ბილი ჰოლიდეი

Updated: Sep 4, 2021

ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ვსწავლობდი, როცა ჯაზი შემიყვარდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, ალბათ, გავიაზრე, რომ ჯაზმენები ვირტუოზები არიან. ეს ჟანრი მთლიანად ემოციაზეა დაფუძნებული. მისი სათავეები უკავშირდება აფრიკასა და მონობას, მაგრამ სამშობლო ნიუ-ორლეანია. ყველამ იცის, რომ ჯაზის მამა ლუი არმსტრონგია. მაგრამ ვინ არის ჯაზის დედა?


აი, მივედით სათაურამდე - ჩემთვის ჯაზის დედა ბილი ჰოლიდეია. ამ ქალის სახელი ბევრმა არ იცის, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი ირწმუნება, რომ ჯაზი უყვარს, მაგრამ ამ ქალის სახელი არასდროს სმენია. მე მინდა, რომ ეს შევცვალო, ამიტომაც გადავწყვიტე, დღეს ბილის ბიოგრაფია გაგაცნოთ.


ელეონორა ფოგანი (ბილის ნამდვილი სახელი) დაიბადა 1915 წლის 7 აპრილს, ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში (ზოგიერთი ამბობს, რომ მისი დაბადების ადგილი არის ბალტიმორი, მერილენდის შტატი, ხოლო მისი დაბადების სახელი - ელიონორა ჰარისი). ასეა თუ ისე, დანამდვილებით ვიცით, რომ ბილიმ ბავშვობა ბალტიმორში, მერილენდის შტატში გაატარა. დედამისი საიდი მხოლოდ 18 წლის იყო, როცა შვილი შეეძინა. მამამისი კი, კლარენს ჰოლიდეი, შემდგომში ცნობილი ჯაზმენი გახდა და უკრავდა ცნობილ პიანისტ ფლეტჩერ ჰენდერსონთან. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, კლარენსი ბილის ცხოვრებაში არ მონაწილეობდა. 1920 წელს ბილის დედა ცოლად გაჰყვა ფილ გოუს, მაგრამ ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე ბილი და საიდი კვლავ მარტო დარჩნენ გაჭირვების პირისპირ. ამის გამო დედა ხშირად ტოვებდა მას ნათესავებთან, რომლებიც სითბოთი არ გამოირჩეოდნენ. პატარა ბილიმ დაიწყო სკოლის გაცდენა. იმ დროს არსებობდა სპეციალური დაწესებულება დაუმორჩილებელი შავკანიანი გოგოებისთვის, სახელად “House of Good Shepherds”. ბილი იქ 1924 წლის იანვარში, 9 წლის ასაკში მოხვდა. იქ მასზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი განხორციელდა. დედამისმა ბილი იქიდან იმავე წლის აგვისტოში გამოიყვანა. მაგრამ დონალდ კლარკი, ბილის ბიოგრაფიის ავტორი (Billie Holiday: Wishing on the Moon), წერს, რომ ბილი დაწესებულებაში 1926 წელს დაბრუნდა, რადგან მასზე მამაკაცმა იძალადა. ბილიმ ბავშვობაშივე მიაგნო რთული ცხოვრების შემსუბუქების საშუალებას - მან სიმღერა დაიწყო. ხშირად მღეროდა ბესი სმიტისა და ლუი არმსტრონგის სიმღერებს. შემდეგ ის დედამისთან ერთად ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც თავის შესანახად სხეულით ვაჭრობა უწევდა.


ბილის მუსიკალური კარიერა 30-იან წლებში დაიწყო, როდესაც ის პირველად ავიდა სცენაზე და ცნობილი მსახიობის, ბილი დოვის საპატივცემულოდ ფსევდონიმი ‘ბილი’ აიღო.

დაახლოებით 18 წლის ასაკში, ჰარლემ ბარში გამოსვლისას, ის პროდიუსერ ჯონ ჰარმონმა შენიშნა. ჯონმა ბილი ჩაწერა. ბილიმ ბენი გუდმენთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის “Your Mother’s Son- In-Law” და 1934 წლის საუკეთესო ათეულში მოხვედრილი სიმღერა “Riffin’ the Scotch”.


1937 წელს ბილიმ გაიცნო საქსოფონისტი ლესტერ იანგი. მან ბილის მეტსახელად “Lady Day” შეარქვა. ამავე წელს ბილი შეუერთდა ბენდს, სახელად “Basie’s.”


Strange Fruit


ეს სიმღერა ბილიმ თავად ჩაწერა. ჰოლიდეიმ ის პირველად ნიუ-იორკის ცნობილ კაფე “Cafe Society-ში” შეასრულა. ეს სიმღერა შავკანიანების დისკრიმინაციას ეხება. დიდი ჩამწერი კომპანია “Columbia” არ იყო დაინტერესებული “Strange Fruit”-ით, ამდენად, ბილიმ პროტესტი გამოხატა და “Columbia”-ს მაგივრად, სიმღერა “Commodore”-ს მიჰყიდა. “Strange Fruit” ძალიან პოპულარული გახდა რადიოს საშუალებით.


1939 წელს “Strange Fruit”-ის შესრულების შემდეგ, ნარკოტიკების ფედერალურმა ბიურომ (რომელიც 1930 წლიდან 1968 წლამდე არსებობდა) ბილი გააფრთხილა, რომ ეს სიმღერა აღარასდროს შეესრულებინა. გაფრთხილების მიუხედავად, ბილიმ განაგრძნო მისი შესრულება. ნარკოტიკების ფედერალური ბიურო თვლიდა, რომ ბილი ამერიკას საფრთხე უქმნიდა. მართლაც, უნდა ითქვას, რომ ბილი ჰეროინზე იყო დამოკიდებული. ადრე ჰეროინს ტკივილგამაყუჩებლად იყენებდნენ და ცნობილია, ბილი მას ტკივილების შესამსუბუქებლად მოიხმარდა. ბილი ცხოვრების ბოლომდე ნარკოტიკების ფედერალური ბიუროს მთავარი მტერი იყო (ეს ორგანიზაცია რასისტული შეხედულებებითა და სისასტიკით გამოირჩეოდა).


ბილი ხშირად მღეროდა მოკლე სიყვარულზე. ეს სიმღერები მის რეალურ ცხოვრებას ასახავდა. ის 1941 წელს ცოლად გაჰყვა ჯეიმზ მონროს, თუმცა ეს ქორწინება დიდ ხანს არ გაგრძელებულა.


ბილი 1959 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. მისი ბოლო კონცერტი ნიუ-იორკში 1959 წლის 25 მაისს ჩატარდა. გამოსასალმებლად მის სახლთან სამი ათასი კაცი შეიკრება.


ჩემი თხოვნა იქნება, რომ მის მუსიკას მოუსმინოთ - ის ხომ ჯაზის დედა და საუკეთესო შემსრულებელია.


მომღერლის სრული ბიოგრაფია 1972 წელს გამოიცა. იგი დღემდე აგრძელებს თანამედროვე შემსრულებლებისა და საზოგადოების შთაგონებას. ჯაზის ისტორიაში მას გამორჩეული ადგილი უკავია.


სტატიის ავტორი: მარიამ თვალაძე


58 views0 comments