მადაგასკარსა და მის მეზობელ ქვეყნებში შიმშილის უპრეცედენტო დონე გამოაცხადა.


4. ჰაიტი

დასავლეთ ნახევარსფეროში შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰაიტის აქვს. კუნძულოვან ქვეყანაში შიმშილის გამძაფრებას სტიქიურმა მოვლენებმა შეუწყო ხელი. 2019 წლის დასაწყისში 2.6 მილიონი ჰაიტიელი საკვების ნაკლებობას განიცდიდა. ერთი წლის შემდეგ კი ეს რიცხვი თითქმის 3.7 მილიონამდე გაიზარდა. კრიზისის გამო, ჰაიტიში ქრონიკული შიმშილი დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დაემუქრა.

5. მოზამბიკი

მოზამბიკში მოშიმშილეთა რიცხვი დღესდღეობით იზრდება. ამჟამად მისი ინდექსი 32,6-ია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოზამბიკელთა თითქმის მესამედი ქრონიკული შიმშილის წინაშე დგას.


* მსოფლიო შიმშილის ინდექსი აერთიანებს სამ პუნქტს: არასაკმარისი საკვები, ბავშვის დაბალწონიანობა და ბავშვთა სიკვდილიანობა.

განმაპირობებელი ფაქტორები


1. სიღარიბე

შიმშილის გამომწვევი მთავარი მიზეზი სიღარიბეა. მილიონობით ადამიანს არ აქვს საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელი სურსათის შეძენის ფული, მით უმეტეს, როცა საკვები პროდუქტების ფასი, მოსახლეობისა და სურსათზე მოთხოვნის შესაბამისად, იზრდება. მათ, ვისაც საკუთარი თავის გამოსაკვებად ფინანსური რესურსი არ აქვთ, ხშირად არც ამ პროდუქტების მოყვანის რესურსი აქვთ, რადგან ამისათვის საჭიროა ნაყოფიერი მიწა, მიწის დამუშავებისა და სურსათის შენახვის საშუალებები.


2. "მშიერი სეზონები"

აფრიკაში მცხოვრები ფერმერებისათვის პრობლემას წარმოედგენს ე.წ. "მშიერი სეზონები". კონტინენტზე მდებარე მრავალი ქვეყანა წელიწადის ზოგიერთ სეზონზე, ძირითადად ზამთარსა და გაზაფხულზე, სურსათის მწვავე უკმარისობას განიცდის - ამ დროს უკვე ამოწურულია მოყვანილი სურსათის მარაგი, ხოლო შემდეგი მოსავლის აღებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი. ოჯახები, რომლებიც ძირითადად მოყვანილ მოსავალზე არიან დამოკიდებულნი, ყოველდღიურ რაციონს ამცირებენ და სურსათს "მშიერი სეზონის" შესამსუბუქებლად იმარაგებენ. ეს პროცესი შესაძლოა, რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს.


3. ომი, კონფლიქტი და იძულებითი მიგრაცია

ომი და კონფლიქტი მსოფლიო შიმშილის კიდევ ერთი მიზეზია. მაგალითისთვის, სამხრეთ სუდანში სამოქალაქო ომმა მოსახლეობის მიგრაცია და მეურნეობების მიტოვება გამოიწვია, რამაც სურსათი ხელმიუწვდომელი გახადა. ასევე, ომის გამო მრავალი ადამიანი გაღარიბდა, ხოლო ეკონომიკა გაჩანაგდა. შედეგად, 6 მილიონ ადამიანს შიმშილთან გამკლავება მოუხდა. ანალოგიურად, იემენის კონფლიქტმა გამოიწვია მოსახლეობის 50%-ზე მეტის (დაახლოებით 17 მილიონი ადამიანის) შიმშილი.



4. კლიმატის ცვლილება

ექსტრემალური კლიმატის პირობები ყველაზე მეტად მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებზე ახდენს გავლენას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილება 100 მილიონზე მეტ ადამიანს სიღარიბის ზღვარს მიღმა დატოვებს, რაც შიმშილის გლობალურ პრობლემაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება.


5. კვების რაციონი

შიმშილი მხოლოდ საკვების ნაკლებობას კი არა, უვნებელი საკვების არქონასაც გულისხმობს. ადამიანს სჭირდება მთელი რიგი ნივთიერებებისა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ღარიბი ოჯახები ხშირად მხოლოდ ერთ ან ორ ძირითად საკვებს (მაგალითად სიმინდს ან ხორბალს) მოიხმარენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკმარის მაკროელემენტებსა და ვიტამინებს არ იღებენ.


6. საკვების ფლანგვა

გაერომ დაადგინა, რომ ადამიანები ყოველწლიურად 1.3 ტრილიონ კილოგრამ საჭმელს ვფლანგავთ, რაც მსოფლიო საკვების წარმოების ⅓-ია - იმაზე ორჯერ მეტი, რაც მოშიმშილეთა გამოსაკვებად არის საჭირო.


7. ეკონომიკა

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსარფრთხოებასთან. მაგალითად, ლიბერიაში ეკონომიკური პრობლემები 2014 წლისს ებოლას აფეთქების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. ექვსი წლის შემდეგაც კი, მოსახლეობის 50% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. საერთო ჯამში, ეკონომიკური სტაბილურობისკენ მიმართული მუშაობა მნიშვნელოვნად აისახება ამ სიაში მოყვანილი მსოფლიო შიმშილის სხვა მიზეზებზეც.


კორონავირუსის შედეგი შიმშილის გლობალურ პრობლემაზე


მსოფლიოში პანდემიის შედეგი შიმშილის პრობლემაზეც მწვავედ აისახა. პირველ რიგში, ეკონომიკური კრიზისისა და შემოსავალის შემცირების გამო უფრო მეტ ადამიანს უჭირს საკუთარი თავის საკვებით უზრუნველყოფა. მსოფლიოში 3.3 მილიარდი ადამიანია ოფიციალურად დასაქმებული. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის გამო დასაქმებულთა ნახევარს სამუშაოს დაკარგვა ემუქრება, რაც, ცხადია, შიმშილის პრობლემის გამწვავებაში აისახება. მეორე მიზეზი არის მიწოდების პრობლემა, რომელიც თავს იჩენს პროდუქციის გადაზიდვისას ან მუშახელის ნაკლებობისას - საზღვრების ჩაკეტვამ და საერთაშრისო ვაჭრობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა სოფლის მეურნეობას პრობლემა შეუქმნა.


ვარაუდობენ, რომ გასულ წელს პანდემიით გამოწვეული შიმშლით ყოველდღიურად 12 000 ადამიანი იღუპებოდა. 2020 წელს კოვიდ-19-მა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მილიონობით ადამიანი დააზარალა და სამწუხაროდ, ეს პრობლემა 2021 წლის დადგომასთან ერთად არ გადაჭრილა. შიმშილის წინაშე მდგარი მოსახლეობისათვის 2021 წელი უაღრესად რთული იქნება.


რამდენად რეალურია შიმშილის აღმოფხვრა 2030 წლისთვის?


ნულოვანი შიმშილის მიღწევა 2030 წლისთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ამის გაკეთება საზოგადოების აქტიური მონაწილეობითა და სწორად განაწილებული ფინანსური რესურსის მეშვეობითაა შესაძლებელი. საჭიროა ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში უკეთესი ინვესტიციების განხორციელებას და მისი მდგრადობის უზრუნველყოფას, ბავშვთა და ქალთა ჯანმრთელობის დაცვას, კვების პროგრამებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას და კლიმატის მიმართ მდგრადი ადგილობრივი კვების კულტურების წარმოებას. ეს ის გადამწყვეტი პრაქტიკებია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აკისრია შიმშილის დაძლევაში და 2030 წლისთვის ნულოვანი შიმშილის სამყაროს შექმნაში.


აქ ჩამოთვლილია 5 ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია, რომელიც შიმშილის აღმოსაფხვრელად იბრძვის.


1. მოქმედება შიმშილის წინააღმდეგ (Action Against Hunger)

ეს ორგანიზაცია 45 ქვეყანაში უწევს დახმარებას შიმშილის წინაშე მყოფ ხალხს. იგი უკვე 40 წელია არსებობს. ორგანიზაციისათვის გადარიცხული ყოველი 1 დოლარიდან 0.93 $ დოლარი მის პროგრამებზე იხარჯება.


2. ვკვებავთ ამერიკას (Feeding America)

Feeding America არის ყველაზე დიდი ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც შიმშილის ებრძვის. მან ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი ‘საკვები ბანკის’* ფილიალი გახსნა და ის ყოველწლიურად 46 მილიონზე მეტ ადამიანს ეხმარება.


*საწყობი, რომელშიც მსურველების მიერ გაღებული საკვები პროდუქტები შეინახება, შემდეგ კი განაწილდება ბენეფიციარებზე.

3. კერძები ბორბლებზე (Meals on Wheels)

ეს ორგანიზაცია 1954 წელს, ფილადელფიაში დაარსდა, დღეს კი მთელ ამერიკაში მუშაობს. ორგანიზაცია საკვებით უზრუნველყოფს ინდივიდუალური საჭიროების ან ფინანსური თუ სხვა ტიპის პრობლემების მქონე ამერიკელ მოხუცებს.


4. პენსიონერთა ამერიკული ასოციაცია (AARP)

ამ ეტაპზე, AARP Foundation-ის კამპანიები 10 მილიონ ზრდასრულს ეხმარება, რომელთაც შიმშილი ემუქრება.


5. არცერთი მშიერი ბავშვი (No Kid Hungry)

ეს ამერიკული ორგანიზაცია ბავშვთა შიმშილს ისეთი პროგრამებით ებრძვის, როგორიცაა 'საზაფხულო კერძები' (summer meals), 'სკოლის საუზმე' (school breakfast) და ა.შ.

შიმშილის აღმოსაფხვრელად ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. შიმშილის აღმოფხვრა ვერ მოხერხდება, თუ ორგანიზაციები მარტო იმუშავებენ. 2030 წლისთვის შიმშილისაგან თავისუფალი სამყაროს დასანახად მთავრობების, მოქალაქეების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობაა საჭირო. შესაბამისად, გთავაზობთ ხერხებს, თუ როგორ შეგიძლია შეიტანო წვლილი გლობალური შიმშლის აღმოფხვრაში:

  • პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სურსათის ფლანგვის შემცირება. ეცადეთ, რომ იმაზე მეტი არ გადმოიღოთ თეფშზე, ვიდრე გჭირდებათ, რათა შემდეგ საკვების გადაყრა არ მოგიწიოთ;

  • შეგიძლიათდაუკავშრდეთსაერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებს და შესთავაზოთ ფინანსური დახმარება ან მოხალისეობრივი საქმიანობა. საქართველოში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სხვა სფეროებს შორის, შიმშილის განხრითაც მუშაობს, მაგალითად ჰელფინგ ჰენდი (Helping Hand), მოხალისეთა ჰაბი (Volunteer Hub), ენკენია (Enkenia) და სხვა. ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათთან მოხალისეობა განსაკუთრებით მნიშვნელვანია ახლა, გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენი მრავალი თანამოქალაქე შიმშილის წინაშე დგას. მოხალისეობის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ჩვენს შემდეგ სტატიაში იხილავთ, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი ადგილობრივი ორგანიზაციების შესახებ მეტის გაგებას შეძლებთ შემდეგ ბმულებზე:

https://www.helpinghand.ge/

https://www.facebook.com/VolunteerHubGeorgia/

https://www.facebook.com/enkenia.ge/


ავტორები: ნინი მამულაშვილი, ნინი სუბარი და თინათინ გრძელიშვილი

327 views0 comments