"ნორვეგიული დღიური" - რეცენზია

Updated: Sep 8, 2021

„ნორვეგიული დღიური“ ბევრი რამით გამორჩეული წიგნია. ეს არა მხატვრული ამბავი, არამედ ავტორის უშუალო მონოლოგია მკითხველთან. წიგნის სტრუქტურაც ძალიან საინტერესოა. თითოეული თავი განსხვავებულ ამბავს ჰყვება: ავტორის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს, ანდაც გამოჩენილი ნორვეგიელების ასავალ-დასავალს. ამ თავებს ერთმანეთთან მხოლოდ ავტორის ინტერესი აკავშირებს. ჰო, და კიდევ, ნორვეგია.


წიგნს ზედმიწევნით აღწერს სათაურიც: ეს არის დღიური ნორვეგიაში ნატურალისტური და ლიტერატურული მოგზაურობის შესახებ. ნაწარმოებით აუცილებლად ისიამოვნებდა ბუნების, ლიტერატურისა და მოგზაურობის მოყვარული ადამიანი.


ყველაზე მეტად კი ალბათ ის ისიამოვნებდა, ვინც გულწრფელ ადამიანსა და მთხრობელს ეძებს; ვისაც აინტერესებს სხვა ადამიანის ცხოვრების წესი ან გულწრფელი დამოკიდებულება ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ.


ალბათ, სწორედ ამ გულწრფელობის გამო გასდევს წიგნს სევდანარევი ბედნიერებისა და მონატრების კვალი.

თქმაც არ უნდა, წიგნი მარტივად იკითხება უშუალო ტონისა და მცირე ზომის გამო. გეგონება, ავტორი პირადად გელაპარაკებაო, ჰოდა, როგორ გინდა, ასეთი საინტერესო მონოლოგი შეაწყვეტინო?

ნაწარმოებში უამრავი საინტერესო ამბავია მოთხრობილი, ზოგი ნორვეგიის ისტორიაზე, ზოგი თანამედროვე ნორვეგიაზე, ზოგი ნორვეგიელ მწერლებზე, ზოგიც ავტორის ცხოვრებაზე. მოგვითხრობს უცნაურ, უსიტყვო მეგობრობაზეც. საერთოდ, ბევრ უცნაურობაზე მოგვითხრობს, ბევრი რამის ალტერნატივას გვთავაზობს - იქნება ეს მოგზაურობის, ურთიერთობისა თუ ცხოვრების წესები. ამბის დასასრულს ხშირად გაგკენწლავს გულში საქართველოსა და ქართველების დარდი. ეს პარალელი ნორვეგიასა და საქართველოს, თუ ნორვეგიელებსა და ქართველებს შორის, ცხადია, ავტორის ჩანაფიქრია. დიდი სიფრთხილით შერჩეული სულ თითო-ოროლა წინადადებები ოსტატურად ახერხებს მკითხველის ჯერ გაოცებას, შემდეგ კი - დაფიქრებას.


ალბათ, დღიურის ფორმატიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ნაწარმოები თითქოს საერთო დარდით იწყება და პირადით მთავრდება. იწყება ნორვეგიელების ამბებით, თანდათანობით იკვეთება მთხრობელი ნაწარმოებში და მთავრდება ადამიანური სიახლოვის მნიშვნელობით, რომელიც ასე გვაკლია და რომელსაც ასე იშვიათად ვპოულობთ.


წიგნს ძალიან კარგი დასასრული აქვს. ზუსტად გადმოსცემს იმ გრძნობას, ცხოვრების განსაკუთრებულ მომენტებში რომ გვეუფლება - სამყაროსა და ადამიანის ერთიანობის გრძნობას. ასეთი მომენტის გამოჭერა რთულია, მაგრამ ხანდახან, დავიწყებული მოგონების ან ადამიანის აღმოჩენისას, მათი მნიშველობის ხელახლა გააზრებისას, მათთან მიბრუნებისას... აი, ასეთ მომენტებში გვეუფლება ხოლმე გრძნობა, რომელიც ადამიანად ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული გამოცდილებაა და რომელიც წიგნის დასასრულს, ავტორმა უზუსტესი წინადადებით აღწერა.


ავტორი: ნინი სუბარი

36 views0 comments