ყველაფერი მარსის შესახებ

Updated: Sep 4, 2021

არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შეუცნობლისაკენ გული არ მიუწევს. სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე, პირველი სამეცნიერო სტატია მარსისთვის დამეთმო.


მარსის პროფილი

  1. მარსი მზის სისტემაში მეოთხე პლანეტაა.

  2. ერთი მარსული დღე 24.6 საათი გრძელდება, რადგან ის დედამიწასთან შედარებით თავისი ღერძის გარშემო უფრო ნელა ტრიალებს. ერთი მარსული წელიწადი 687 დედამიწური (და 670 მარსული) დღე გრძელდება, რადგან მისი ორბიტა ბევრად დიდია, ვიდრე დედამიწისა და, შესაბამისად, სრული წირის შემოსაწერად მეტი დრო სჭირდება.

  3. მარსის დიამეტრი 6779 კმ-ს შეადგენს, რაც დედამიწის დიამეტრზე თითქმის ორჯერ პატარაა. სიდიდით, ანუ მოცულობით, მარსი დედამიწაზე დაახლოებით შვიდჯერ პატარაა, რაც სფეროს მოცულობის გამოსათვლელი ფორმულიდანაც ჩანს ().

  4. მარსის ნიადაგი მდიდარია რკინის ოქსიდით. სწორედ ეს ნივთიერება განაპირობებს პლანეტის წითელ, ჟანგისფერ შეფერილობას.

  5. დედამიწიდან მარსი შეუიარაღებელი თვალით თითქმის ყოველთვის ჩანს. ღამის ციდან მხოლოდ მაშინ ქრება, როდესაც იგი დედამიწას უკიდურესად შორდება. ხანდახან პირიქით, იმდენად უახლოვდება, რომ მკაფიოდ ჩანს მარსის წითელი შეფერილობა.

  6. ანტიკურ საბერძნეთში მარსს 'არესს' უწოდებდნენ. თანამედროვე სახელწოდება კი რომიდან გავრცელდა. საინტერესოა, რომ 'არესიც' და 'მარსიც' შესაბამის კულტურებში ომის ღმერთები არიან. როგორც ჩანს, ციური სხეულის შეფერილობა ასოციაციურად სისხლს დაუკავშირეს, სისხლი კი - ომს და სახელიც ამის მიხედვით უწოდეს.

  7. მარსს ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი. ბერძნულ მითოლოგიაში ეს ორი სახელი არესის ტყუპ ვაჟიშვილებს ეკუთვნით, რომლებიც მამას ყოველთვის დაჰყვებოდნენ ომში. რაც შეეხება ამ სახელების მნიშვნელობას, ფობოსი შიშს, დეიმოსი კი პანიკას აღნიშნავს.

  8. რა გასაკვირია და, მარსი ცივი პლანეტაა - ის ხომ მზიდან საკმაოდ შორს მდებარეობს. მის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა -62°C-ს შეადგენს.

  9. ამ ციური სხეულის ზედაპირი უსწორმასწოროა. მასზე გვხვდება მრავალი კანიონი, ვულკანი, კრატერი, დამშრალი ტბის ფსკერი. მარსის თითქმის მთელი ზედაპირი წითელი მტვრითაა დაფარული.

  10. დედამიწის მსგავსად, ქარი და ღრუბლები მარსზეც არის. ზოგჯერ ქარი იმდენად ძლიერდება, რომ ქვიშის ქარბუქს წარმოქმნის. ხანდახან მსგავსი ქარბუქი მთელ პლანეტასაც კი ფარავს. ამ მოვლენების დანახვა ტელესკოპის მეშვეობით დედამიწიდანაც შეიძლება.

  11. მარსს დედამიწასთან შედარებით მიზიდულობის უფრო ნაკლები ძალა (ფიზიკური მუდმივა - g) აქვს. თვალსაჩინოებისთვის, თანაბარი სიმაღლიდან გადმოგდებული ერთი და იგივე ქვა დედამიწაზე უფრო მალე დავარდება, ვიდრე მარსზე, ხოლო სხეული, რომელიც დედამიწაზე 100 კილოგრამს იწონის, მარსზე მხოლოდ 38 კილოგრამი იქნება.

  12. მარსის ატმოსფერო ბევრად უფრო თხელია. ის შედგება 95% ნახშრორჟანგისაგან, 3% აზოტისაგან, 1.5% არგონისაგან, ხოლო ჟანგბადის წილი 1%-საც არ აღემატება.

მარსის ისტორია


იგი 4.5 მილიარდი წლის წინ შეიქმნა მზის სისტემასთან ერთად - მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით, კოსმოსური მტვერი და გაზი ერთმანეთს შეუერთდა და დროთა განმავლობაში პლანეტა მარსი წარმოქმნა.

მარსის არსებობის შესახებ დედამიწელებმა ჯერ კიდევ 4000 წლის წინ იცოდნენ - ასე თარიღდება უძველესი ჩანაწერი ამ ციური სხეულის შესახებ. მიუხედავად ამისა, ვარაუდი, რომ მარსი პლანეტაა, პირველად მხოლოდ 500 წლის წინ გამოითქვა ნიკოლაუს კოპერნიკმა. ცხადია, ეს აზრი კოპერნიკის მთავარი დანატოვარის - ჰელიოცენტრიზმის ერთ-ერთი კომპონენტი იყო.

სიცოცხლე მარსზე


ჯერჯერობით, მარსზე არცერთი ცოცხალი ორგანიზმი არ აღმოგვიჩენია. სამაგიეროდ, ნაპოვნია მრავალი ირიბი მტკიცებულება, რომ პლანეტაზე მართლაც მიმდინარეობს ან ადრე მიმდინარეობდა ბიოლოგიური პროცესები. ამ ირიბი მტკიცებულებებიდან შეიძლება ამოვარჩიოთ ორი: წყლის კვალი და მეთანის აღმოჩენა.

სანამ მარსზე წარმოებული მისიებისა და აღმოჩენების ქრონოლოგიას მოვყვებოდეთ, ჯერ აუცილებლად უნდა ავხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს წყალსა და მეთანს სიცოცხლის არსებობისათვის.

პირველ რიგში, მოდით, მეთანის შემთხვევა განვიხილოთ. მარსის ატმოსფეროში მეთანის არსებობა შეიძლება ორნაირად ავხსნათ - გეოლოგიურად ან ბიოლოგიურად. მეთანი გეოლოგიურად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც პლანეტის ქერქში წყალი ცხელ ქვასთან ურთიერთქმედებს. შემდეგ, გაზი ქერქის ფორების მეშვეობით ზემოთ, ატმოსფეროსაკენ იკვლევს გზას. ხოლო ბიოლოგიურად მეთანი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც პლანეტის ზედაპირის ქვეშ მიკროორგანიზმები ბინადრობენ. იმ შემთხვევაში, თუ მეთანი ბიოლოგიური გზით გამოიყოფა და არა გეოლოგიურით, ცხადია, მარსზე სიცოცხლე არსებობს. თუმცა ჯერჯერობით ამის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მარსის ატმოსფეროში მეთანის დაშლის მრავალი საშუალება არსებობს. სწორედ ამიტომ, აღმოჩენილი მეთანის საკმაოდ დიდი ღრუბელი იმაზე მიანიშნებს, რომ რომელიღაც მიმდინარე პროცესი ამ გაზის ძალიან დიდ რაოდენობას გამოყოფს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეთანის ზოგიერთ ღრუბელში წყლის ორთქლიც არის დაფიქსირებული.

რაც შეეხება თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფ წყალს, ის სიცოცხლის არსებობის მთავარი წინაპირობაა. დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ წყალში ჩაისახა - აქ გაჩნდნენ პირველი ორგანიზმები. მაგრამ რა განსაკუთრებული თვისება აქვს წყალს, რომ სიცოცხლის არსებობას შესაძლებელს ხდის? ან საერთოდაც, რა არის აუცილებელი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - ცოცხალი ორგანიზმებისათვის აუცილებელია ორგანული პროცესი, იგივე ნივთიერებათა ცვლა. ამისათვის კი წყალი იდეალური გარემოა. პირველ რიგში, ის კარგი გამხსნელია, რაც ორგანიზმში დიფუზიის მეშვეობით ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს. ამასთანავე, წყალს აქვს სითბოს შეკავების უნარი, რაც ქიმიური პროცესების წარმოებისათვის ასევე აუცილებელია.

ახლა გასაგებია, თუ რატომ წარმოადგენს წყალი დედამიწაზე სიცოცხლისათვის შესაფერის გარემოს. თუმცა, ხომ შეიძლება, რომ მარსზე სრულიად განსხვავებული ნივთიერებები ან უკეთესი გამხსნელები გვხვდება? უნდა გიპასუხოთ, რომ ნაკლებად სარწმუნოა, დედამიწისა და მარსის ქიმიური შემადგენლობა არსებითად განსხვავდებოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მზის სისტემის პლანეტები მსგავსი ნივთიერებებისაგან ერთდროულად ჩამოყალიბდნენ.


მარსზე წარმოებული მისიები


მარსთან დაკავშირებული ყოველი აღმოჩენა ძალიან მყიფეა. ხშირად, დასკვნები წინსწრებით გამოგვიტანია და შეცდომებიც დაგვიშვია. ამ სტატიაში კი მხოლოდ იმას მოგითხრობთ, რაც დანამდვილებით არის ცნობილი.


მარსზე პირველი მისია NASA-მ აწარმოა. 1964 წელს NASA-მ მარსზე გააგზავნა კოსმოსური ხომალდი, სახელად ‘Mariner 3’ (მეზღვაური), თუმცა მან მარსამდე ვერ მიაღწია ტექნიკური პრობლემის გამო და 3 კვირაში ‘Mariner 4’-იც გაუშვეს. ეს მისია ‘flyby’ იყო, რაც ციური სხეულის სიახლოვეს ჩაფრენას და ფოტოების გადაღებას გულისხმობდა. მართლაც, 1965 წლის 14 ივლისს ‘Mariner 4’-მა მარსის პირველი ფოტოები გადაიღო.

შემდეგი მისია 1969 წელს განხორციელდა. ის მოიცავდა ორი რობოტის, ‘Mariner 6’-სა და ‘Mariner 7’-ის გაგზავნას (რაც შეეხება Mariner 5-ს, ის პლანეტა ვენერას გამოსაკვლევად გაუშვეს). ამ რობოტების მიზანიც მარსის სიახლოვეს ჩაფრენა და მისთვის ფოტოების გადაღება იყო.

1971 წელს მარსზე პირველი ხელოვნური თანამგზავრი, ‘Mariner 8’ გააგზავნეს, თუმცა წარუმატებლად. 3 კვირის შემდეგ ‘Mariner 9’ გაუშვეს, რომელიც მართლაც გახდა მარსის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. ეს თანამგზავრი შეესწრო ქარბუქს, რომელიც მთელ პლანეტას ფარავდა. 1 თვის შემდეგ ქარი ჩადგა და ‘Mariner 9’ საქმეს - ფოტოების გადაღებას შეუდგა. მან მარსის ზედაპირის 100% აღბეჭდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ უზარმაზარი კანიონი და დამშრალი მდინარის მიერ გაყვანილი კალაპოტები.

შემდეგი მისია 1976 წელს დაიწყო. მარსის ზედაპირზე პირველად დაეშვა ორი “ლენდერი” (მოწყობილობა, რომელსაც სიარულის უნარი არ აქვს) – ‘Viking 1’ და ‘Viking 2’. სხვათა შორის, მათ, ზედაპირის ფოტოების გადაღების გარდა, რამდენიმე ექსპერიმენტიც ჩაატარეს მარსზე სიცოცხლის არსებობის შესამოწმებლად. ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა პლანეტაზე გარკვეული ქიმიური აქტივობა შენიშნეს, თუმცა ბიოლოგიური - ვერა.

1992 წელს, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, NASA-მ მარსზე თანამგზავრი გაგზავნა, თუმცა მასთან კონტაქტი გზაში დაიკარგა.

1997 წელს კი მარსზე პირველი “როვერი” დაეშვა - რობოტი, რომელსაც სიარულის უნარი აქვს. ამ როვერს ‘Mars Pathfinder’ ეწოდება. ის პირველი მისია იყო, რომელიც მარსზე პარაშუტის მეშვეობით დაეშვა. რობოტმა მარსის ატმოსფეროს, ნიადაგისა და ამინდის შესახებ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მოგვაწოდა. მაგალითად, ამ მისიამ იპოვა ქვები და კენჭები, რომელთა ფორმირებაც უთუოდ წყალში უნდა მომხდარიყო; შეამჩნია წყლის ყინულის ღრუბლები ატმოსფეროში და სხვა.

შემდეგი მისია ‘Mars Global Surveyor’ გახლავთ. ის 1996 წელს გაგზავნილი თანამგზავრია. მან მარსის ზედაპირზე დააფიქსირა გაჭრილი კალაპოტები და მათში ხრეშის მოძრაობა. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარსის ზედაპირზე ან მასთან ახლოს თხევადი წყალი ოდესღაც არსებობდა.

შემდეგი მისია, ‘Mars Climate Orbiter’ წარუმატებელი აღმოჩნდა. წესით ისიც მარსის თანამგზავრი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი ზედმეტად შეიჭრა მარსის ატმოსფეროში, რის გამოც ცეცხლი მოეკიდა. იგივე ბედი ეწია შემდეგ მისიასაც - ‘Mars Polar Lander/Deep Space 2’-ს.

სამაგიეროდ, ‘2001 Mars Odyssey’ აღმოჩნდა უაღრესად წარმატებული. 2001 წელს გაშვებული ეს თანამგზავრი დღესაც კი აგრძელებს მარსზე მუშაობას. მისი მეშვეობით აღმოვაჩინეთ რეგიონები, რომლებშიც გაყინული წყალია დამარხული. ასევე გავიგეთ, რომ მარსზე მზის გამოსხივება ორჯერ მეტია, ვიდრე დედამიწაზე.

2003 წელს ‘European Space Agency’-ს მიერ მარსზე გაგზავნილმა მისიამ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა. კერძოდ ის, რომ პლანეტაზე შეინიშნება გლაციოლოგიური და ვულკანური აქტივობა და მეთანის აირი პლანეტის ატმოსფეროში.

წარსულში მარსზე წყლის არსებობის შესახებ მრავალი ინფორმაცია მოგვაწოდეს 2003 წელს გაგზავნილმა ტყუპმა როვერებმა - ‘Spirit’-მა და ‘Opportunity’-მ. მათ პლანეტის ზოგიერთ რეგიონში წყალი აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა, მიკროორგანიზმების ბინა ყოფილიყო.

2005 წელს NASA-მ ‘Mars Reconnaissance Orbiter’ გაუშვა. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კოსმოსში გაშვებული თანამგზავრებიდან ყველაზე მძლავრი კამერა მას აქვს. შედარებისათვის, მარსზე გაგზავნილი სხვა თანამგზავრების კამერებს მხოლოდ იმის დაფიქსირება შეეძლოთ, რაც სიდიდით სასადილო მაგიდას მაინც გაუტოლდებოდა, ‘Reconessaince Orbiter’-ს კი თეფიშისოდენა ობიექტების დაფიქსირებაც კი შეუძლია. ეს მისია დღესაც გრძელდება.

მარსს პოლარული რეგიონიც აქვს. დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა, ამ პოლუსზე ყინულიც არსებულიყო, რის გამოც პოლარული რეგიონი ყოველთვის იყო ინტერესის საგანი, თუმცა 2007 წლამდე მისი გამოკვლევის არცერთმა მცდელობამ არ გაამართლა. 2007 წელს კი NASA-მ კიდევ ერთხელ სცადა ბედი და პლანეტაზე ‘Mars Phoenix’ გააგზავნა. ეს “ლენდერი” პოლუსთან ახლოს დაეშვა და მიწისქვეშ ყინულის პოვნის იმედით ნიადაგის თხრა დაიწყო. მართლაც, ლენდერმა დიდი რაოდენობით ყინული იპოვა.

2011 წელს NASA-მ მარსზე ყველაზე მრავალფუნქციური რობოტი გაუშვა - ‘Curiosity’. ის ჯერ კიდევ მოქმედებს და მისი მისიაა პასუხის გაცემა შეკითხვაზე: არსებობდა თუარა მარსზე ოდესმე სიცოცხლისათვის (მიკრობებისთვის) ხელსაყრელი პირობები? მისიის დასაწყისშივე, ‘Curiosity’-მ იპოვა ქიმიური და მინერალური მტკიცებულება იმისა, რომ მარსზე წარსულში არსებობდა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო. ეს “როვერი” იკვლევს მარსის ზედაპირისა და ქანების გეოლოგიურ და ქიმიურ აგებულებას, განსაკუთრებით კი, ამ ქანების შესაძლო ურთიერთქმედებას წყალთან. ‘Curiosity’ სიმაღლით კალათბურთელს უტოლდება, მას აქვს ორმეტრიანი მექანიკური ხელები და 17 კამერა.

2014 წელს მარსზე გააგზავნეს თანამგზავრი, სახელად ‘MAVEN’. მისი მიზანია, მარსის კლიმატის ცვლილების შესახებ შეაგროვოს ინფორმაცია. ჩვენთვის ცნობილია, რომ მარსზე ოდესღაც უფრო სქელი და მჭიდრო ატმოსფერო იყო, რომელიც წყლის თხევად აგრეგატულ მდგომარეობას ხელს უწყობდა. დღესდღეობით, ამ წყლის მიერ დატოვებული კალაპოტებიღა შემორჩა. თანამგზავრი ‘MAVEN’ გვაწვდის ინფორმაციას მარსის ატმოსფეროში არსებული სხვადასხვა აირის შესახებ.

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ 2016 წელს მარსზე თანამგზავრი გაუშვა, რომლის მიზანიც ასევე მარსის ატმოსფეროს, კონკრეტულად კი მასში მეთანისა და სხვა აირების კონცენტრაციის შესწავლაა. ეს მისიაც დღემდე მოქმედებს.

შემდეგი მისია გახლავთ 2018 წელს გაშვებული “ლენდერი” ‘InSight’. იგი ერთადერთია, რომელიც მარსის გეოფიზიკურ თვისებებს, მის აგებულებასა და შექმნის მიზეზებს იკვლევს. ის დღემდე აკვირდება მარსის სეისმოლოგიასა და შინაგან ტემპერატურას.

2020 წლის 19 ივლისს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დედამიწიდან გააგზავნა კოსმოსური ხომალდი სახელად ‘Hope Probe’. ეს ხომალდი 9 თებერვალს გახდა მარსის ხელოვნური თანამგზავრი. მისი მიზანია წითელი პლანეტის ატმოსფეროსა და მისი შრეების გამოკვლევა. ხომალდი პლანეტას 1 მარსული წლის განმავლობაში დააკვირდება.

2020 წლის 23 ივლისს ჩინეთმა მარსზე პირველი მისია გაგზავნა. 2021 წლის 10 თებერვალს კი კოსმოსური ხომალდი Tianwen-1 (სახელწოდება ითარგმნება, როგორც „შეკითხვები ზეცასთან“) პლანეტაზე წარმატებით დაეშვა. მზის ენერიაზე მომუშავე ხომალდი მარსის ზედაპირზე სამი თვის განმავლობაში დარჩება. მისიის მიზანია, მარსის ზედაპირზე დასვას რობოტი, რომელიც შეაგროვებს მონაცემებს წითელ პლანეტაზე არსებული მიწისქვეშა წყლებისა და წარსულში სიცოცხლის არსებობის სავარაუდო ნიშნების შესახებ. მარსის ზედაპირზე კოსმოსური ხომალდის დასმა ძალიან ძნელია, ამიტომ ჩინეთი ამ პროცესის დროს გამოიყენებს პარაშუტს, რაკეტებსა და უსაფრთხოების ბალიშებს.

2020 წლის 30 ივლისს NASA-მ მარსზე კიდევ ერთი მისია გაუშვა. როვერი, რომელსაც ‘Perseverance’ ჰქვია, მარსზე 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვა. ის ერთი ნაბიჯით უსწრებს წინამორბედებს და არა მიკროსკოპული სიცოცხლისათვის წარსულში არსებულ ხელსაყრელ პირობებს, არამედ თავად წარსულ მიკროსკოპულ სიცოცხლეს მოძებნის. მომავალში იგეგმება ამ როვერის მიერ მოპოვებული მასალების დედამიწაზე გამოსაკვლევად გამოგზავნა.

2022 წლისათვის დაგეგმილია კიდევ ერთი როვერის, ‘ExoMars’-ის, გაშვება. ამ მისიის მიზანიც მარსზე წარსულში არსებული სიცოცხლის გამოკვლევა იქნება.

2026 წელს იგეგმება მისია, რომლის მეშვეობითაც დედამიწაზე ‘Perseverance’-ის მიერ შეგროვებულ მასალების ჩამოტანა იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით, ეს გეგმა შემდეგი მიმდევრობით უნდა შესრულდეს: მარსზე გაიგზავნება ლენდერი, რომელიც ‘Perseverance’-თან ახლოს დაეშვება. შემდეგ “როვერი” “ლენდერში” მოპოვებულ მასალებს ჩააწყობს, ის კი რაკეტასავით აიჭრება კოსმოსში და დედამიწაზე ჩამოვა.


ავტორი: ნინი სუბარი

829 views0 comments