კუბიკ-რუბიკის ლოგიკური ისტორია

Updated: Sep 4, 2021

კუბიკ-რუბიკი არის ყველასათვის ცნობილი სათამაშო, რომლის აწყობა, ალბათ, თქვენც გიცდიათ და მალევე მოგბეზრებიათ. დღეს გაიგებთ, თუ რატომ არის ეს ფაზლი და მისი ისტორია ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე თავიდან ჩანს.


კუბიკ-რუბიკი ყოველთვის სათამაშო არ უნდა ყოფილიყო. ის უნგრელმა არქიტექტურის პროფესორმა ერნო რუბიკმა გამოიგონა. მან კუბის პირველი პროტოტიპი ხისგან ააგო, რათა თავის მოსწავლეებს სამ განზომილებაში მოძრავი ფიგურების დიზაინის სწავლაში დახმარებოდა. კუბთან ცოტა ხნის თამაშის შემდეგ, რუბიკმა გადაწყვიტა, კუბის თითოეულ გვერდზე სხვადასხვა ფერის სტიკერები დაეკრო. როდესაც ამ კუბის ტრიალი დაიწყო, მან აღმოაჩინა, რომ არც ისე მარტივი ყოფილა კუბის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. მას კუბის აწყობისათვის 1 თვეზე მეტი დასჭირდა და მიხვდა, როგორი კარგი გასართობი ფაზლი შეუქმნია.

ამის გამო პროფესორმა გადაწყვიტა, რომ კუბი დაეპატენტებინა და სათამაშოდ გაეყიდა. 1977 წელს მან კუბი „ჯადოსნური კუბის“ სახელით უნგრეთში გამოუშვა, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. 1980 წელს რუბიკმა ამერიკულ “Ideal Toy Company”-სთან ხელშეკრულება დადო, რის შემდეგაც სათამაშოს გაყიდვები საერთაშორისო დონეზე დაიწყო „რუბიკის კუბის“ სახელით. კუბმა მალევე მოიპოვა დიდი წარმატება და 1983 წლისთვის 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.


კუბის პოპულარობის გამო ჩემპიონატების ჩატარებაც დაიწყო, სადაც კუბერები (ასე უწოდებენ კუბის ამწყობები თავიანთ თავს) ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს კუბის ჩქარა აწყობაში. 1982 წელს უნგრეთში ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც პირველი მსოფლიო რეკორდი - 22.95 წამი დაამყარეს.


სამწუხაროდ, სათამაშოს პოპულარობა დიდხანს არ გაგრძელებულა, 80-იანებსა და 90-იანებში კუბი ნელ-ნელა კარგავდა პოპულარობას და ისე ჩანდა, თითქოს ყველას გადაავიწყდებოდა, მაგრამ 21-ე საუკუნის დასაწყისში კუბის პოპულარობამ კვლავ იმატა და ახლა სრულიად ახალი თაობა ცდილობდა ამ ფაზლის აწყობას.


კუბის ახლადმოპოვებული პოპულარობის გამო, 2003 წლეს ჩატარდა მეორე მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატები ყოველ მეორე წელს დღემდე ტარდება და საუკეთესო კუბერების სიჩქარეც იმატებს. დღესდღეობით ოფიციალური მსოფლიო რეკორდი - 3.47 წამი - იუშენგ დუს ეკუთვნის. სიჩქარესთან ერთად კუბის აწყობის მეთოდიც უმჯობესდება. დღეს ყველაზე ფართოდ ფრიდრიხის მეთოდი გამოიყენება, რომლითაც ჯერ კუბში ქვევიდან პირველ ორი ფენა იწყობა და ბოლოს ზედა ფენა.


მაგრამ, რამდენად ჩქარა შეიძლება კუბის აწყობა, არ არის ერთადერთი კითხვა, რაც კუბიკ-რუბიკთან ერთად გაჩნდა. ბევრი დაინტერესდა იმით, თუ რამდენად ეფექტურად არის შესაძლებელი კუბის აწყობა. კითხვა რომ ასე ჩამოვაყალიბოთ: კუბი რომ მივცეთ ღმერთს, რომელსაც ყოველთვის შეუძლია იპოვოს კუბის აწყობის ისეთი გზა, რომელიც ყველაზე ნაკლებ მოძრაობას მოთხოვს - მაქსიმუმ რამდენი მოძრაობა დასჭირდებოდა მას კუბის ასაწყობად ნებისმიერი პოზიციიდან? ამის გამო შეარქვეს ამ რიცხვს „ღმერთის რიცხვი“.


ეს კითხვა დიდხანს აწუხებდათ მათემატიკოსებსა და კუბერებს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ თეორიები არსებობდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ღმერთის რიცხვი. ამ კითხვას განსაკუთრებით ის ართულებდა, რომ კუბიკ-რუბიკის დაყენება შესაძლებელია 43 კვინტილიონზე (43,252,003,274,489,856,000) მეტ განსხვავებულ პოზიციაში.


ამ კითხვაზე პასუხი გაიცა 2010 წელს, როდესაც მათემატიკოსებმა და კომპიუტერულმა ინჟინრებმა გუგლის კომპიუტერების დახმარებით ჩაატარეს რამდენიმე კვირიანი სიმულაცია. საბოლოოდ, დადგინდა, რომ კუბის ნებისმიერი პოზიციიდან აწყობა შესაძლებელია 20 მოძრაობაში ან ნაკლებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს 20 მოძრაობა სჭირდებათ კუბის ასაწყობად. ეს მარტო კომპიუტერს თუ შეუძლია. ჩვეულებრივ ადამიანს 6 მოძრაობით დაშლილი კუბის აწყობაც საკმაოდ უჭირს, ამიტომ ადამიანებს სჭირდებათ თავიანთი მეთოდების მოფიქრება კუბიკის აწყობისათვის, რომლებიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგება.

169 views0 comments