მსოფლიოს ამბები

Updated: Sep 4, 2021

“მსურდა დამეხატა ადამიანები, რომლებიც მე მგავდნენ” - 12 წლის გოგონა, რომელიც შავკანიან ადამიანებს მაისურებზე ხატავს, მსოფლიომ გაიცნო.


კარანტინმა, უარყოფითთან ერთად, ზოგიერთი ადამიანისათვის ბევრი კარგიც მოიტანა. ზოგმა თავისი ჰობისთვის მოიცალა, ზოგმა ახალი გამოწვევები მიიღო, ზოგმა ახალი ნიჭიც კი აღმოაჩინა. ერთ-ერთმა ასეთმა გოგომ კი თავისი ოცნება რეალობად აქცია და მაისურებზე დაბეჭდილი თავისი ნახატები მთელ მსოფლიოს გააცნო.

კელეჩი 12 წლის გოგონაა ლონდონიდან, რომლის ნახატები უკვე მთელ მსოფლიოში იყიდება. მან ხატვა პირველი ჩაკეტვისას დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, სურდა დაეხატა ადამიანები, რომლებიც მას ჰგავდნენ. მისიმშობლები იმდენად აღფრთოვანებულები იყვნენ გოგონას ნაშრომებით, რომ მათი მაისურებზე დაბეჭვდა დაიწყეს. ახლა კელეჩი ცდილობს სკოლის პარალელურად გააგრძელოს შეკვეთების მიღება. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ბედნიერია, როდესაც ფიქრობს, რომ მაისურები თავისი შექმნილია და ხალხს მათი ყიდვა სურს.

მოხალისეებმა მდინარე ტენესიდან 4090 კილოგრამი ნაგავი ამოიღეს.


დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გარემოს დაბინძურებაა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებასა და საზოგადოებას. დადგენილია, რომ მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი მიზეზების 40% წყლის, ჰაერისადა ნიადაგის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, იქმნება მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ადგილს ასუფთავებენ. ერთ-ერთმა ასეთმა ჯგუფმა აშშ-ს ყველაზე ბინძური მდინარე ტენესიდან 4 ტონაზე მეტი ნაგავი ამოიღო. ისინი მიზნად ისახავდნენ წლის ბოლომდე მდინარიდან 45 ტონა ნაგვის ამოღებას. ტენესი მდინარე ოჰაიოს 1049 კილომეტრიანი შენაკადია. 2019 წელს მკვლევრების თქმით, ტენესი პლასტმასის მდინარეს უფრო ჰგავს. მოხალისეთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა გაასუფთავოს მდინარე და დაუბრუნოს მას პირვანდელი სახე.

ფრანგი სტუდენტები საკვებს ერთ ევროდ მიიღებენ


უნივერსიტეტების ფსიქოლოგების აზრით, იზოლაციის, უმოქმედობისა და სამუშაო ბაზრების ჩაკეტვის გამო ბევრი სტუდენტი პრობლემის წინაშე დადგა. მათ დაკარგეს დროებითი სამუშაოები - უმრავლესობისათვის, შემოსავლის ერთადერთი წყარო - შესაბამისად, დაკარგეს ნოყიერი საკვების შეძენის შესაძლებლობაც. ამ პრობლემამ ფრანგი სტუდენტები ქუჩაში გამოიყვანა და აიძულა, მთავრობისგან მეტი ყურადღება მოეთხოვათ. ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტი ყოველდღიურად შეძლებდა ორჯერადი კვების ერთ ევროდ შეძენას, რაც მათ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა.

ილონ მასკი 100 მილიონი დოლარით დაასაჩუქრებს მას, ვინც ნახშირჟანგის ემისიის შემცირების უკეთეს ტექნოლოგიას შეიმუშავებს.


ტექნოლოგიების მაგნატმა ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ ას მილიონ დოლარს გადასცემს მას, ვინც არსებულზე „უკეთეს“ ტექნოლოგიას შეიმუშავებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიის შესამცირებლად. მასკმა ეს ტვიტერზე გამოაქვეყნა და განმარტა, რომ დეტალებზე მალე ისაუბრებს. მასკის ეს განცხადება უკავშირდება აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას - დაჩქარდეს ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების ტექნოლოგიის განვითარება.

სტატიის ავტორი: ნინი მამულაშვილი

127 views0 comments