კლიმატის ცვლილება: შესავალი

Updated: Sep 4, 2021

დარწმუნებული ვარ, შენც და შენს მეგობრებსაც ბევრჯერ გსმენიათ კლიმატის ცვლილების შესახებ. შესაძლოა, ამ თემით დაინტერესებულხარ კიდეც. ჰოდა, ამ სტატიაში შემოგთავაზებ განახლებულ სტატისტიკასა და დეტალურ ინფორმაციას კლიმატის ცვლილების შესახებ.


იმის გასარკვევად, თუ რა არის კლიმატის ცვლილება, საჭიროა ავხსნათ, თუ რა არის თავად კლიმატი. და საერთოდ, რა განსხვავებაა კლიმატსა და ამინდს შორის?


განსხავვება ამინდსა და კლიმატს შორის


ამინდი ატმოსფეროს ქვედა ფენების მდგომარეობაა განსაზღვრულ დროსა და მოცემულ ადგილზე. მაგალითად, თუ დღეს გარეთ წვიმს, ეს არის დღევანდელი ამინდი და არა ამ ადგილისთვის დამახასიათებელი კლიმატი თუ ჰავა.


კლიმატი კი უფრო მეტია, ვიდრე ერთი ან ორი წვიმიანი დღე. ამინდი რამდენიმე საათში შეიძლება შეიცვალოს, კლიმატს კი ამისათვის ასეულობით და მილიონობით წელი სჭირდება. კლიმატი აღწერს ამინდის მოსალოდნელ პირობებს წლის კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას. ყოველ გეოგრაფიულ რეგიონს თავისთვის დამახასიათებელი ჰავა აქვს. ის შეიძლება იყოს ნალექიანი ან მშრალი, ცხელი ან ცივი. რეგიონის კლიმატი განისაზღვრება 30 წლის ან მეტი დროის განმავლობაში ამინდზე დაკვირვებით. ასე რომ, ერთი წვიმიანი კვირა ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ფინიქსს (არიზონას შტატის დედაქალაქი, სადაც 335 დღის განმავლობაში ნალექი არ მოდის) აქვს მშრალი კლიმატი.

რა არის კლიმატის ცვლილება?


კლიმატის ცვლილება გარემოსთვის დამახასიათებელი პირობების ცვლილებას ნიშნავს, იქნება ეს ტემპერატურა, ნალექის რაოდენობა თუ მყინვარების ფართობი. კლიმატის ცვლილების მაგალითია ის, რომ წლების წინ შეერთებული შტატების დიდი ნაწილი მყინვარებით იყო დაფარული, დღეს კი ეს ტერიტორია ბევრად შემცირებულია.

დედამიწის საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსია, მაგრამ ეს რიცხვი მუდმივად იცვლება - ხან იმატებს, ხან კი იკლებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ტემპერატურა ახლა გაცილებით სწაფად იზრდება. დადგენილია, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში დედამიწის ტემპერატურამ დაახლოებით 0,6 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა. შესაძლოა, ეს მაჩვენებელი საგანგაშო რიცხვად არ ჩანდეს, მაგრამ როდესაც დედამიწის ტემპერატურას ეხება საქმე, ასეთი პატარა ცვლილებაც კი დიდ გავლენას ახდენს.


ტემპერატურის ასეთი მცირე მატებაც კი გამოიწვევს შემდეგ გრძელვადიან ცვლილებებს:

- ნალექების რაოდენობის ცვლილება;

- ზღვის დონის მატება;

- მყინვარების ფართობის შემცირება;

- გრენლანდიის, ანტარქტიკისა და არქტიკის ყინულის საფარის დნობა;

- მცენარეების ყვავილობის ციკლების ცვლილება.



ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ცვლილება (ცელსიუსი).


წყლისა და ნიადაგის საშუალო ტემპერატურის ცვლილება (ცელსიუსი).

რა იწვევს კლიმატის ცვლილებას?


რეალურად, კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია, რომელიც დედამიწას ახასიათებს. მას გარკვეული გეოლოგიური პროცესები იწვევს. ჩვენს პლანეტას რამდენიმეჯერ გამოუვლია დათბობისა და გამყინვარების ფაზები, ამჯერად კი დათბობის ფაზაში იმყოფება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია, საოცრად არაბუნებრივისა და შემაშფოთებელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ამჯერად კლიმატის ცვლილება არა გეოლოგიურმა პროცესებმა, არამედ ჩვენ, ადამიანებმა გამოვიწვიეთ. ჩვენ გადავაადგილდებით ტრანსპორტით, ვათბობთ და ვაგრილებთ სახლებს, ვამზადებთ საჭმელს. ეს ყველაფერი ელექტროენერგიას მოითხოვს. ელექტროენერგიის მიღების ერთ-ერთი საშუალება ნახშირის, ნავთობისა და გაზის დაწვაა. წვის შედეგად გამოიყოფა აირები, რომლებიც ჰაერის ტემპერატურის აწევას იწვევს. დედამიწის ზედაპირიდან სივრცეში გამოსხივებულ მზის ენერგიას შთანთქავს სათბურის აირები და გამოჰყოფს ყველა მიმართულებით. ეს ათბობს როგორც ატმოსფეროს, ასევე დედამიწის ზედაპირს. ამ ეფექტის გარეშე დედამიწაზე ტემპერატურა დაახლოებით 30 გრადუსით ნაკლები იქნებოდა. მაგრამ მრეწველობიდან და მეურნეობიდან გამოყოფილი აირები ამძაფრებს ბუნებრივ სათბურის ეფექტს, აკავებს მეტ მზის ენერგიას და ზრდის ტემპერატურას. სწორედ ეს არის კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზი.


ავტორები: ნინი მამულაშვილი, ნინი სუბარი და თინათინ გრძელიშვილი


75 views0 comments