ძროხები, მეთანი და კლიმატის ცვლილება

Updated: Sep 10, 2021

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ კლიმატის ცვლილება, დიდწილად, სათბური აირების გამოფრქვევასთანაა დაკავშირებული. ყველაზე გავრცელებული სათბური აირის, ნახშირორჟანგის გარდა (76%), არსებობს სხვა, ძალიან საშიში სათბური აირიც - მეთანი, რომელსაც ნახშირორჟანგთან შედარებით, 25-ჯერ უფრო მეტად შეუძლია სითბოს შეკავება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ საიდან წარმოიქმნება მეთანი.

ამ აირის წარმოქმნის მიზეზები არის როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენული. ბუნებრივი მიზეზებია ჭაობები, მსოფლიო წყლები და ბალახისმჭამელი ცხოველები (მაგალითად, სპილოები და კენგურუები); ხოლო ანთროპოგენული - ბუნებრივი აირის გამოყენება, ნავთობის გამოყენება და სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის კატეგორია მოიცავს ბრინჯის წარმოებას, საქონელსა და ორგანული ნარჩენების მართვას. მოდით, განვიხილოთ სათბური აირების წარმოქმნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მაგრამ უმნიშვნელოვანი მიზეზი - ძროხები.

ადამიანთა ქმედებების შედეგად გამოფრქვეული სათბური აირების დაახლოებით 14%-ზე პასუხისმგებლობა სწორედ საქონელს ეკისრება. საშუალო სტატისტიკური ძროხა 250-500 ლიტრ მეთანს გამოჰყოფს. საერთო ჯამში კი, ძროხები ყოველწლიურად 3.1 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტურ მეთანს გამოჰყოფენ (შედარებისათვის - დადგენილია, რომ ყოველწლიურად 35 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა).

ალბათ, გაინტერესებთ, თუ როგორ გამოჰყოფს საქონელი მეთანის აირს. ამაში ორი რამ მონაწილეობს - საქონლის მონელების პროცესი და მათ მიერ გამოყოფილი ორგანული ნარჩენები.

ძროხების მუცლის ღრუს პირველ საკანში ცხოვრობენ მიკროორგანიზმები, რომლებიც მცოხნავი ცხოველის მიერ მიღებულ მცენარეებს შლიან და სხვა ნივთიერებებად გარდაქმნიან. ამ მიკროორგანიზმების დაახლოებით 3% მონაწილეობს ქიმიური გარდაქმნების პროცესში, როდესაც წარმოიქმნება რამდენიმე გვერდითი პროდუქტი, მათ შორის, მეთანი. მეთანის წარმოქმნისას მუცლის ღრუში წნევა იმატებს, სწორედ ამიტომ, საქონელი მეთანის აირს ბოყინის მეშვეობით იშორებს.

მეცნიერები ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. ერთის მხრივ, იკვლევენ იმას, თუ როგორი საკვების მირთმევით გამოიყოფა ნაკლები მეთანი. ამ დროისათვის ვიცით, რომ თივისა და ბალახის გადამუშავებისას უფრო მეტი მეთანი გამოიყოფა, ვიდრე სიმინდის გადამუშავებისას. ასევე ცნობილია, რომ წყალმცენარეებით კვებისას მეთანის გამოყოფა ნახევრდება. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ძროხებს წყალმცენარეები არ მოსწონთ. ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი კვლევის ფარგლებში მეცნიერები მუცლის ღრუს ამ კონკრეტული მიკრობების წინააღმდეგ ვაქცინების დამზადებას ცდილობენ.

როგორც აღმოჩნდა, საქონელის მიერ წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მანქანებით მგზავრობისა და ქარხნების მიერ გამოყოფილი სათბური აირების შემცირება. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი ამბობს, რომ ძროხის ხორცზე მოთხოვნის შემცირება და, შესაბამისად, ამ პროდუქტის ნაკლებად მირთმევა გლობალური დათბობის შეჩერებაში ყველაზე მეტ წვლილს შეიტანდა.

წყაროები: Read more about Cows, Methane, and Climate Change

The cows that could help fight climate change


ავტორი: ნინი სუბარი

36 views0 comments