D. B. Cooper - თვითმფრინავის ამოუხსნელი გატაცება

Updated: Sep 4, 2021

1971 წლის 24 ნოემბერს, ერთი ჩვეულებრივი მგზავრი, რომელიც თავს დენ კუპერად მოიხსენიებდა, ავიდა ბოინგ 727-ზე, პორტლენდში, ორეგონში. ის დაახლოებით 40 წლის იყო. მას მზის სათვალეები ეკეთა და შავი პიჯაკი ეცვა. კუპერმა თვითმფრინავის აფრენამდე ბურბონი და გაზიანი სასმელი შეუკვეთა. დაახლოებით სამი საათისთვის მან ბორტგამცილებელს მიაწოდა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ მას ჰქონდა ბომბი და სთხოვდა გვერდით დაჯდომას. შემდეგ ბორტგამცილებელს თავისი მოთხოვნების ჩაწერა დაავალა. კუპერს სჭირდებოდა 20-დოლარიანებით შედგენილი ორასი ათასი დოლარი და 4 პარაშუტი. როდესაც თვითმფრინავი სიეტლში დაეშვა, კუპერმა 36 მგზავრი პარაშუტებსა და ფულზე “გადაცვალა”. მგზავრების ჩამოსვლის შემდეგ თვითმფრინავი მეხიკოსკენ გაემგაზვრა. საღამოს რვა საათის მერე, სიეტლსა და რენოს შორის, კუპერმა თვითმფრინავის კარი გაღო, გადმოხტა და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. ამ ამბის შემდეგ, მისი ვინაობა გაურკვეველია. მისი საქმე თვითმფრინავის ერთადერთი ამოუხსნელი გატაცებაა აშშ-ს ისტორიაში.

1980 წელს მდინარე კოლუმბიის სანაპიროზე თამაშისას, პატარა ბიჭმა, 20 დოლარიანებისგან შედგენილი გახრწნილი შეკვრა იპოვა. ფულის სერიული ნომერი ემთხვეოდა კუპერისთვის გადაცემული ფულისას. თანხა მთლიანობაში 5,800 დოლარს შეადგენდა.



ეჭვმიტანილი N1- დვეინ უებერი

დვეინის ცოლი ჯო გადმოგვცემს:

დვეინს აწუხებდა თირკმლის დაავდება, რის გამოც საავადმყოფოში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე, მან ცოლთან აღიარა, რომ თავად იყო დენ კუპერი. მაშინ ჯო ვერ მიხვდა, თუ რის თქმას ცდილობდა დვეინი.

დვეინ უებერს საინტერესო ისტორია აქვს: ის ციხეში ჯონ კოლინსის სახელით იჯდა; ასევე ჰქონდა უამრავი ყალბი პირადობის მოწმობა; განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნდებდა კუპერის საქმეში. ერთხელ, როდესაც ცოლ-ქმარი დასასვენებლად იმყოფებოდა დაახლოებით იმ ადგილას, სადაც კუპერი უნდა დაშვებულიყო, დვეინი დილით “საქმეზე” გავიდა. ის სახლში დასვრილი ხელებით დაბრუნდა. ვარაუდობენ, რომ დვეინი სწორედ პატარა ბიჭის მიერ აღმოჩენილ ფულს მარხავდა. აღსანიშნავია, რომ გატაცებიდან 9 წლის შემდეგ აღმოჩენილი ფული მთელი ამ დროის მანძილზე დამარხული ვერ იქნებოდა. ასევე, ზუსტად თვითმფრინავის გატაცების შემდეგ, დვეინმა, ნაღდი ფულით, ორი ახალი მანქანა შეიძინა.

დამატებითი მტკიცებულებები:

● ქმრის სიკვდილის შემდეგ ჯო დაინტერესდა დ. ბ. კუპერის საქმით. ამ მიზნით ის ეწვია ადგილობრივ ბიბლიოთეკას, სადაც კუპერის შესახებ დაწერილ წიგნში თავისი ქმრის კალიგრაფიით შესრულებული მინაწერები იპოვა.

● უებერი თვითმფრინავიდან გადმოხტომასა და ანაბეჭდების დატოვების შესახებძილში ლაპარაკობდა.

FBI-მ 1998 წელს უებერი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოიღო, რადგან მისი თითის ანაბეჭდები არ დაემთხვა თვითმფრინავში არსებულსა და ჰალსტუხისას. თუმცა, ბიურო არაა დარწმუნებული იმაში, რომ კუპერის ჰალსტუხიდან შეგროვებული ორგანული ნივთიერება თავად კუპერს ეკუთვნის.



ეჭვმიტანილი N2- ბარბარა დეიტონი

ბარბარა, წარსულში ბობ დეიტონი, დაიბადა 1926 წელს. 18 წლისამ სცადა საჰაერო ძალებში გაწევრიანება, თუმცა მხედველობის დეფექტის გამო არ მიიღეს. ამის შემდეგ გაწევრიანდა ვაჭარ მეზღვაურთა ჯგუფში. მას შემდეგ ბობი ბევრ ადგილას მუშაობდა. თავისუფალ დროს პარაშუტით ხტომას სწავლობდა; ასევე, ის მამამისს დინამიტით ქვების აფეთქებაში ეხმარებოდა. მისი ერთგვარი ჰობი იყო თვითმფრინავების გატაცების იდეალური გეგმების შედგენა. 1969 წლის დეკემბერში ბობმა გაიკეთა ოპერაცია და გახდა ბარბარა დეიტონი. მეორე ოპერაციის შემდეგ ის სიეტლთან ახლოს დასახლდა. თვითმფრინავის გატაცებიდან რვა დღით ადრე ექიმთან კონსულტაციისას შენიშნეს, რომ ბარბარა ცუდ ხასიათზე იყო. ის ვერ შოულობდა სამსახურს და ფინანსური პრობლემები ჰქონდა. გატაცების შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ, ექიმმა აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მიუხედავად შემოსავლის წყაროს არ ქონისა, ბარბარა არ ნერვიულობდა. 1977 წელს ბარბარამ ვაშინგტონში ბიბლიოთეკარად დაიწყო მუშაობა. ის ასაფრენ მოედანზე შეხვდა ფეთ და რონ ფორმანებს. მიუხედავად განმარტოებული ცხოვრებისა, ბარბარა მალე დაუმეგობრდა მათ. ერთ-ერთი შეხვედრისას, რონმა აღნიშნა, რომ ბარბი ძალიან ჰგავდა დენ კუპერს, რაზეც დეიტონმა უპასუხა: “ეს აღარასოდეს გაიმეორო”. მეორე სტუმრობისას რონმა ბარბის თმა გადაუვარცხნა და გაუკეთა მზის სათვალეები, რის შემდეგაც ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ბარბარამ თქვა: “კარგი, მე ვარ დენ კუპერი”.



ეჭვმიტანილი N3- რიჩარდ მაქქოი


რიჩარდ მაქქოი დაიბადა 1942 წლის 7 დეკემბერს. მან 1972 წლის 7 აპრილს, გაიტაცა ბოინგ 727. მოითხოვა $300 ათასი და 4 პარაშუტი. ეს გატაცება ძალიან ჰგავდა კუპერისას.

როგორც მისი ოთახის მეზობელი იხსენებს, რიჩარდი ეროვნულ საჰაერო გვარდიაში მსახურობისას ყოველთვის დაინტერესებული იყო თვითმფრინავის გატაცებით. რიჩარდი ვიეტნამის ომის ვეტერანი და პარაშუტით ხტომასა და თვითმფრინავის მართვაში გამოცდილი იყო. ამას გარდა, მას ფინანსური პრობლემები აწუხებდა. 1972 წელს რიჩარდ მაქქოი თვითმფრინავის გატაცებისთვის დააპატიმრეს. მას 45 წელი მიესაჯა, თუმცა რიჩარდი ამტკიცებდა, რომ უდანაშაული იყო.



ეჭვმიტანილი N4- ლინ დოილ კუპერი

დუი მაქს კუპერი და ლინ დოილ კუპერი მარლა კუპერის ბიძები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ დუი კუპერი თვითმფრინავის გატაცების პერიოდში ბოინგზე მუშაობდა. 1971 წელს, მადლიერების დღესასწაულის წინა დღე მარლამ და მისმა ბიძებმა ერთად გაატარეს. ძმები ჩუმად ლაპარაკობდნენ საიდუმლო გეგმაზე; ხოლო როდესაც მარლამ ჰკითხა, თუ რა გეგმა იყო ეს, მათ მიუგეს, რომ ინდაურზე სანადიროდ წასვლას აპირებდნენ. მეორე დილით მათი სახლის წინ დუი და დასისხლიანებული ლინი მანქანით მოვიდნენ. მათ მარლას მამას უთხრეს: “ჩვენ ეს შევძელით - თვითმფრინავი გავიტაცეთ და ჩვენი ფინანსური პრობლემები მოვაგვარეთ”. მარლას მამამისმა უთხრა, რომ მოსმენილი არავისთვის გაემხილა.

ვინ იყო დენ კუპერი? ეს დღესაც არავინ იცის. შესაძლოა, რომ დენი 1971 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა, რადგან იმ ღამით ძალიან ბნელოდა, წვიმდა, კუპერს კი გადახტომისთვის შესაფერისი ტანსაცმელი არ ეცვა. ამას გარდა, ის სავარაუდოდ არახელსაყრელ ადგილას დაეშვა. თუმცა, თუ მაინც გადარჩა, მაშინ ყოჩაღ მას.


წყაროები: HBO- The Mystery Of D.B. Cooper

https://www.fbi.gov/history/famous-cases/richard-floyd-mccoy-jr

https://www.seattletimes.com/seattle-news/db-cooper-suspect-was-surveyor-brother-worked-for-boeing/

https://www.fbi.gov/services


სტატიის ავტორები: მარიამ მიშიძე და თინათინ გრძელიშვილი

49 views0 comments