ბლუზი მისისიპის პირას

Updated: Sep 10, 2021

რატომ მიყვარს ბლუზი?


დიდი ხანია ვცდილობ გავარკვიო, თუ როგორ ახერხებს ბლუზი ჩემში მძაფრი ემოციების გამოწვევის, აღელვებას, გამხიარულებასა და აცეკვებას. შედარებისთვის, მეინსტრიმული მუსიკა ამას ვერ ახერხებს. შეიძლება, მიზეზი ისაა, რომ ასეთი მეინსტრიმული შემსრულებლები მიუწვდომელნი მეჩვენებიან. სელებრითი-კულტურის ეპოქაში ეს გასაკვირი არაა. რაც შეეხება ბლუზს, ის ხალხური მუსიკაა, რომელიც მსმენელს არც არასდროს დაშორებულა. ამიტომ მიყვარს ბლუზი, და საერთოდ, ყველაფერი, რაც მეინსტრიმიდან ამოვარდნილია. უფრო ახლოა და ხელშესახები. უფრო პირადი და თბილი. უფრო სახალისო და ამაღელვებელი.


ახლა კი, მოგითხრობთ ბლუზის თავგადასავალს.


შესაძლოა, ბლუზი აფრიკაში ჩაისახა, თუმცა ის ამერიკაში დაიბადა. მე-19 საუკუნეში ამერიკის სამხრეთ ნაწილში პლატაციებზე მომუშავე მონები მძიმე, დამქანცველი და მომაბეზრებელი შრომის შესამსუბუქებლად მღეროდნენ. მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში კი ბლუზმა პოლიტიკური, სოციალური და კულტურული დატვირთვა შეიძინა. სწორედ ბლუზმა დაუდო საფუძველი როკს, რითაც მსოფლიო რევოლუცია მოახდინა.


ხშირად ისმის ხოლმე კითხვა: რა განსხვავებაა ბლუზსა და ჯაზს შორის?

დიდი. ამ ორ მუსიკალურ ჟანრს საერთო ის აქვს, რომ აფროამერიკელებმა დაამკვიდრეს, თანაც, ერთსა და იმავე ეპოქაში. განსხვავება კი უფრო მეტია. ბლუზის შესრულებისას საქსოფონი ძირითადად არ მონაწილეობს, ჯაზისათვის კი საქსოფონი მთავარი შემადგენელი ნაწილია. განსხვავდება გიტარის დაკვრის ტექნიკაც. ჯაზი უმეტესად ინსტრუმენტული მუსიკაა, ბლუზს კი ვოკალისტი ასრულებს. ჯაზის დაკვრისას იმპროვიზაცია მთავარი კომპონენტია, ბლუზის შესრულებისას კი, მართალია იმპროვიზაციაც დიდ როლს ასრულებს, მაგრამ მუსიკოსების ემოცია და გამომსახველობითობა უფრო თვალშისაცემია.


ასევე, ჯაზისაგან განსხვავებით, ბლუზს ტრადიციული აფრიკული ტექნიკა - call-and-response (რეპლიკა და გამოხმაურება) ახასიათებს. Call-and-response შესაძლოა შესრულდეს ვოკალისტსა და ბექ-ვოკალისტებს შორის, ინსტრუმენტსა და ვოკასლისტს შორის ან ინსტრუმენტსა და მეორე ინსტრუმენტს შორის. ეს ტექნიკა აფროამერიკელების ყოფა-ცხოვრებაშიც გამოიხატება. მაგალითად, რელიგიური წირვების დროსაც კი გამოიყენება - მღვდელი მოუწოდებს, ხალხი კი ეთანხმება. ამ ტექნიკის მაგალითია:

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მუშაობენ აფროამერიკელები სინქრონულად სიმღერის მეშვეობით. call-and-response გამოიყენება როგორც ბლუზსა და როკში, ასევე პოპში (მაგალითად minnie the moocher, uptown funk).

დავუბრუნდეთ ბლუზის ისტორიას. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისაკენ ბლუზი უფრო ოფიციალური და ინდივიდუალური მუსიკა გახდა: მისი შესრულება დაიწყეს შავკანიანმა მუსიკოსებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. 1903 წელს აფროამერიკელმა მუსიკისმცოდნემ, უილიამ ჰენდიმ, იგივე "ბლუზის მამამ", პირველად აღმოაჩინა უცნაური, ახლებური მუსიკა - ბლუზი. 1914 წელს ჰენდიმ ბლუზის ჟანრის სამი სიმღერის ნოტები გამოსცა (Memphis Blues; St. Louis Blues; Dallas Blues), რომელიც მალევე მთელ ამერიკაში აიტაცეს. ამ სამიდან ჩემი საყვარელია Dallas Blues.


ამ სიმღერის სტრიქონებს ბლუზის ტრადიციული სტრუქტურა აქვს: მისამღერში მეორდება 4 ტაქტის სიგრძის პირველი ორი ხაზი, ხოლო მესამე განსხვავდება როგორც სიგრძით, ასევე ტექსტით (ამ სტრუქტურას ეწოდება 'AAB'). თითქოს პირველი ორი ხაზი კონტექსტია, მესამე კი ამ კონტექსტზე ხუმრობა, აზრის დასასრული. ასევე, ბლუზს ახასიათებს 12-ტაქტიანი პროგრესია და "blue ნოტების" გამოყენება, რაც ბლუზს მინორულობას სძენს.

ბლუზი უფრო რიტმული მუსიკაა, ვიდრე მელოდიური. შეიქმნა იმისათვის, რომ შავკანიანებს შეკრებისას დრო კარგად გაეტარებინათ და ეცეკვათ. მინორულობის მიუხედავად, ბლუზი მაინც მხიარული მუსიკაა. სიმღერის ტექსტი ხშირად ძალიან მძიმე და სევდიანია - ეხება ყოველდღიური ცხოვრების სიმძიმესა და სეგრეგაციას. ამიტომაც ჰქვია ბლუზი - I got the blues (დარდმა მომიცვა). უცნაურია, რომ შინაარსითა და მელოდიით ამდენად სევდიანი მუსიკა მაინც საცეკვაო და მხიარული გამოდის. 1910-იან წლებში ბლუზი პოპ-კულტურადაც კი იქცა. ამ დროს ნიუ-იორკში, რომელიც საგამომცემლო ცენტრი იყო, ბლუზის უამრავი ნოტები იბეჭდებოდა და მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყიდებოდა. 1923 წელს ბლუზს თავისი პირველი ვარსკვლავი - ბესი სმიტი - მოევლინა. ბესი ქალთა ცხოვრებაზე, ოჯახურ ძალადობაზე, წინააღმდეგობის გაწევაზე, სექსუალურ ურთიერთობებზე მღეროდა. ამავე წლებში გაჩნდა დელტა ბლუზი. ის მდინარე მისისიპის მიდმოებში აღმოცენდა, სადაც ახალგაზრდა შავკანიანი მუშები იზოლირებულ გარემოში იმყოფებოდნენ. დიდი დეპრესიის გამო, დელტა ბლუზი თავიდანვე წარმატებული არ ყოფილა. სამაგიეროდ, 60-იან წლებში დელტა ბლუზი თავიდან აღმოაჩინეს და ამ ჟანრმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა თეთრკანიან ახალგაზრდებში. დელტა ბლუზის გენიოსი, და საერთოდ, უდიდესი მუსიკალური გენიოსი, რობერტ ჯონსონიც 60-იანებში აღმოაჩინეს. რობერტი ჯერ კიდევ 30-იან წლებში გარდაიცვალა და ცნობილ მუსიკოსად ჩამოყალიბება ვერ მოასწრო. სამაგიეროდ, დაგვიტოვა 29 სიმღერა, რომლებსაც ხშირად ასრულებენ თანამედროვე მუსიკოსებიც.




კიტ რიჩარდსის შეფასებით, ჯონსონი გიტარის ვირტუოზი იყო: "დაუჯერებელია, რომ ამას ერთი კაცი უკრავს". 30-იან წლებში ფოლკლორისტებმა კიდევ ერთი საოცარი მუსიკოსი აღმოაჩინეს (ამ დროს ბლუზი უკვე არა პოპ-მუსიკად, არამედ ტრადიციულ ამერიკულ მუსიკად ითვლებოდა, რომელიც გადაშენების პირას იყო) - მადი უოტერსი. მადი, ისევე როგორც ბლუზის ყველა მომღერალი, პირად გაომცდილებაზე დაფუძნებულ სიმღერებს წერდა - "ხანდახან უბრალოდ სევდიანი ვარ და თავში მომდის სიმღერა. მერე ვმღერი და ვმღერი, ვერ ვჩერდები". მადი უოტერსის რამდენიმე სიმღერამ დიდი წარმატება მოიპოვა მთელ ამერიკაში. მალევე მადი და სხვა რამდენიმე მუსიკოსი ჩიკაგოში ემიგრირდნენ და ბენდი ჩამოაყალიბეს. აკუსტუკური გიტარები კი ელექტროგიტარებზე გადაცვალეს. აი, სწორედ მაშინ დაიწყო მსოფლიოში კულტურული რევოლუცია.


ჩიკაგო ბლუზისა და მუსიკის დედაქალაქად იქცა. აქ სამხრეთელი აფროამერიკელები უკეთესი ცხოვრებისათვის ჩადიოდნენ. ბლუზის ქალაქში დილის სამ საათზე რომ გაგევლოთ, ქუჩის ყოველი კარიდან ბლუზის ხმას გაიგონებდით. ჩიკაგო კი ამისათვის სწორედ მადი უოტერსმა შეამზადა. მადი 40-იან წლებში უდიდესი შემსრულებელი იყო: 1948 წელს გამოსცა ალბომი - "I can't be satisfied", რომელიც 24 საათში სრულად გაიყიდა.

ასევე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა, რომელიც დღეს ბლუზის კლასიკად იქცა, არის ჯონ ლი ჰუკერის, მადი უოტერსის ბენდის წევრის "ბუმ ბუმ". ეს სიმღერა ჩემი უსაყვარლესი სიმღერაცაა.

1951 წელს ბლუზს ახალი ვარსკვალი შეემატა: ჩესტერ ბერნეტი, რომელსაც იცნობენ მეტსახელით "howlin' wolf". თუ რატომ შეარქვეს "howlin wolf", ამას ჩესტერის მოსმენისას მიხვდებით:


ვიდეოშიც ჩანს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე თავისებური, უცნაური, საინტერესო და გამაოგნებელი შემსრულებელია.


1954 წელს კიდევ ერთი კულტურული რევოლუცია მოხდა. გამოჩნდა შავკანიანების მუსიკის შემსრულებელი თეთკანიანი ბიჭი. ეს ძალიან მომხიბვლელი ბიჭი თეთკანიანებისა და შავკანიანების მუსიკის ერთგვარი გამაერთიანებელი გახდა. მოუსმინეთ მის პირველ სიმღერას:

ელვისმა მოახერხა და ქანთრი, რომელიც თეთრკანიანთა სიმღერად ითვლებოდა, და ბლუზი, რომელიც შავკანიანთა მუსიკად ითვლებოდა, შეაერთა. ამავე პერიოდში გამოჩნდა შავკანიანი ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი ქანთრი სიმღერის "ქავერი" გააკეთა, ტექსტი შეუცვალა და ასეთი სახით წარმოგვიდგინა:

(ჩანაწერი გადაღებულია პარიზში, 1955 წელს)

როდესაც ელვის პრესლის უსმენენ, ის შავკანიანი ეგონათ. როდესაც ჩაკ ბერის უსმენდნენ, შემსრულებელი თეთრკანიანი ეგონათ. მუსიკალურ დესეგრეგაციას სოციალური დესეგრეგაციაც მალევე დაეწია. 60-იან წლებში შავკანიანმა ახალგაზრდებმა ბლუზი მიატოვეს - წარსულისა და მონობის მელოდიის უკან ჩამოტოვების მოტივით. ბლუზს საკუთარი, მშობლიური მსმენელი აღარ ჰყავდა. რა გამოდის… ბლუზის ერა დამთავრდა?


არა.

ბლუზი თეთრკანიანებმა აღმოაჩინეს. ვიდეოს მეორე ნახეარში კარგად ჩანს აღტაცებული მსმენელი, რომელიც მადის სიმღერას ჰყვება, ფეხზე დგება და ტაშს უკრავს.


ბლუზს პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობაც ჰქონდა. ჯერ კიდევ 40-იანებსა და 50-იანებში, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ხმად და ზოგადად, შავკანიანთა წუხილისა და წინააღმდეგობის ხმად ითვლებოდა. 60-იან წლებში სემ ჩარტერმა, თეთრკანიანმა მუსიკის მკვლევარმა და ბლუზის მოყვარულმა, საკუთარ თავზე პოლიტიკური და კულტურული მისია აიღო: სამხრეთის შტატებში ჩაკარგული, ავტენთური ჰანგებისა და მომღერლების ხელახლა აღმოჩენა. ჩარტერი ამბობს: "მინდოდა, მეთქვა - 'მოუსმინეთ, რა მშვენიერია. თუ ამ მუსიკას მოუსმენთ, მის შემსრულებელსაც გაუგებთ'". სემ ჩარტერმა დაწერა წიგნი, სადაც ამ დაკარგული მუსიკოსების ამბებს მოჰყვა. წიგნს მოჰყვებოდა კასეტაც, სადაც სამხრეთელი ბლუზმენების ხმები და სიმღერებია ჩაწერილი. ითვლება, რომ სწორედ სემ ჩარტერმა გააცოცხლა ბლუზი. რასობრივი თანასწორობის დამკვიდრებასთან ერთად, თეთრკანიანი მემარცხენე ახალგაზრდები ამერიკის სამხრეთში მიდიოდნენ და ამ მოხუცებულ ბლუზმენებს უსმენდნენ.


სამხრეთელი მოხუცი მუსიკოსები დაბნეულები იყვნენ. თეთრკანიანებისათვის თვალებში შეხედვა მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკრძალებოდათ, ახლა კი სწორედ ეს ადამიანები სცემდნენ თაყვანს და გამოხატავდნენ პატივისცემას. ამ პერიოდში აღმოაჩინეს მსმენელებმა რობერტ ჯონსონიც, ბლუზის ისტორიაში ყველაზე იდუმალი შემსრულებელი. არავინ იცის, რატომ გარდაიცვალა ასეთი ახალგაზრდა. სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს მისი საფლავიც. რობერტ ჯონსონის იდეა - ეს არის წელში მოხრილი, საკუთარ თავს ჩაღრმავებული და აუდიტორიისაგან გაუცხოვებული, ვირტუოზი მუსიკოსის იდეა.

კიტ რიჩარდსი ამბობს: "ჯონსონმა რაღაცნაირად მოახერხა სუფთა ბლუზის შექმნა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველა ჯერ კიდევ ამ თამასასთან მიახლოებას ცდილობს."


ითვლება, რომ ჯონსონის მუსიკა როკის წინაპარია. ამის მიუხედავად, 60-იანი წლების დასაწყისში ბლუზი მეინსტრიმი მაინც არ იყო. ეს ძალიან უკვირდა ბლუზით აღფრთოვანებულ ლონდონელ ოთხეულს, რომელიც ამერიკას 1964 წელს ესტუმრა. კიტ რიჩარდსის თქმით, ისინი ბლუზის პილიგრიმები იყვნენ. მართლაც - ბლუზის პოპულარობა როლინგ სტოუნზმა დააბრუნა. თავად ბენდის მუსიკა უფრო სხვანაირი იყო, უფრო მკვეთრი, მჭახე, გიჟური. ბარში რომ შედიოდნენ, როლინგ სტოუნზის წევრები ჯეკ დენიელსის ბოთლს პირდაპირ იყუდებდნენ. შავკანიანი ბლუზმენები კი ჭიქიდან სვამდნენ. ეს ხასიათობრივი სხვაობა განაპირობებდა მუსიკის განსხვავებულობასაც.


როლინგ სტოუნზმა თავის ერთ-ერთ კონცერტზე ამერიკელ მსმენელს, რომელსაც Howling Wolf უკვე მივიწყებული ჰყავდა, ბლუზმენი ხელახლა გაახსენა და შეაყვარა - მათ აუდიტორიაში მჯდარ ვულფს სცენაზე ასვლა და სიმღერის შესრულება თხოვეს (4:00).


60-იანი წლების მეორე ნახევარში როლინგ სტოუნსის მიმბაძველობით, ყველა ამერიკულმა ბენდმა ბლუზბენდი დაირქვა. ეს ბიჭები, რომლებიც ელექტროგიტარებზე უკრავდნენ, ნამდვილი ბლუზის მოყვარულებისათვის მიუღებლებიც კი იყვნენ. ისინი მხოლოდ აკუსტიკურ გიტარასა და ძველ, ავთენტური ბლუზს აღიარბდნენ. თუმცა ამ ხედვას მხოლოდ უმცირესობა თუ იზიარებდა - თეთრკანიანი ამერიკელების ახალი თოაბა "ელექტრობლუზის" ხელახლა აღმოჩენით იყო გართული. კიტ რიჩარდსის შეფასებითაც, ავთენტური ბლუზის მოყვარულები ჩამოფასებულ ოქროს ეძებდნენ. გიჟური, აჩქარებული ელექტრობლუზის აღმასვლას სულზე მოუსწრი BB King-მა. კინგს არ ადარდებდა მძიმე წარსული და მისისიპის დელტა. ის ახალი თაობის მუსიკას ქმნიდა.


ბიბი კინგის კონცერტები უკლებლივ ყველგან ანშლაგს იწვევდა.


თავად ბლუზის გარდაქმნის პარალელურად, ეს ჟანრი მუსიკის ახალ მიმდინარეობებსაც უდებდა საფუძველს, უპირველესყოვლისა - როკ-კულტურას. რობერტ ჯონსონისა და სკიპ ჯეიმსის 30 წლის წინ დაწერილ სიმღერებს ახლებურად, ანუ, როკის სტილში ასრულებდნენ. საბოლოოდ, ბლუზმა როკს მისცა დასაბამი, როკმა - ჰარდ როკს, ხოლო ჰარდ როკმა - მძიმე მეტალს. ამ დროისათვის ბლუზი უკვე აღარავის აინტერესებდა.


80-იანებში ბლუზი კვლავ აღსდგა მკვდრეთით. ამ გაცოცხლებას სათავეში სტივი რეი ვონი და რობერტ კრეი ედგნენ (Stevie Ray Vaughan, Robert Cray). გთავაზობთ ამ ორი შემსრულებლის ჩემს საყვარელ სიმღერებს:



90-იან წლებში უკვე 70 წლის ჯონ ლი ჰუკერმა ხელახლა დაიწყო შესრულება. ამავდროულად, ბლუზის გამოყენება პოპ-კულტურასა და მარკეტინგში დაიწყეს.


2012 წელს პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში ბლუზის საღამო გამართა. ერთ-ერთი შემსრულებელი, სახელად ბადი გაი, ამ საღამოს იხსენებს და ამბობს: "ჯერ კიდევ სიზმარი მგონია. ვერ ვიჯერებ, რომ მართლა მე ვმღეროდი ბლუზს თეთრ სახლში. პლანტაციებზე ბამბის მოსავლის აღებიდან თეთრ სახლში გიტარაზე ნოტების აღებამდე გრძელი გზაა გასავლელი." სწორედ ბადი გაიმ მიაწოდა პრეზიდენტ ობამას მიკროფონი რობერტ ჯონსონის სიმღერის , "Sweet Home Chicago"-ს შესასრულებლად. მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი კაცი აფროამერიკელების სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიგრაციის ჰიმნს მღეროდა. ბლუზმა მიზანი შეასრულა. ბლუზის სათქმელი გაიგონეს.


ბოლო 100 წლის განმავლობაში ბლუზმა რასობრივი, მუსიკალური და ეროვნული საზღვრები გადალახა. მისისიპის ეკონომიკა კი დიდწილად იმ ტურისტებს ეყრდნობა, რომლებიც შტატში ბლუზის ისტორიის გასაცნობად ჩადიან. საოცარია, რომ თანამედროვე სამხრეთი შავკანიანთა კულტურას მუზეუმებში ინახავს.


წყაროები:https://cincyblues.org/education/difference-between-blues-and-jazz/

https://www.youtube.com/watch?v=9hZMHLGMpzc&list=PL48MUrZ8tlHxH8VeHW37wXM9y0ywgPnIh&index=1

https://www.youtube.com/watch?v=3AoQqTYjFSA&list=PL48MUrZ8tlHxH8VeHW37wXM9y0ywgPnIh&index=2


ავტორი: ნინი სუბარი

41 views0 comments