კლიმატის ცვლილების ისტორია

Updated: Sep 4, 2021

კლიმატის ცვლილება საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს. ასი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევებისა და მონაცემებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პრობლემაა და მასზე ადამიანებიც ახდენენ გავლენას. მოდით, გადავხედოთ ისტორიას:

1800 - მსოფლიოს მოსახლეობამ მიაღწია ერთ მილიარდს.

1824 - ფრანგმა ფიზიკოსმა აღწერა დედამიწის ბუნებრივი „სათბურის ეფექტი“: „ენერგია, რომელიც დედამიწაზე აღწევს, უნდა დაბალანსდეს კოსმოსში ენერგიის დაბრუნებით, რადგან გახურებული ზედაპირი რადიაციას გამოყოფს. დედამიწამ სითბო რომ შეინარჩუნოს, საჭიროა ენერგიის ნაწილის ატმოსფეროში შეკავება.“

1861 - ეგრეთ წოდებულ „სათბურის ეფექტზე“ კვლევები განახლდა 40 წლის შემდეგ. ირლანდიელმა მეცნიერმა ჯონ ტინდალმა დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა სახის აირებს შთანთქავდა მზის შუქი. მისმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქვანახშირის გაზი (შეიცავს ნახშირორჟანგს, მეთანსა და აქროლად ნახშირწყალბადებს) განსაკუთრებით ეფექტურად ითვისებს ენერგიას.

1895 წლისთვის შვედი ქიმიკოსი სვანტე არენიუსი დაინტერესდა, შეიძლება თუ არა ვულკანური აქტივობის შემცირებამ CO2-ის დონე შეამციროს. მისმა გამოთვლამ აჩვენა, რომ CO2– ის დონის განახევრების შემთხვევაში, გლობალური ტემპერატურა შეიძლება შემცირდეს დაახლოებით 5 გრადუსი ცელსიუსით.

1927 - ყოველწლიურად ნახშირორჟანგის გამოყოფამ წიაღისეულის წვისა და მრეწველობიდან ერთ მილიარდ ტონას მიაღწია.

1930 - მსოფლიო მოსახლეობამ ორ მილიარდს მიაღწია.

1938 - მსოფლიოს 147 მეტეოსადგურის ჩანაწერის გამოყენებით, ბრიტანელმა ინჟინერმა გაი კალენდარმა აჩვენა, რომ წინა საუკუნესთან შედარებით ტემპერატურა გაიზარდა. მან ასევე თქვა, რომ CO2 - ის კონცენტრაცია გაიზარდა, რამაც დათბობა გამოიწვია. „კალენდარის ეფექტს“ უარყოფდნენ მეტეოროლოგები. ამხელა ყურადღებამ კი ბიძგი მისცა მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, უფრო დიდი ყურადღება მიექციათ კლიმატისთვის და CO2 დონისთვის.

1958 - ჩარლზ დევინ კილინგმა ანტარქტიდაში დაიწყო ატმოსფერული ნახშირორჟანგის სისტემატური გაზომვა. ოთხ წლის შემდეგ კი ეს პროქტი გახდა პირველი უტყუარი მტკიცებულება, რომ CO2 - ის კონცენტრაცია იზრდება.

1960 - მსოფლიო მოსახლეობამ სამ მილიარდს მიაღწია.

1965 - აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთა კომიტეტი გვაფრთხილებს, რომ სათბურის ეფექტი „რეალური პრობლემაა“.

1980 - დეკადის დასაწყისში მოსალოდნელი იყო ტემპერატურის მკვეთრი ზრდა. მართლაც ასე მოხდა - 1988 წლის 23 ივნისს კლიმატის ცვლილება მსოფლიო პრობლემად აღიარეს. 1988 წელს რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა, ასევე ხშირი იყო გვალვა და ხანძრები ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამის შემდეგ, სახელმწიფო ლიდერებმა დაიწყეს მოლაპარაკებები სათბურის გაზების ემისიის შესაჩერებლად. პირველი გლობალური შეთანხმება სათბურის გაზების შემცირების შესახებ - კიოტოს პროტოკოლი - მიღებული იქნა 1997 წელს.

2006 წელს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალ გორმა ფილმში „უხერხული სიმართლე“ ახსნა და შეაფასა გლობალური დათბობის საფრთხეები.

2010 წელი 1951 – 1980 წლების საშუალო ტემპერატურასთან შედარებით, 0.63 ° C გრადუსით უფრო თბილი იყო.

2011 - მონაცემებმა აჩვენა, რომ სათბურის აირების კონცენტრაცია უფრო სწრაფად იზრდებოდა წინა წლებთან შედარებით.

2016 - წლის პირველი ექვსი თვე ყველაზე ცხელი პირველი ნახევარი იყო და წინა საუკუნის ტემპერატურას 1,3 ცელსიუს გრადუსით აღემატებოდა.

2018 - ყველასათვის ცნობილმა შვედმა მოზარდმა და აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა შვედეთის პარლამენტის წინ დაიწყო საპროტესტო გამოსვლა წარწერით: „სკოლის გაფიცვა კლიმატისთვის“. 2018 წლის ნოემბრისთვის მის პროტესტში 24 ქვეყნის 17 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ევროკავშირის მიზნის მიხედვით, 2030 წლისთვის ნახშირბადის გამოყოფა 1990 წელთან შედარებით, 55%-ით უნდა შემცირდეს. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის მიზანია 2030 წლისთვის სათბურის აირების გამოყოფა 2005 წელთან შედარებით 52%-ით შეამციროს.

საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიოს მიზანია გამონაბოლქვი ნულ პროცენტამდე დაიყვანოს და გლობალური დათბობა შეაჩეროს. შენ რას ფიქრობ?

ავტორი: ნინი მამულაშვილი

30 views0 comments