განათების მნიშვნელობა კინემატოგრაფიაში

დამდგმელ ოპერატორს, ანუ კინემატოგრაფს, უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ფილმის ვიზუალური მხრის ფორმირებაში. განათება შეიძლება არ მოგვეჩვენოს მნიშვნელოვან ფაქტორად მსახიობების ქასთინგთან ან სცენარის დაწერასთან შედარებით, მაგრამ ის რეალურად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ფილმის წარმოების ყველა ასპექტში. განათება ფუნდამენტური ხელსაწყოა კინემატოგრაფისთვის, რადგან სწორედ განათება ქმნის ვიზუალურ განწყობას, ატმოსფეროსადა მნიშვნელობის არსს აუდიტორიისთვის. იგი განსაზღვრავს კინოგამოსახულების ხარისხს. წარმოიდგინეთ ფილმი, რომელიც განათებულია უბრალო, ერთფეროვანი თეთრი შუქით. ამდაგვარ ფილმში არ იგრძნობა ატმოსფერო და განწყობა. მაყურებელს არ ანიშნებს თუ როგორ უნდა იგრძნოს თავი იმ მომენტში ან რას უნდა მიაპყროს ყურადღება კადრში. ეს ყოველივე კი მაყურებლის მხრიდან ინტერესის დაკარგვას იწვევს. აქედან გამომდინარე, განათება მაყურებელს ანიშნებს თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება ეკრანზე. აღსანიშნავია, რომ განათება ასევე ასახავს კონკრეტული პერსონაჟის შინაგან ფსიქოლოგიურ თუ მენტალურ მდგომარეობას. პერსონაჟის გარშემო არსებული სინათლის სიმკვეთრე, ზომა ან ფერი შეიძლება შეიცვალოს გმირის ემოციების შესატყვისად. ეს არის კინემატოგრაფიის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე ნათლად გადმოსცემს განწყობას. ამასთანავე, განათება ხშირ შემთხვევაში ფილმის ჟანრის იდენტიფიცირებას ახდენს. მაგალითად, ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც ყველაზე ცნობილია თავისი განსხვავებული განათების სტილით, არის ფილმი ნუარი, ანუ ამერიკული კინოს 1940-50 წლები, რომელიც ხასიათდება გამორჩეული შავ-თეთრი ესთეტიკით, მკვეთრი კონტრასტით ნათელსა და ბნელს შორის, დრამატულად გამოსახული ჩრდილებით, უნიკალური კადრირებისა და კომპოზიციის არჩევანით.

ჩრდილი ფილმ ნუარში არ არის მხოლოდ “სიბნელე”, მისი როლი ბევრად უფრო კომპლექსურია. ფილმის წარმოებისას კინემატოგრაფები ჩრდილებს არა მხოლოდ განწყობისა და ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად ეყრდნობიან, არამედ სიღრმისა და ტექსტურის შესაქმნელად იყენებენ, რაც კადრს მრავალგანზომილებიანს ხდის. არსებობს ორი სახის ჩრდილი: მკვეთრი და მკრთალი. მკვეთრი ჩრდილი შედარებით უფრო მეტ დეტალს გვაჩვენებს და იდეალურია მსახიობის სახის თუ სასურველი საგნის წინა პლანზე წამოსაწევად. მკრთალი/რბილი განათება კი პირიქით, საგნის გამოსახულების უკანა ფონთან შერწყმის მიზნით გამოიყენება. ეს ის ესთეტიკური ხერხია, რომელსაც ოპერატორები იყენებენ,რათა კადრიდან უხეში ჩრდილები აღმოფხვრან და ექსტერიერის გამოყენებით უფრო ნაზი და სათუთი სილუეტები შექმნან. მკრთალი, მდუმარე ფერის ჩრდილები ასევე ბევრად უფრო მომხიბვლელი შესახედავია და არასასურველ მცირე ხარვეზებს დიდ ეკრანზე მკვეთრად არ აჩენს.

არსებობს განათების ხერხი, რომელიც ინდივიდუალური, ფსიქოლოგიური განწყობის გადმოცემას ემსახურება. ეს მომენტი განსაკუთრებით კარგად ჩანს სტენლი კუბრიკის ნამუშევრებში. "კუბრიკის მზერა" არის სტენლი კუბრიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორული ტექნიკა. ეს გახლავთ კადრის კომპოზიციის მეთოდი, სადაც შუქი პერსონაჟს ქვემოდან ეცემა, თავგადახრილი პროტაგონისტი კიკამერასთან თვალით ამყარებს კონტაქტს. ამით აუდიტორიას მიანიშნებს, რომ პერსონაჟი აშლილობის პიკზეა. მსგავსი მომენტი ჰიჩკოკის „ფსიქოში” იკვეთება, სადაც ფილმის პათოლოგიურ გმირს – ნორმან ბეითსს -სახის ცალი მხარე ხშირად განათებული აქვს, ხოლო მეორე - ჩაბნელებული.

ბევრ სხვა ელემენტთან ერთად, ფერი ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტიამაყურებელში ემოციის გამოსაწვევად. განწყობას კი, ფერებთან ერთად, რეჟისორის ხედვა განსაზღვრავს. შესაბამისად, განათების ელფერიც გულდასმით უნდა იყოს შერჩეული, რადგან პატარა დეტალმაც კი შეიძლება სრულიად შეცვალოს საბოლოო შედეგი. სხვადასხვა სპექტრის ფერს შეუძლია კონკრეტული ემოციის გადმოცემა ფილმში, მაგალითად, ლურჯ ფერთა გამა ხშირად ნეგატიურ ჭრილშია წარმოჩენილი და ასახავს სასოწარკვეთას, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ადამიანები სხვადასხვანირად ახდენენ ფერების ინტერპრეტაციას. შესაბამისად, მაყურებლის ნაწილმა შესაძლოა ცივი ფერები პირიქით, პოზიტიურ ჭრილში აღიქვას, რის საფუძველზეც გარკვეული დაძაბული კადრის ეფექტის ქვეშ არ მოექცეს. ამ ტექნიკას ოსტატურად ეუფლება ვეს ანდერსონი, რაც ცალსახად ჩანს მის ცნობილ ნამუშევარში “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტში”. ფილმის დასაწყისში გაჟღენთილი წითელი ფერის შუქი გარკვეულ მომენტში ქრება, როდესაც სიუჟეტი კლასიკურ ჯაშუშურ ისტორიად იქცევა და ფილმის ემოციური ტემპერატურაც, შესაბამისად, იძაბება. კადრებს ცივი ტონები და სიბნელე იპყრობს. თბილი, დამამშვიდებელი ფერთა გამა - ვარდისფერი და წითელი - ქრება, ღამე ჩამოწვება, მუსიკა დრამატულ ხასიათა იძენს და იდუმალების გრძნობა ძლიერდება. აქედან გამომდინარე, მტკიცედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდერსონი მაყურებელს განათების საშუალებით ემოციურ ატრაქციონზე იწვევს.

ამასთანავე, ტექ-ნუარის ჟანრი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ფერის განათებას სპეციფიკური ატმოსფეროს შექმნა ფილმში. ტექ-ნუარი არის ფანტასტიკის ჰიბრიდული ჟანრი, რომელიც აერთიანებს ნეო-ნუარსა და სამეცნიერო ფანტასტიკას. განსახიერებულია რიდლი სკოტის Blade Runner-სა და ჯეიმს კამერონის The Terminator-ში. ფერთა შეხამების,ანუ კოლორისტიკის,პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია მაყურებლის თვალისთვის კადრი მიმზიდველად გამოიყურებოდეს. ეს ჟანრიც სწორედ ამ მიმართულებით არის გამორჩეული. მას ახასიათებს მკვეთრი ნეონის ფერთა პალიტრა, რომელიც ფუტურისტულ გარემოს ქმნის. ნეონის განათება 1900-იან წლებში გამოიგონეს, კინომატოგრაფიის ისტორიაში კი მას პირველად ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში "თავბრუსხვევა" ვხვდებით. ფილმებში ნეონის განათების აქტიური გამოყენება, დაახლოებით, 1980-იანი წლებიდან იწყება.

განათების სპეციალისტი რეჟისორთან, ოპერატორსა და მხატვართან ერთად განიხილავს შესასრულებელი სამუშაოს მხატვრულ კონცეფციას. მასალის კონცეფციის შესაბამისად, განათების სპეციალისტი არჩევს სათანადო განათების აპარატურას, ტექნიკას, აქსესუარებს, კაბელებს, ელექტროგენერატორს. თანამედროვე კინოსამყაროდან გამომდინარე, ძნელია კინემატოგრაფმა კადრის განათების ორიგინალურ მეთოდს მიაგნო, თუმცა დაუღალავი შრომის ფონზე კინემატოგრაფისთვის შეუძლებელს არაფერი წარმოადგენს.


სტატიის ავტორი: თინათინ გრძელიშვილი

35 views0 comments